წერილები ბრიუსელს, „ტექნიკური მისია“ და დიდი ეჭვიანობა გახარიაზე - კვირის პალიტრა

წერილები ბრიუსელს, „ტექნიკური მისია“ და დიდი ეჭვიანობა გახარიაზე

როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ,­ ან 25 ნოემბერია­ (ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღე), ან მომდევნო­ დღეები. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ განვითარე­ბული მოვლენები მშვიდობიანი იყო და ქვეყანა არ დაზარალებულა.

წინა დღეები საკმაოდ მშფოთვარე იყო. აქეთ აქციები ჭავჭავაძის გამზირზე,­ იქით ახალი ეჭვიანობა ოპოზიციაში, სულ იქით კი დასავლეთის რეაქცია, რომელმაც ოპოზიციას იმედი, გარკვეულწილად, გაუცრუა.

პარალელურად, ხელისუფლებისა და მათი მომხრეების მძაფრი რეაქცია მოჰყვა ოთხი ოპოზიციური პარტიის წერილს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი, სადაც ისინი ითხოვდნენ მკაცრ რეაქციას (პერსონალურ სანქციებს, მთავრობისთვის ტრანშების შეჩერებას, უფრო მკაფიოდ დაფიქსირებას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ამ მთავრობის ხელში შეჩერდა და ა.შ.). ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედია იმასაც აცხადებდა, რომ ოპოზიციონერები დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრისას ვიზა-ლიბერალიზა­ციის შეჩერებას­ ითხოვდნენ. მართალია თუ არა ეს? რა თქმა უნდა, ძნელია ვინმეს ხელი პირდაპირ დაადო, თუმცა ჩვენ გვახსოვს 2023 წლის მიწურულს ატეხილი სკანდალი­, როდესაც ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განა­ცხადეს, რომ მათი ზოგიერთი კოლეგა-ოპოზიციონერი ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. იმედია, მართლაც არავინ ითხოვს საქართველოსთვის უვიზო­ რეჟიმის შეჩერებას, რომელიც თაობების მონაპოვარია და არა ერთი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის. ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს შენთვის ამოსავალი წერტილი, პოლარიზაციის რომელ მხარესაც არ უნდა იდგე.

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, ამ მხრივ საინტერესო იყო რადიო "თავისუფ­ლების" ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის სტატია (შეგახსენებთ, რომ იოზვიაკი ერთ-ერთი ყველაზე გარკვეული ჟურნალისტია ევროკავშირის ქვედა თუ ზედა დინებებში). რამდენიმე ეპიზოდი იოზვიაკის სტატიიდან:

"ევროკავშირისთვის პრობლემის ნაწილი ის არის, რომ არ არსებობს რეალური უდავო მტკიცებულება, როდესაც საუბარია მასშტაბური თაღლითობის ბრალდებებზე. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ 54-პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა არჩევნებზე, მაგრამ ეს მთლად შეუსაბამოც არ არის. უფრო რეალისტური, ალბათ, იქნებოდა სადღაც 40-დან 50 პროცენტამდე მხარდაჭერა", - წერდა იოზვიაკი.

მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია და ამის მიზეზი იყო ტრამპის არჩევა ამერიკაში და ერთ-ერთი პრეზენტაცია. "იყო სხვა ნიშნებიც, რომ საკითხი უკანა­ პლანზე გადაწეულიყო... ევროპარლამენტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალ ხელმძღვანელს, კაია კალასს, სამსაათიანი გამოსვლისას საქართველო საერთოდ არ უხსენებია. ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ახალმა კომისარმა მარტა კოსმაც არ ახსენა საქართველო შესავალ სიტყვაში, მაგრამ ევროპარლამენტარის შეკითხვის შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი, რომელიც შეჩერებულია, შეიძლება განახლდეს, თუ მთავრ­ობა გააუქმებს საკამა­თო "უცხოელი აგენტების შესა­ხებ"­ კანონს და ანტილგბტ კანონს".

"საბოლოოდ, ევროკავშირს მ­ოუწევს ურთიე­რთობა "ქართული ოცნების" მთავრობასთან. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც მე ვესაუბრე, ნამდვილად არის განცდა, რომ ის ერთადერთი მოთამაშეა, ამიტომ ევროკავშირს დიდი არჩევანი არა აქვს" - აღნიშნავს იოზვიაკი.

იოზვიაკს "ქართული ოცნების" ლობი­სტობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. მის სტატიამდე არაერთხელ გვითქვამს, რომ ბოლო პერიოდში ევროპული ოფიცია­ლური სტრუქტურების განცხადებებში წინა პლანზე ისევ წამოვიდა ე.წ. აგენტებისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონები. თუ ხელისუფლება ამ კომპრომისზე წავიდა (ამის ნიშნები არ ჩანს, მაგრამ არაფერი გამოვრიცხოთ), არჩევნების თემა ბრიუსელისთვის მეხუთე და მეათე პლანზე გადაიწევს.­ მეორე მხრივ, ისინი კარგად დააკვირდებიან ოპოზიციის საპროტესტო აქციებს. მანამდე აქ ჩამოვა "ტექნიკური მისია", რომელიც, სავარაუდოდ, შეეცდება უფრო ღრმად ჩაიხედოს 26 ოქტომბრის პერიპეტიებში.

222-1732485061.jpg

ყველა ერთის წინააღმდეგ?!

"ნაცმოძრაობამ", "ახალმა" და "ლელომ" დაწერეს განცხადებები მანდატზე უარის თქმის შესახებ - სააკაშვილის პარტიამ და გვარამია-მელიას გაერთიანებამ ცესკოში განაცხადიც შეიტანეს სიების ჩახსნის თაობაზე. შესაძლოა ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ არ იცოდეს და ამიტომაც განვმარტავთ­, რას ნიშნავს სიების ჩახსნა.მაგალითად, "ნაცმოძრაობამ" პარლამენტში გაიყვანა 13 კაცი და 13-ივემ ოფიციალურად უარი თქვა მანდატზე. საქა­რთველოს კანონმდებლობით, ამოქმედდება ადგილმონაცვლეობის პრინციპი და წესით, დეპუტატობა ეკუთვნის სიის მე-14 ნომერს. ჰოდა, როდესაც სია ჩახსნილი იქნება, ამ მე-14 ნომერს არ წასძლევს სული და ვერ შევა პარლამენტში. ამ სიის ჩახსნას ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ - ერთი მხრივ, არის დემარშის აქტი და მეორე მხრივ, თანაგუნდელებს მაინცდამაინც არ ენდობი.

პირველ რიგში, ვიტყვით იმას, რომ მანდატებზე უარის თქმა და სიის ჩახსნა­ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც­ პარლამენტი ცნობს თავის უფლებამოსილებას (ამისთვის 76 დეპუტატია საჭირო, "ოცნებას" 89 ჰყავს). შესაბამისად, წინასწარ განცხადებების წერა უფრო პოლიტიკური­ აქტია. ანალოგიურად შეგიძლია ზეპირსიტყვიერად განაცხადო - იურიდიულად იგივე ძალა ექნება. გახარიამ არც ერთ საკითხზე განცხადება არ დაწერა და ამ პროცესს­ "რიტუალი" უწოდა, რის გამოც კოლეგების რისხვა დაიმსახურა. განსაკუთრებით "ნაცმოძრაობასა" და "ახალს" ეჭვი ეპარებათ, რომ გახარიას ცალი თვალი შესაძლოა პარლამენტზე უჭირავს. "ლელო" შედარებით ზომიერია - ხაზარაძემ პირდაპირი ეთერით მოუწოდა გახარიას, მოდი, შევხვდეთ და გავარკვიოთ, რას ვშვრებითო. გახარია იფიცება, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას, ოღონდ თავისი მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხს "ოცნებას" არ ჩაუგდებს ხელში და განცხადებას მაშინ დაწერს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. ამ ბუნდოვან პოზიციას შესაძლოა რამდენიმე ახსნა-ვერსია ჰქონდეს.

ჯერ ერთი, გახარიას არ სურს აიზილოს "ნაცმოძრაობასა" და "ახალში" (რომელსაც თავად "ახალ "ნაცმოძრაობას" უწოდებს); მეორეც, შესაძლოა არ არის დარწმუნებული, რომ კოლეგა-ოპოზიციონერები­ სიტყვას არ გადავლენ და პარლამენტში არ შევლენ. სხვა საკითხია, გამართლებულია თუ არა ბოიკოტი. წმინდა პოლიტიკურად, როდესაც რაღაცას ამტკიცებ და შემდეგ სიტყვას გადახვალ, იმიჯურად წააგებ; მესამე­ - არც ის გამორიცხოთ, რომ გახარიამ გადაწყვიტოს პარლამენტში შესვლა.

მნიშვნელოვანია ერთი რამ - მოქმედი კანონმდებლობით, თუ პარტია უარს იტყვის მანდატებზე, ის ვეღარ მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას. პარტია მხოლოდ ლიდერი და ტელესახეები არ არიან. ეს არის დიდი ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდება­ ოფისების ქირა, კომუნალურების გადასახადები, ბენზინი, ხელფასი და ა.შ. შესაბამისად, თუ შენ უკან ვინმე ოლიგარქი არ დგას, პარტია შეიძლება პარალიზებული აღმოჩნდეს - გაგექცევიან ბოლო შემორჩენილი აქტივისტებიც და დარჩები მარტო­. ეს კანონი "ოცნებამ" 2020 წლის ბოიკოტის შემდეგ მიიღო. შესაბამისად, შესაძლოა გახარია ამ ყველაფერს ანგარიშს უწევდეს. თუმცა საკითხავია, სხვა პარტიები როგორ მოიქცევიან.­ თუ გახარია პარლამენტში შევიდა, შესაძლოა ის მარტო არ იყოს.

მხოლოდ გახარიასთან არა აქვთ ოპოზიციონერებს "შიდა გაუგებრობები". არსებული ინფორმაციით, როდესაც მელია-გვარამიას ტანდემმა პარლამენტისკენ მსვლელობისას მედიისთვის მოულოდნელად მელიქიშვილი-ჭავჭავაძე-კეკელიძე-ვარაზისხევის კვანძი გადაკეტა, ეს არ იყო შეთანხმებული ხაზარაძესთან... ზოგადად, უახლესი ისტორია ადასტურებს, რომ გზების გადაკეტვას არანაირი პოლიტიკური ბენეფიტი არ მოაქვს მისი ორგანიზატორებისთვის, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა...

ვის "აპარებს" "ნაცმოძრაობა"?!

გასულ კვირას "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ასეთი რამ თქვა:

"გულწრფელები რომ ვიყოთ, სამწუ­ხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა და, ჩემი აზრით, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ერთგვარი­ დამაბრკოლებელია, ასევე, ღიად უნდა გითხრათ, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც. ისინი მეუბნებოდნენ, მაგალითად, "უკრაინაში რომ ჩავდიოდით, ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა - ეს იყო იუშენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას?"

უცნაურია, რომ, ბოკუჩავას განცხადებით, უცხოელებს ვერ გაურკვევიათ, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას და "არ იციან, ვის ესაუბრონ". რაც შეეხება "გამაერთიანებელ ლიდერს", ეს უკვე 90-იანი წლების სიმღერიდანაა. ან პრეზიდენტი რატომ გამორჩათ, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ სწორედ გამაერთიანებლის როლშია. შესა­ძლოა უშუალოდ "ნაცმოძრაობისთვის" არა (თუნდაც იმიტომ, რომ ზურაბიშვილმა ცოცხალი თავით არ შეიწყალა მიშა), მაგრამ დანარჩენი ოპოზიციისთვის მაინც. საინტერესოა, რატომ გააკეთა ეს უცნაური განცხადება ბოკუჩავამ? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ "ნაცმოძ­რა­ობას" სურს უკვე მერამდენედ, ვნებათაღელვის დროს სცენაზე მთავარ ფიგურად შემოიყვანოს სააკაშვილი, როგორც "გამა­ერთიანებელი" და ლიდერი, რომელსაც დასავლეთი დაელაპარაკება. თუ "ნაცმოძრაობას" სურს ოპოზიციური ერთობა საბოლოოდ დაშალოს, შეუძლია ბოლომდე "მიაწვეს" ამ თემას. დარწმუნებული ვარ,­ სააკაშვილის "გამაერთიანებლად" შემოყვანას ხაზარაძეც გაემიჯნება და ნიკა მელიაც (გვარამიასგან განსხვავებით). გახარიაზე უკვე აღარაფერს ვამბობთ...

გიორგი კვიტაშვილი