კარვები, აქციები და პრეზიდენტი... რას იზამს საქართველოში ევროკავშირის სპეცმისია?!
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე, რასაც კონსტიტუცია მოითხოვს, და არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით მან და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. მიუხედავად ამისა, "ქართულმა ოცნებამ" პირველი სხდომის ჩატარება 25 ნოემბერს მაინც გადაწყვიტა. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის - "ოცნება" პირველ სხდომაზე მარტო იქნება. გასული კვირის განმავლობაში ოპოზიცია და რიგითი მოქალაქეები აქციებზე არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მათ ახალი პარლამენტის შეკრების დღესაც მასობრივი აქცია დააანონსეს. ჩვენი გაზეთი სწორედ 25 ნოემბერს გამოდის, შესაბამისად, ამ დღეს პროცესების განვითარებას უკვე მომავალ ნომერში შევაფასებთ, ამჯერად კი არჩევნების შემდგომ დღემდე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად ვაფასებთ:
- მოდი, თავშივე გეტყვით, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბების არ მჯერა. შესაძლოა იყოს საეჭვო 3-4%, ანუ სათუოა გადალახა თუ არა რეალურად 50% "ქართულმა ოცნებამ", სხვა მხრივ, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი პარტია, მოგვწონს თუ არა, არის "ქართული ოცნება". ამ პარტიამ ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო თბილისის ვაკის რაიონში და ამან 38% შეადგინა. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. აშკარაა, რომ დარღვევების ის ფაქტებიც, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, გაყალბებას სულაც არ ასაბუთებს. ძირითადად, ლაპარაკია არა იმაზე, რომ არასწორად დაითვალა მანქანამ ხმები, არამედ იმაზე, რომ დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა. მიზეზი იმისა, თუ რატომაც გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" არაერთია, მაგრამ არამც და არამც ის, რომ მას საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა. არა, მმართველი პარტია დიდ ნაწილს არ მოსწონს, მაგრამ ხალხმა მისი ალტერნატივა ვერ დაინახა. ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ საშინლად იმუშავა, უფრო სწორად, არ იმუშავა... "ქართული ოცნება" იყო ერთადერთი პარტია, რომელიც ყველა სოფელში ჩავიდა. მათ მოიგონეს დელეგატების ინსტიტუტი და მასობრივად იმუშავეს ამომრჩეველზე. ოპოზიცია ასე არ მოქცეულა - გამოდიოდნენ ტელეეთერებში, მიტინგებზე და სულ ეს იყო, მეტი არაფერი. მათ ქვეყნის განვითარების არავითარი პოზიტიური, ალტერნატიული გზა ელექტორატისთვის არ შეუთავაზებიათ. მხოლოდ იმას ამბობდნენ, ევროპაში გვინდაო. თუ დააკვირდებით, "ქართული ოცნება" უკვე შემდგომ არჩევნებზე ზრუნავს, აცხადებს, ევროკავშირის წევრები 2030 წელს გავხდებითო და ამაში გულისხმობენ, რომ 2028 წლის არჩევნების მოგებასაც აპირებენ. როცა მეტოქეს აქვს ხანგრძლივ დროზე გათვლილი პოლიტიკა, მას ასევე ხანგრძლივი და მდგრადი ოპოზიციური მუხტი უნდა დაუპირისპირო, ეს კი ოპოზიციას არ გამოუვიდა. რას აკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია? დაიწყეს აქციები, გამოსვლები ქუჩაში, მაგრამ პროტესტის რესურსიც არ ჩანს. მკითხავთ, ალბათ, რატომ? - იმიტომ, რომ ძალიან ტლუდ და არასწორად იქცევიან.
30 წლის განმავლობაში კარვების გაშლის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს მოიგონეს. რასაც ვუყურებთ, ყველაფერი ძველი, დრომოჭმულია.
ჯერ რა არასწორად მოიქცნენ - როგორც უკვე ვთქვი, ვაკის რაიონში ყველაზე ნაკლები ხმა სახელისუფლებო პარტიამ მიიღო, ესენი კი ადგნენ და სწორედ ამ რაიონში გადაკეტეს გზა, ანუ იმ ხალხს შეუქმნეს პრობლემა, რომლის დიდი ნაწილიც ოპოზიციურად არის განწყობილი. ეს სწორად გათვლილი ნაბიჯია? მერე უკვირთ, რატომ არ გადის ხალხი ოპოზიციის აქციებზე. აბსოლუტურად, არასწორი პოლიტიკა აქვთ.
ბუნებრივია, ამგვარი პროტესტის ხელისუფლებასაც არ ეშინია. როცა თქვენი გაზეთი გამოვა, იმ დღეს დიდი აქციაა დაანონსებული, თუმცა 200 000 კაციც რომ გამოვიდეს, ხელისუფლება არ შეიცვლის პოზიციას. მას მხოლოდ ერთიანი, მასშტაბური დაუმორჩილებლობის აქციის შეეშინდება. თუ სტუდენტები გაიფიცებიან, 10% კი არა, სულ ცოტა, 90%, ამასთან, აუცილებლად უნდა წაჰყვეს პროფესურაც... მე ასეთი გაფიცვები მინახავს ისრაელში, საფრანგეთში, როდესაც ყველაფერი გაჩერებული იყო. ამისთვის კი საჭიროა თითოეულ დასაქმებულთან მისვლა, მათთან ლაპარაკი, მუშაობა.
მოკლედ, ვიდრე იუსტიციის სახლი არ გაიფიცება, არ გაიფიცება მეტრო და სხვა ტრანსპორტი, მანამდე ხელისუფლება რეალურ დათმობებზე არ წავა, ამ ყველაფერს კი დიდი შრომა და ორგანიზება სჭირდება. ისეთი ტიპის ბრძოლა კი, რასაც დღეს ოპოზიცია გვთავაზობს, თავიდანვე განწირულია.
ამას ხელისუფლება ხვდება. ოპოზიციამ პროტესტის აგორების ახლებური ტექნოლოგია უნდა მოიფიქროს.
- იმ ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, სამი თავშივე აცხადებდა, რომ არ შევიდოდა "არალეგიტიმურ პარლამენტში" და ჩახსნიდა სიებს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ გახარიას პარტიაში, ამბობენ, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ სიების ჩახსნასაც არ გეგმავენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ამან აშკარად დაძაბა ურთიერთობა ოპოზიციაში, აშკარად ჩანს უნდობლობა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა ერთმანეთი ნაკლებად გალანძღონ. როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?
- პრეზიდენტი მართალია, ამ კინკლაობითა და ურთიერთბრალდებებით ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევენ. ჩემი აზრით, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი მხოლოდ იმით არ წყდება, ვინ შევა პარლამენტში და ვინ უარს იტყვის. არსებობს კონსტიტუცია, საერთაშორისო საზოგადოება და ა.შ. მოდი, ვაღიაროთ, ევროპარლამენტშიც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩვენი არჩევნების შედეგებისადმი. მთავრობას ჰყავს თავისი მოკავშირეები უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით. გარდა ამისა, იმისთვის, რომ არალეგიტიმურად ჩაითვალოს არჩევნები, აუცილებელია არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომელთა ნაკლებობა აშკარაა.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ ვერ გაარკვია ევროპარლამენტმა, როდის და რისთვის გამოგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, არჩევნების შემდეგ ერთი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არაფერია შეთანხმებული. მე თუ მკითხვთ, მისია, სულ ცოტა, 15 დღის წინ უნდა გამოეგზავნათ.
ქვეყანაში პროტესტის მუხტიც არ ჩანს, ხომ ფაქტია, რომ ჩვენს გასაკეთებელს ევროპელები ვერ გააკეთებენ. ოპოზიციაში ახალი სახეებია საჭირო. ჯერჯერობით ამ სტუდენტურ მოძრაობაში არ ჩანან ისეთი ლიდერები, ვინც ჩვენი პოლიტიკის ახალ სახეებად იქცევიან. დიდი იმედი მქონდა, რომ ამ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსვლებისას გამოიკვეთებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. საჭიროა ძლიერი ცენტრისტული ოპოზიციის შექმნა. ამის პოტენციალი მამუკა ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს აქვთ, მაგრამ ყველა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
- 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას და შედეგების გაუქმებას მოითხოვს. პრეზიდენტის სარჩელის სადავო ნორმები ხმის მიცემის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის (ემიგრანტების შემთხვევაში) პრინციპების დარღვევას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე შესულია ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ პლენუმი პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელებს ერთად განიხილავს, რადგან "ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული", შინაარსობრივად ისინი "ერთმანეთს ემთხვევა" და "ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს". ვიდრე საკონსტიტუციო დავა არ დასრულდება, რამდენად კანონიერი იქნება 26 ოქტომბერს არჩეული მომავალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა და შესაბამისად, პარლამენტის უფლებამოსილების აღიარება?
- მე არა ვარ კონსტიტუციონალისტი, ამიტომ ამ საკითხზე სამართლებრივ ექსპერტიზას ვერ წარმოგიდგენთ, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვით. პროცესების პოლიტიკური და საკანონმდებლო ლოგიკიდან გამომდინარე, მე ხელისუფლების ადგილას აუცილებლად დაველოდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს - პარლამენტი იწყებს მუშაობას, რის მერეც საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ცესკოს ახალი არჩევნების ჩატარებას ავალებს. ხომ სრულიად აბსურდული ვითარება იქნება.
ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენამდე მოიწვიეს პარლამენტის სხდომა, ცინიკური აქტია, რადგან მთავრობა ამით პირდაპირ გვეუბნება, პარლამენტი იწყებს მუშაობას იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჯიბეში გვყავს და სწორედ იმ განაჩენს გამოიტანს, როგორიც ჩვენ გვინდაო.
მაგათ ადგილზე ფორმალურად მაინც ვიზრუნებდი საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯზე და დაველოდებოდი მის განაჩენს...ზოგადად,„ქვეყანაში მუდმივი რყევა, დაქსაქსულობა და სუპერპოლარიზაცია მაშინ, როდესაც ჩვენ გარშემო დიდი შტორმისთვის ემზადებიან, სახიფათოა და ამან შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს“
- ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, საკვანძო საკითხია, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, ან რა ჩაიწერება სანქციების დაწესებასა თუ უვიზო მიმოსვლის თაობაზე?
- მე არ ველი, რომ ეს რეზოლუცია ნათელს მოჰფენს საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობას. უახლოეს მომავალში პიროვნული სანქციები შეიძლება დაწესდეს, მაგრამ არა მასშტაბური. როგორც უკვე ვთქვი, სერიოზული სანქციების დაწესებას ან კიდევ უვიზო მიმოსვლის გაუქმებას კონსენსუსი სჭირდება, რაც ამ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნებში არ არსებობს. ყველაფერი გადაწყდება აშშ-ში ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპა მოიქცევა აშშ-ის გადაწყვეტილებების სინერგიულად. როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის რეაქცია და ურთიერთობა საქართველოსთან, ჯერ ჩემთვის ბოლომდე გარკვეული არ არის. დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი ადამიანია, თანაც მას ძალიან ბევრი საზრუნავი დახვდება - უკრაინა-რუსეთის ომი, ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ა.შ. ამიტომ არ მჯერა, რომ ამ მსოფლიო გამოწვევების გათვალისწინებით, ინაუგურაციის მეორე დღესვე საქართველოს თემით დაინტერესდეს. ალბათ, გაზაფხულზე გამოჩნდება კოლექტიური დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობის ძირითადი ტენდენციები. მანამდე ევროპაც ძალიან თავშეკავებულად იმოქმედებს. ერთ საკითხს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება -
"ქართულმა ოცნებამ" პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი არ დაპატიჟა, ჩემთვის კი გასაგებია რატომაც, დაასწრეს, რადგან ეშინოდათ, რომ არავინ მივიდოდა, მაგრამ, ამასთანავე, ეს აჩვენებს ხელისუფლების ძალიან აგდებულ დამოკიდებულებას ჩვენი პარტნიორებისადმი,
იმის დემონსტრაციას ცდილობენ, რომ მათი აზრი თითქოს არ აინტერესებთ, რაც, ბუნებრივია, დადებითად ნამდვილად არ აისახება ჩვენს ურთიერთობებზე.
- დასასრულ საერთაშორისო ამბებზეც უნდა გკითხოთ. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ რუსეთის სიღრმეშიც გაანადგუროს სამიზნეები, სულ უფრო გახშირდა ლაპარაკი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე, თავის მხრივ, სულ უფრო მძიმდება ვითარება ახლო აღმოსავლეთში...
- ჩემი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება იმდენად უკრაინის დასახმარებლად კი არ მიუღიათ, რამდენადაც ტრამპის საწინააღმდეგოდ. საგანგებოდ გაამძაფრეს ვითარება, რათა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას გაცილებით გაუჭირდეს ამ კონფლიქტის მოგვარება. ვითარება მართლაც ურთულესია.
ტრამპს უდიდესი მსოფლიო გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს უწევს მეორე ვადით პრეზიდენტობის დაწყება. ისრაელში ძალიან გაუხარდათ მისი არჩევა, რადგან ის ტრადიციულად ისრაელის სახელმწიფოს დიდი მხარდამჭერია. შესაბამისად, მათი მოლოდინი გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ტრამპი ძალიან არაპროგნოზირებადი პიროვნებაა, შესაბამისად, როდესაც ის ლაპარაკობს რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფ დასრულებაზე, კაცმა არ იცის, როგორ დასრულებას გულისხმობს. ერთი რამის თქმა შემიძლია - მომავალი წლის თებერვლიდან ვაშინგტონს რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა ექნება რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში, მაგრამ ზუსტად როგორი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ამაზე მომავალი წლის მარტის დასაწყისში დავილაპარაკოთ. დიდი იმედი მაქვს, მარტამდე მოსკოვი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს და მართლაც არ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი.