ექსპერტის სკანდალური განცხადება - რას ითხოვდნენ „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“ „ოცნებისაგან“ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ?! - კვირის პალიტრა

ექსპერტის სკანდალური განცხადება - რას ითხოვდნენ „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“ „ოცნებისაგან“ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ?!

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს საკითხზე ოვალურ კაბინეტში დაბრუნებული დონალდ ტრამპი, ითანამშრომლებს თუ არა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ოპოზიციასთან, როგორ ან როდის გადაწყდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაცია, რატომ არ შეცვალა ივანიშვილმა პრემიერი, როგორ გაგრძელდება პროცესები პირველი საპარლამენტო სხდომის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან­ მირიანაშვილი გვესაუბრა.

- "ქართული ოცნების" პოლიტი­კოსები,­ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან თუ კანონმდებლები, ბიძინა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტები არიან და ის მათ არასდროს არ ცვლის, თუ საფრთხეს არ ხედავს ქვეყანაში­ ან მის საზღვრებს გარედან. ჩანს, ივანიშვილი პრემიერებისგან ბოლო პერიოდში სიხისტეს ითხოვდა. ამ ნიშნით იყო შერჩეული კობახიძე და ისიც პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მისიას. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთთან ხისტი პოლიტიკა აღარ სჭირდება, კობახიძე უმალვე განიცდის ტრანსფორმაციას.

- რა შემთხვევაში შეცვლის დასავლეთის მიმართ ხისტ პოზიციას ივანიშვილი?

- იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი გაურიგდება. ასეთ ვითარებაში, თუ საჭირო გახდება, არა მარტო ხისტ რიტორიკას, პრემიერსაც შეცვლის და დანარჩენ მინისტრთა კაბინეტსაც ზედ მიაყოლებს.

- ახლა, როდესაც დასავლურ-ქართული ურთიერთობები ასეთი დაძაბულია, რაზე შეიძლება გარიგდეს ივანიშვილი დასავლეთთან?

- "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე.

- ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით, რომ ამ საკითხზე ივანიშვილი ოპოზიციასთან ცდილობდა გარიგებას და ოპოზიციონერ ლიდერებს პარლამენტში შემოსვლის სანაცვლოდ ხელისუფლებიდან კობახიძის ჩამოშორებას ჰპირდებოდა.

- როგორც გაირკვა, "ნაცმოძრაობა" და მისგან გამოყოფილი ფრაგმენტები პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ორ რამეს ითხოვდნენ.

მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას და ირაკლი კობახიძის პრემიერობის პოსტიდან წასვლას. ბიძინა ივანიშვილს იმედი არ ჰქონდა, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა დასავლეთისთვის საკმარისი იქნებოდა არჩევნების ლეგიტიმურობისთვის და ამიტომ არ წავიდა გარიგებაზე.

- გასაგებია, რომ "ნაციონალებისთვის" მნიშვნელოვანია სააკაშვილის გათავისუფლება, მაგრამ რატომ უნდა დაეყენებინა ეს საკითხი დღის წესრიგში ხაზარაძეს ან გახარიას?

- ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ და შესაბამისად, ხელისუფლებასთან ვაჭრობაც ინდივიდუალურია.

არავითარი გაერთიანებული­ ოპოზიცია არ არსებობს, ოპოზიცია ერთიანი­ არც არჩევნებამდე იყო და არც ახლა არის.

bokuchava-tina-6gfqmb-1732484168.jpeg

- თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, დასავლეთი რა არგუმენტით არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმურობას?

- პოლიტტექნოლოგიურ წრეებში საყოველთაოდ ცნობილია, რომ დასავლეთმა ჯერ კიდევ მარტში გადაწყვიტა, რომ საქართველოს არჩევნების ლეგიტიმაცია არ აღიაროს. ეს არის აშშ-ის ქოლგის ქვეშ მყოფი 40 სახელმწიფოს გადაწყვეტილება და თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ მოხდება, არ შეიცვლება.

დასავლეთში წინასწარ იცოდნენ არჩევნები­ რომ გაყალბდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ გაყალბებულ არჩევნებს ხალხის ერთი ნაწილი გააპროტესტებდა. ოპოზიციას 26 ოქტომბერსვე რომ მიელოცა ხელისუფლებისთვის გამარჯვება და უსიტყვოდ შესულიყო პარლამენტში, უკმაყოფილო ხალხის მცირე რეაქციაც კი საკმარისი იქნებოდა დასავლეთისთვის იმ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ახლა აქვს.

პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი ივანიშვილსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური პაექრობით არ გადაწყდება. ამას გადაწყვეტს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია.

- სწორედ ეს ხომ არ არის მიზეზი, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ამ ეტაპზე მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს.

- გახარიას პოზიცია კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის. მაშინ როდესაც "ნაციონალებისთვის" სააკაშვილია ხელისუფლებასთან ღია თუ ფარული კომუნიკაციის საგანი, ხაზარაძისთვის შეიძლება ეს ანაკლია იყო. არა ვარ დარწმუნებული ხაზარაძის პოზიციის შეუვალობაში - თუ მას ივანიშვილი შეუთვლის, რომ ანაკლიის პორტს მის განკარგულებაში მოაქცევს.

ბიძინა ივანიშვილის ნარატივებთან ყველაზე ახლოს გახარია დგას და შესაძლოა ყველაზე პირველი ის შევიდეს პარლამენტში.

თუმცა არა მგონია, ამას ივანიშვილისთვის მნიშვნელობა ჰქონდეს, თუ ის დარწმუნებული არ იქნება, რომ ამ ნაბიჯს დასავლეთის პოზიციის ცვლილება მოჰყვება.

ჩვენ მივადექით პოლიტიკურ ჩიხს, ე.ი. "ქათმისა და კვერცხის" დილემის წინაშე ვდგავართ - ოპოზიციის პარლამენტში­ შესვლა შეცვლის დასავ­ლეთის პოზიციას თუ დასავლეთის პოზიციის შეცვლა ჩამოაყალიბებს დღის წესრიგს. დასავლეთი რუსეთი ან რომელიმე ავტორიტარული სახელმწიფო არ არის, რომ ერთი ლიდერის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიხედვით შეცვალოს პოზიცია. გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვლება, თუ რაღაც სერიოზული არ მოხდება.

გრაფიკით განსაზღვრული იყო არა მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხის დაპაუზება, არამედ სადამსჯელო ღონისძიებებიც, რომელთა ნუსხა საკმაოდ ვრცელი იყო. თუმცა ტრამპის არჩევამ ეს ყველაფერი დააპაუზა.

ახლა მთელი დასავლური სამყარო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ამოქმედებას ელოდება. ობამას პრეზიდენტობის დროს პოსტსაბჭოთა­ სივრცეს უშიშროების საბჭოს მდივანი ჯეკ სალივანი კურირებდა. ახლა საინტერესოა, ახალ ადმინისტრაციაში ვის მიენდობა პოსტსაბჭოთა სივრცის, კავკასიისა და საქართველოს საკითხები. ჩემი აზრით, საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკვე მზად არის და მაგიდაზე დევს, უბრალოდ, რამდენიმე ვარიანტს შორის ერთია ასარჩევი. ეს ვარიანტები ანონიმური არ არის.

ყველამ იცის, რომ არის ორი ვერსია: ან ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა გაგრძელდება, რომლის მიხედვითაც, ჯერ რუსეთი უნდა მოარჯულონ და შემდეგ მის სატელიტებსა და გავლენის სფეროებს მიხედონ, ან ცალკეულ სუბიექტს ინდივიდუალური გრაფიკით მიუდგნენ. მეორე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, საქართველოს საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის საზავო პირობების კონტექსტში კი არა, დამოუკიდებლად განიხილება...

რაც შეეხება საქართველოს - ვფიქრობ, სავარაუდო ესკალაციის პირობებში საქართველოს რუსეთის საკითხიდან გამოაცალკევებენ და ჩვენს ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მუშაობა დაიწყება. თუმცა ისიც ვიცი, რომ დასავლეთი ქართულ ოპოზიციას პოლიტიკურ არგუმენტად არ განიხილავს. 2012 წლის შემდეგ 8 არჩევნები ჩატარდა და ოპოზიციას ყველა არჩევნებში ერთი და იგივე ქცევის წესი აქვს - გაჰყვირიან, გაყალბდაო, მაგრამ არასდროს არა აქვთ საფუძვლიანი არგუმენტები. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან არის გარიგებული.

- მაშინ რა ფორმით გამოხატავს დასავლეთი ხისტ პოზიციას ივანიშვილის მიმართ და ვის დაეყრდნობა "ოცნების" წინააღმდეგ?

- დასავლელ ლიდერებს სურთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად ბიძინა ივანიშვილის მართვის ბერკეტები შექმნან. მათ სურთ გავლენა იქონიონ რიგგარეშე არჩევნებზეც, რომელიც ახლა კი არა, მომავალში დასავლეთისთვის ოპტიმალურ მომენტში ჩატარდება. ეს ოპტიმალური მომენტი კი შეიქმნება ამერიკაში ხელისუფლების ტრანსფერის შემდეგ.

მე ვერ ვხედავ იმის სურვილს, რომ დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის სასარგებლოდ მოსთხოვოს ნაბიჯების გადადგმა. მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ გაახმოვანებინეს ტექნიკური პრემიერისა და ტექნიკური მთავრობის საკითხი. ძალიან მაინტერესებდა, რა იშიფრებოდა ამ პოლიტიკური აბრევიატურის უკან და ვინ იყო ამის ავტორი და გაირკვა, რომ საქართველოში ტექნიკური მთავრობის შექმნისა და მომავალში ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეის ავტორი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანი ყოფილა. ამიტომაც აღმოჩნდა ეს ინიციატივა სალომე ზურაბიშვილის "ქარტიაში". ჩანს, დასავლეთი მისთვის საჭირო მომენტში ტექნიკური პრემიერისა და ტექნიკური მთავრობის საკითხს დააყენებს. ვფიქრობ, დროის ლიმიტი სამი-ოთხი თვეა.

ხათუნა ბახტურიძე