„ოპოზიცია თითქოს ერთიანია, მაგრამ ფარულად ყველა ცალ-ცალკე ცდილობს „ოცნებასთან“ გარიგებას“ - კვირის პალიტრა

„ოპოზიცია თითქოს ერთიანია, მაგრამ ფარულად ყველა ცალ-ცალკე ცდილობს „ოცნებასთან“ გარიგებას“

"ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კლიმატის შექმნაში ხელისუფლებაში მყოფმა გუნდმა დაკისრებული ფუნქცია კარგად შეასრულა, არჩევნების ჩათვლით", - ასე აფასებს უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე კი ისევ შალვა პაპუაშვილია. რაც შეეხება პრეზიდენტს, პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატურის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ის "ქართველი პატრიოტი" იქნება... ვინ შეიძლება იყოს ახალი პრეზიდენტი და როგორ განვი­თარდება მოვ­ლე­ნები ოპოზიციურ სპექტრში, ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

areshidze.jpg

- დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. ჩემი აზრით კი, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებამდე დიდი გზაა გასავლელი, უბრალოდ, ამ პოლიტიკური გუნდის ნაბიჯებმა­ აქტუალური გახადა ეს საკითხი. გაზაფ­ხულიდან სიტყვა "საქართველომ" განსაკუთრებული ჟღერადობა შეიძინა. უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხი მიჩქმალული იყო, დღეს საქართველოსთვის ბრძოლაა დაწყებული. ეს თემა მხოლოდ ხელისუფლებისთვის კი არა, ოპოზიციისთვისაც აქტუალურია. ვინ როგორ იბრძვის და რა შინაარსის ბრძოლას აწარმოებს, ეს უკვე მეორე საკითხია...

ზოგადად, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს - ამისთვის ორივე მხარეს კომპრომისზე წასვლა მოუწევს.

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ვისგან ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე - დასავლეთისგან თუ რუსეთისგან?

- ორივე მხრიდან. საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა მაინცდამაინც ტანკებით შემოვარდნას არ ნიშნავს. სუვერენიტეტის შეზღუდვა შესაძლებელია უხეში, სამხედრო ძალით, ასევე, იდეოლოგიით და ეკონომიკური ბერკეტებით.

გასაგებია, რომ რუსეთი აგრესიულ სამხედრო გზას მიმართავს.

- არც ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე ამბობს უარს.

- დიახ, მაგრამ ეკონომიკური ექსპანსიისთვის მძლავრი საშუალებები რომ არა აქვს, ამაზე აფხაზეთში არსებული ვითარებაც­ მეტყველებს. რუსეთი ადრე ყველაფერს ფულით ყიდულობდა, მაგრამ გაცემული თანხის დიდი ნაწილი მისივე ჯიბეში ილექებოდა და შედეგიც ყოველთვის შესაბამისი იყო. ახლა მიდგომები შეცვალა და აფხაზეთის პარლამენტს ისეთი კანონები მიაღებინა, რომლებიც დროში გათვლილი პროექტების რეალიზაციას უწყობს ხელს. მაგალითად, ასეთია საარბიტრაჟო სასამართლოების კანონი. აფხაზები მხოლოდ მას შემდეგ მიხვდნენ, რა შარშიც აღმოჩნდნენ, როდესაც სასამართლოში სარჩელების შეტანა დაიწყეს იმ რუსებმა, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გააძევეს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ხვალ ასეთ სარჩელებს სასამართლოში ის ქართველებიც შეიტანენ, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია­, სარჩელები შევა არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის სასამართლოში, მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება კი სავალდებულო გახდება აფხაზეთისთვის.

რაც შეეხება საქართ­ველოს, ყველა დაინტერესებული ძალის ცენტრი ცდილობს, საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს სამხედრო, ასევე ეკონომიკური და იდეოლოგიური ბერკეტი. უბრალოდ, იმის გამიჯვნა მინდა, ძირითადად, ვინ რომელ ბერკეტს ეყრდნობა, რუსეთისთვის მთავარია სამხედრო ბერკეტი, ჩინეთისთვის - ეკონომიკა, ჩვენი სამხრეთელი მეზობლებისთვის იდეოლოგია - პოლიტიკური ისლამი­, დასავლელი პარტნიორები კი პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ფინანსურ ბერკეტებს ერთდროულად იყენებენ. როდესაც სუვერენიტეტის შელახვაზე ვსაუბრობ, სწორედ ამას ვგულისხმობ. საქართველოს ამოცანა სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის მხოლოდ იდეოლოგიურ ნარატივზე უარი არ უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური განვითარების­ პერსპექტივის შექმნაც, რომ ფინანსური ბერკეტების­ გამოყენების შესაძლებლობა­ მოუსპო მტერსაც და პარტნიო­რსაც. მაგალითად, დასავლეთი (როგორც ამერიკა, ასევე საფრანგეთი და ბრიტანეთი) ცდილობს ცენტრალურ აზიაზე მაქსიმალურად გაზარდოს გავლენა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის კონტროლს. თუმცა რიგი აზიური ქვეყნები იმდენად დამოკიდებული არიან ჩინეთზე, რომ ამის გაკეთება ძალიან უჭირს როგორც დასავლეთს, ასევე რუსეთს... ჩვენ ყველა მიმართულება უნდა გავითვალისწინოთ, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური და იდეოლოგიური, ოღონდ ამ მიმართულებით ჭირვეული კაცის პოზიციიდან კი არ უნდა ვილაპარაკოთ, კონკრეტული კონტრნაბიჯები უნდა გადავდგათ.

- რჩება განცდა, რომ მმართველი გუნდის ეს ნაბიჯები ოკუპანტი რუსეთის მიმართ უფრო ლოიალურია, ვიდრე პარტნიორი დასავლეთის.

- მესმის, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი ნაბიჯი ქართველი საზოგადო­ების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, მაგრამ დიპლომატიური შედეგის მისაღწევად მოქნილობაა საჭირო. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ვაჭრობის სალდოს შენარჩუნება. გარდა ამისა, დღევანდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ არა გვაქვს უფლება, აგრესიული ვიყოთ რეგიონში, სადაც რუსეთის გავლენა უზარმაზარია.

- რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ?

- არა, არც დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა აღვადგინოთ და არც რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას არ უნდა შევეგუოთ. მოსკოვს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ უზარმაზარი პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნას. ბოლოს და ბოლოს, 2008 წლის ომში დამარცხებულმა საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რუსეთისკენ გარკვეული ნაბიჯები.

- როგორ ახსნით "ოცნების" სიხისტეს დასავლელ პარტნიორებთან? საერთოდ, როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვია პარლამენტის პირველ სხდომაზე?

- იცოდა, რომ არ მოვიდოდნენ და იმიტომ.

- დიპლომატიური კორპუსის ასეთ განწყობასაც ხომ აქვს წინა პირობა?

- რასაკვირველია, მე ყოველთვის ვამბობდი - ერთია კონკრეტული ნაბიჯის აუცილებლობა, მაგრამ მეორეა გადადგმის ფორმა. დიპლომატიურ თამაშს ცოდნა უნდა. "ქართული ოცნების" დასავლეთის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შინაარსი მართებული იყო, მაგრამ ფორმა - არასწორი და მიუღებელი.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ შეიძლება იყოს ის "ქართველი პატრიოტი", ვისაც "ოცნება" პრეზიდენტის პოსტზე შემოგვთავაზებს? შეიძლება ეს ბიძინა ივანიშვილი იყოს?

- ივანიშვილს არ უნდა სურდეს საჯარო პერსონად ყოფნა. მახსოვს, რამდენად არაკომფორტული იყო მისთვის პრემიერობა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გუნდის ლეგიტიმურობის განსამტკიცებლად ეს ნაბიჯი გადადგას.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია დაიჭირონ.

- არ შემიძლია ერთი საკითხი არ აღვნიშნო - არც მინდა დავიჯერო, რომ ნამდვილად მას ეკუთვნის ეს სიტყვები: "მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, როგორც ასეთი. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებაზე, რომლებზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს". ამის თქმა წარმოუდგენელია პრეზიდენტისგან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაზე. აშკარაა, რომ მას ქართულ პოლიტიკაში დარჩენა სურს. ამისთვის ოპოზიციას სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზა, ტექნიკური მთავრობის, ასევე კოალიციის შექმნა... მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიცია არ აჰყვა.

- როგორ გგონიათ, რატომ?

- ქართულ ოპოზიციას ახასიათებს თამაში. ეს ყოველთვის ასე იყო, თითქოს ერთიანი ძალით იბრძვიან საერთო მიზნისთვის, მაგრამ ფარულად ყველა ცალ-ცალკე ცდილობს მმართველ გუნდთან გარიგებას.

გახარიამ რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა, მან ერთხელ პირდაპირ დასვა კითხვა, რატომ არ ეკითხებით ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, წინასაარჩევნოდ ამდენი ფული სად იშოვაო?

- ვის გულისხმობთ?

- საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის.

- გვარამიასა და მელიას გულისხმობთ?

- დაკვირვებული თვალი ამას მარტივად მიხვდება.

- გახარიამ ისიც თქვა, რომ მანდატების ჩახსნისთვის ადეკვატური მომენტი მაშინ იქნება, როცა დასავლეთი იტყვის თავის პოზიციას, ახლა განცხადების დაწერა აზრსმოკლებულიაო. ამას სკანდალი მოჰყვა ოპოზიციურ ველზე.

- "კვირის პალიტრაში" მირიან მირიანაშვილის ინტერვიუ წავიკითხე და სწორად მენიშნა ერთი რამ, დასავლელი პოლიტიკოსები ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს უფრო ხშირად ახსენებენ,­ ვიდრე თავად ოპოზიციას. მესმის რაშიც არის საქმე,

ჩვენი ხელისუფლების შეცვლაზე ორიენტირებულმა დასავლურმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მიიღო არგუმენტები, რომ არჩევნები ნამდვილად მასშტაბურად გაყალბდა.

ოპოზიცია ხელისუფლებას 300 000-მდე ხმის გაყალბებას ედავება, მაგრამ ვერ ამტკიცებს. გაუთავებლად საუბრობენ ფარულობის დარღვევაზე, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ 300 000 ხმა ამ მეთოდით გაყალბდა. ამის გათვალისწინებით გახარიას პოზიცია ძალიანაც ლოგიკურად მეჩვენება.

- ოპოზიცია ელის, რომ ევროკავშირი­ ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს დაასანქცირებს.

- ევროკავშირი ელოდება, რას იზამს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. მე გამიჭირდება დაზუსტებით იმის თქმა, რას იზამს ტრამპი, როდესაც ოვალურ კაბინეტში შევა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - მხოლოდ საქართველოს საკითხი კი არა, რუსეთ-უკრაინის ომის და ზოგადად, მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომის დაწყება-არდაწყების საკითხიც მაშინ გადაწყდება, როდესაც ტრამპი შევა კაბინეტში.

ხათუნა ბახტურიძე