„ზღაპარია, რომ ტრამპი რუსეთს დაემუქრება და ომი ეგრევე დასრულდება“ - კვირის პალიტრა

„ზღაპარია, რომ ტრამპი რუსეთს დაემუქრება და ომი ეგრევე დასრულდება“

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა, კრემლმა უკრაინის ტერიტორიაზე ექსპერიმენტული რაკეტა გამოცადა, რომელიც, ფაქტობრივად, ბირთვული იარაღის გამოყენების ანონსია. შესაბამისად, უკვე ჩაითვალა, რომ ახალი იარაღის გამოცდა აჩვენებს რუსეთის სურვილს, გამოიყენოს კონფლიქტი ახალი ტექნოლოგიების ოპერატიული სისწრაფის დასადასტურებლად. ასეთი ტაქტიკა კი არა მხოლოდ უკრაინისთვის სიგნალია, არამედ დასავლეთისთვისაც, რომ რუსეთი სამხედრო ტექნოლოგიებს ავითარებს, მიუხედავად სანქციებისა. თუმცა, მეორე მხრივ, გაჩნდა მოსაზრებაც, რომ სამხედრო წარმატების დემონსტრირება მიზნად ისახავს შიდასაზოგადოებრივი მხარდაჭერის შენარჩუნებას. პუტინის მმართველობა ხომ დიდწილად სიძლიერის ნარატივს ემყარება და ახალი იარაღის გამოცდა ამის დამტკიცების ერთ-ერთი ფორმაა.

გარდა ამისა, რუსეთი შესაძლოა ცდილობს ექსპერიმენტული იარაღით სხვა ქვეყნების ყურადღება მიიპყროს, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ბაზრების, როგორც იარაღის ექსპორტიორმა. მიუხედავად ამ მრავალმხრივი მიზნებისა, საერთაშორისო ექსპერტთა წრეებში ამ იარაღის გამოცდის მთავარ მოტივად მაინც ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მიიჩნევა. საქმე ის არის, რომ გადაწყვეტილება, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ არის ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება და უკრაინის მხარდაჭერის ახალ ფაზას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ აშშ აღარ არის მხოლოდ უკრაინის თავდაცვითი ოპერაციების მხარდამჭერი. ნებართვა შეტევებზე მიუთითებს, რომ აშშ მზად არის. უკრაინამ თავდაცვითი ძალები უფრო აგრესიულად გამოიყენოს. ამიტომაც არსებობდა საფრთხე, რომ მოსკოვს ეს ნაბიჯი შესაძლოა აღექვა როგორც პირდაპირი ესკალაცია, რაც თქვა კიდეც პუტინმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის ამ ნაბიჯმა შეიძლება გააძლიეროს აშშ-ისა და ნატოს კავშირი უკრაინასთან, მაგრამ ასევე გაამწვავოს დაძაბულობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც ცდილობენ ნეიტრალურობის შენარჩუნებას. ბაიდენმა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ეს ნაბიჯი აუცილებელია,­ რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება". ამ დროს კი ტრამპის პოზიცია და სავარაუდო მიდგომები უკრაინის ომის მოგვარებაზე, რომელიც ორ თვეში თეთრ სახლში შევა, სრულიად განსხვავებულია მისი წინამორბედის პოზიციისგან. ისიც უნდა ითქვას, რომ ტრამპის განცხადებები უკრაინის ომის შესახებ ხშირად არათანამიმდევრულია, მაგრამ მისი საერთო პოზიცია მიანიშნებს მის განსხვავებულ მიდგომაზე. ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია კონცენტრირებული იქნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე, თუმცა ნაკლებად აქცენტირებული იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც უკვე მედია წერს, სავარაუდოდ, მისი მიდგომა იქნება შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს გარკვეულ დათმობებს მოსთხოვს. ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის აშშ-ის დიდი ფინანსური დახმარება. მისი პოლიტიკა შესაძლოა ნაკლებად­ იყოს ორიენტირებული დასავლეთის აქტიურ ჩართულობაზე და მეტად კონცენტრირებული უკრაინაზე, რათა თავად მიაღწიოს კომპრომისს. ასევე, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მას უკეთესი ურთიერთობა ექნება პუტინთან. ეს შესაძლოა მიანიშნებდეს დიპლომატიურ მცდელობებს, რაც ნაკლებადაა დამოკიდებული სამხედრო ზეწოლაზე. "უკრაინაში ომის შეწყვეტა შესაძლებელია 24 საათში, მაგრამ ეს მოითხოვს სწორ ლიდერობასა და მოლაპარაკების უნარს", - ნათქვამი აქვს ტრამპს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი რუსეთის ახალი იარაღის გამოყენებამ და უკრაინისთვის ნებართვის მიცემამ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებისთვის შესაძლოა გაამწვავოს სიტუაცია და გამოიწვიოს ახალი რეგიონული დაძაბულობა. მანამდეც კი, ვიდრე ტრამპი ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. ეს საკითხები­ მიანიშნებს, რამდენად რთული და დინამიკურია უკრაინის კონფლიქტი. დასავლეთის გადაწყვეტილებები, რუსეთის აგრესია და ტრამპის პოლიტიკის პოტენციური გავლენა განსაზღვრავს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის გეოპოლიტიკურ მომავალს. ასეთ ვითარებაში რა ბერკეტები რჩება ტრამპს ამ პირობის შესასრულებლად, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რა იქნება ტრამპსა და პუტინს შორის ვაჭრობის თემები და ამ ყველაფერს რა გავლენა ექნება საერთაშორისო დღის წესრიგზე, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, "ჯიპას" პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

- გასაგებია, პუტინმა ეს ახლა სწორედ იმის გამო გააკეთა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებას ახალი რეალობა დაახვე­დროს, მას ძალა აჩვენოს. საინტერესო სვლა იყო იმ მხრივაც, რომ აქამდე აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიცემას ერიდებოდა, რადგან­ იცოდნენ, რომ ეს მათი პასუხისმგებლობა­ იყო, ახლა კი არჩევნები ტრამპმა მოიგო,­ აღარ აქვთ ეს პასუხისმგებლობა.

ძალზე საინტერესოა ისიც, რომ ნებართვის­ გაცემის შემდეგ თავად ამერიკელებმა ჩათვალეს­, რომ შეიძლებოდა რუსეთს კიევისთვის დაერტყა და კიევში აშშ-ის საელჩო დაცალეს.­ როგორც ჩანს, გაცილებით მძიმე პასუხს ელოდებოდნენ რუსე­თისგან. ამ რაკეტის გასროლით გამოვლინდა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებამდე კიდევ აქვს სხვა, შუალედური საშუალებები, რომლებიც ჯერ არ გამოუყენებია და როგორც პუტინმა თქვა, მხოლოდ ახლა დატესტეს. ამ შუალედური საშუალების გამოყენება კი ნიშნავს, რომ ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევთ, შეუძლიათ ამით შეაშინონ ამერიკელები.

- საინტერესოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებაზე ტრამპს არაფერი უთქვამს. მასაც ხომ არ აწყობდა მსგავსი რამ,­ რადგან მერე რუსეთთან ვაჭრობისთვის გამოიყენოს?

- პრინციპში, ტრამპისთვის ეს სავაჭრო თემა იქნება. თუმცა ჩვენ ხომ არ ვიცით, რა აქვს ჩაფიქრებული?! ნათქვამი აქვს, რომ სწრაფად დაამთავრებს ომს და, თუკი ეს მართლაც უნდა, რუსეთთან დათმობებზე წასვლა მოუწევს. ზღაპარია, რომ ტრამპი რუსეთს დაემუქრება და ომი ეგრევე დასრულდება. თუ სურს გადაერთოს ჩინეთზე, მაშინ სწრაფად რომ დაამთავროს ომი, პუტინთან რაღაცის დათმობა მოუწევს.

- ამერიკის სიდიადის დაბრუნების იდეაში პუტინთან დათმობა როგორ ჯდება?

- ძალიან მარტივად, იტყვის, ეს ომი მე არ დამიწყიაო. შეიძლება ისიც კი თქვას, ეს ბაიდენს სჭირდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არ იქნებოდა და უკრაინა გადარჩებოდაო. სამწუხაროდ, ბაიდენის ხელში უკრაინამ დამატებითი ტერიტორიები დაკარგა, მე რა შუაში ვარო. ეს ერთი ვარიანტია, მეორე კი რუსეთთან კონფრონტაციაა, მაგრამ რამდენ ხანს გააგრძელებს კონფრონტაციას? მას ხომ არ უყვარს ფულის ხარჯვა, ბიზნესმენივით უყურებს ყველაფერს. ფაქტია, უკრაინა ამერიკული ფულით ახერხებს ომის გაგრძელებას, მაგრამ ტრამპსა და მის მომავალ ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნიათ, რომ ამერიკული ფული უკრაინაში არ უნდა მიდიოდეს. მათი წინასაარჩევნო ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ ის იყო, რომ უნდა მიხედონ რიგით საშუალო ამერიკელს, რომელსაც ახლა გაცილებით უჭირს, ვიდრე ოდესმე. ინფლაციამ ძალიან ბევრი ამერიკელის ჯიბეს დაარტყა, ჩვენზე კარგად კი ცხოვრობენ, მაგრამ ისე არა, როგორც თუნდაც 1990-იან წლებში. წინასაარჩევნოდ ტრამპის მთავარი­ თემა ისიც იყო, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გადავიდა ჩინეთში და ამან დაარტყა ამერიკელებს. ეს მაინცდამაინც ოპტიმისტურ სცენარებს არ მოასწავებს უკრაინისთვის. ის ამერიკის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. თუ ამერიკა უკრაინის საკითხს ჩაეხსნება, მას ევროპას გადააბარებს, ის კი ვერაფერს გააკეთებს, რაც შეეძლო, უკვე გააკეთა.

- თვითონ უკრაინის დათანხმება რაღაცის დათმობაზე რამდენად შესაძლებელია?

- ზელენსკი ახლა ყველაფერს იღონებს, რომ ტრამპმა, რომც მოინდომოს, უკრაინა არ მიატოვოს. ამიტომ გამოსავლის პოვნა რთული იქნება. ცხადია, ტრამპმა, სხვა თუ არაფერი­, ის მაინც უნდა გაითვალისწინოს, რომ ზელენსკის სახე შეუნარჩუნოს. თუ აპირებს უკრაინას დაეხმაროს ისე, რომ რუსეთი შეავიწროოს, მოუწევს ანგარიშის გაწევა იმისთვისაც, რომ რუსეთსაც შეუნარჩუნოს სახე. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, გაისად დაიწყება მოლაპარაკება. ყველაზე რეალისტური სცენარია, რომ უკრაინის დასავლეთი ნაწილი შევიდეს ევროკავშირში. რამდენად შეძლებს უკრაინა იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რაც დაკარგა, ძალიან რთული საკითხია.

- რუსეთმა უკრაინის იმ ტერიტორიის გარდა, რაც უკვე მიიერთა, დღეს დაკავებული აქვს სხვა ადგილებიც. ამას რაღაცის დათმობისთვის გამოიყენებს თუ ამის ტერიტორიების მისაკუთრებასაც შეეცდება?

- ვფიქრობ, მაგ ტერიტორიებზე მარტივად იტყვის უარს. მისთვის მთავარი წითელი ხაზი, რა თქმა უნდა, არის უკრაინა ნატოში. საჯილდაო ქვა სწორედ ეს იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, უკრაინის ნატოში გაწევრების შანსი თითქმის არ არსებობს, მიუხედავად ამხელა მხარდაჭერისა, ვიღაც მაინც აუცილებლად დაბლოკავს და ეს იქნება არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ გერმანიაც. ახლა ამას არავინ ამბობს, მაგრამ ასეთ საკითხებში გერმანია, როგორც წესი, ყოველთვის უკან იხევს. 2008 წელს, როდესაც ჩვენ და უკრაინას გაცილებით მყარი მდგომარეობა გვქონდა, გერმანიამ მაშინ დაიხია უკან და მით უმეტეს, ახლა რას იზამს?! რჩება მეორე თემა, რომ უკრაინას არ ჰქონდეს ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ეს იქნება რუსეთის მთავარი მოთხოვნა, ეს კი გაცილებით რთულია, რადგან უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივა ძალიან მცირეა, ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის გარეშე კი ნიშნავს, რომ ჯარი, ფაქტობრივად, არ ეყოლება. მეორე მხრივ, ამერიკა ამას დათმობს? მგონი, არა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვიდრე ტრამპი ოვალურ კაბინეტში შევა, ორი თვეა დარჩენილი და ამ პერიოდში ბრძოლის ველზე კიდევ რა მოხდება, არ ვიცით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, თუ მიაღწევს შედეგს უკრაინა "ატაკამსებით". ასევე მეორე საკითხია, რუსეთი დონბასში წინ რამდენით წაიწევს.

- ვაშინგტონი ჩინეთის გამოყენებას თუ შეეცდება რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც პეკინთან ურთიერთობის როგორღაც გაუმჯობესების სანაცვლოდ?

- ტრამპი იმდენად კონფრონტაციულია ჩინეთთან, არა მგონია, პეკინი დათანხმდეს, რომ პუტინზე ზეწოლა მოახდინოს. პეკინში კარგად ხვდებიან, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ჩინეთს მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილავს და ის, რომ ახლა ამერიკა რუსეთს აქტიურად ეომება უკრაინაში, იმითაც არის გამოწვეული, რომ ფიქრობენ, რუსეთი ჩინეთის მოკავშირეა და რუსეთის დასუსტებით ჩინეთიც დასუსტდება. ჩემი აზრით, ჩინეთი რუსეთზე ზეწოლას ახდენს, რომ მან არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ეს არის მაქსიმუმი, რასაც ჩინეთი გააკეთებს რუსეთის შესაჩერებლად. რუსეთსა და ჩინეთს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ. დარწმუნებული ვარ, ჩინეთი პუტინს შეიარაღებისთვის ნაწილებს აწვდის. ამას ვერც ვერავინ გააკონტროლებს და ვერც ვერავინ ვერაფერს ეტყვის ჩინეთს. ჩინეთს სანქციებს ვერავინ დაადებს, გამორიცხულია. მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა და მისთვის სანქციების დადება არავის აწყობს.

რუსა მაჩაიძე