პუტინმა საკონტინენტთაშორისო რაკეტის საბრძოლო გამოყენებით ომის ესკალაცია ბირთვულ ზღვრამდე აიყვანა...
2024 წლის 21 ნოემბრის დილა მსოფლიო ომების ისტორიაში შევა, რადგან პირველად იქნა გამოყენებული ჩვენს პლანეტაზე არსებული ყველაზე მრისხანე იარაღი - საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა...
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, მას შემდეგ, რაც უკრაინის მდინარე დნიპროზე მძლავრი სარაკეტო დარტყმა მიაყენეს, განაცხადა, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა ექსპერიმენტული საშუალო სიშორის რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „Орешник“-ი არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინებით და ეს იყო პასუხი უკრაინელებისთვის ამერიკული ბალისტიკური და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების გამო.
რას წარმოადგენს რაკეტა „Орешник“-ი ?!
„Орешник“-ის სახელით რუსეთის სარაკეტო შეიარაღებაში აქამდე არაფერი ფიქსირდებოდა და უფრო რეალურია, ეს სახელი სულაც სპონტანურად იქნა მოგონილი კრემლში, პუტინის სატელევიზიო გამოსვლის წინ, რადგან სინამდვილეში ლაპარაკია РС-26 "Рубеж"-ზე, რომლის შექმნა რუსეთმა 2006 წელს დაიწყო და თითქოს 2018 წელს შეაჩერა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სწორედ რუსული РС-26 "Рубеж"-ის უკრაინაზე გაშვების საფრთხეზე დასავლური და უკრაინული მასმედია დარტყმამდე ერთი დღით ადრე ალაპარაკდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ამ საიდუმლო ინფორმაციის პრესაში გაჟონვა სპეციალურად უზრუნველყვეს, ალბათ, კრემლის გასაფრთხილებლად, რომ ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრებმა "კაპუსტინ-იარის" პოლიგონზე აღმოაჩინეს ამ სარაკეტო სტარტისთვის წინასწარი მზადება. და რაც მთავარია, ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რაკეტით უკრაინულ ქალაქზე იერიშის მიტანამდე ნახევარი საათით ადრე მოსკოვმა თავად ჩააყენა ვაშინგტონი საქმის კურსში!
ეს სრულიად მოსალოდნელი გახლდათ, რადგან რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ის "ბირთვული საშიშროების შემცირების ეროვნულ ცენტრებს" შორის ათწლეულებია მოქმედებს მუდმივი კავშირი, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა ინფორმაცია იმის შესახებ, თუკი რომელიმე მხარე აპირებს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას.
ასეთი ორმხრივი კავშირის ტექნიკური საშუალება მას შემდეგ ამოქმედდა, როდესაც პირველი "ცივი ომის" დროს საბჭოთა და ამერიკულმა "სარაკეტო სტარტების ადრეული აღმოჩენისა და შეტყობინების სისტემებმა" რამდენჯერმე დაუშვეს სერიოზული შეცდომა - ამერიკულს გადამფრენი ფრინველების დიდი გუნდი საბჭოთა ბირთვულბომბებიან ბომბდამშენებად "მოეჩვენა", საბჭოთა კომპიუტერმა შეცდომის შედეგად განგაში ატეხა - სტარტაღებული ამერიკული საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები მოსკოვს 27 წუთის შემდეგ დაეცემიანო!
ამ, ორივე შემთხვევაში, სამხედროებმა როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, საბედნიეროდ, არ დაუჯერეს "ჭკუიდან გადასულ" კომპიუტერებს და არ გასცეს ბრძანება საპასუხო სარაკეტო სტარტებზე.
მას შემდეგ ამოქმედებული "ბირთვული საშიშროების შემცირების ეროვნული ცენტრები" წინასწარ აფრთხილებენ თეთრ სახლსაც და კრემლსაც, თუკი ბალისტიკური რაკეტების საცდელ გაშვებებს აპირებენ.
უკრაინულ დნიპროზე რუსული სარაკეტო დარტყმაც, სიმართლე რომ ითქვას, უფრო საცდელი გახლდათ და ამიტომაც მან მინიმალური დაზიანებები მიაყენა - ექსპერიმენტული РС-26 "Рубеж"-ის გამოცდა კამჩატკაზე მდებარე კურას სარაკეტო პოლიგონზეც ზუსტად ასე ხდება, როდესაც მიწაზე მხოლოდ ჰიპერბგერითი მასაგაბარიტული ქობინები ეცემა, რომლებიც არ ფეთქდება, მაგრამ უზარმაზარი კინეტიკური ენერგიის გამო მიწაზე დაცემისას დიდ კრატერებს ტოვებს.
ახლა რაც შეეხება თავად РС-26 "Рубеж"-ს - ის საკონტინეტთაშორისო თუ საშუალო სიშორის ბალისტიკურ რაკეტას. სწორედ ამ დეტალებშია, მთელი "მუღამი", მაგრამ ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ...
1987 წლის 8 დეკემბერს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტებმა რეიგანმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს "საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებას, რითაც მთელმა ევროპამ ამოისუნთქა, რადგან განადგურებული იქნებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებული და ერთმანეთს დამიზნებული ნატოსა და ვარშავის პაქტის არსენალში არსებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. სწორედ მაშინ პირობითად განისაზღვრა, რომ 500-დან 1 000 კმ-მდე მფრენი რაკეტები მიეკუთვნებინათ ნაკლები, ხოლო 1 000-დან 5 500 კმ-მდე მფრენები საშუალო სიშორის რაკეტების კლასებისთვის. შესაბამისად, ისინი, რომლებიც 5 500 კმ-ზე შორს მიფრინავდნენ, საკონტინენტთაშორისო რაკეტების კლასში გადადიოდნენ.
ასეთი კლასიფიკაციის შემდეგ, 1991 წლისთვის, აშშ-მა ევროპიდან გაიტანა და გაანადგურა სხვადასხვა ტიპის 846 სარაკეტო კომპლექსი, ხოლო საბჭოთა კავშირმა 1 846 სარაკეტო კომპლექსი (მათგან ნახევარი არ იდგა საბრძოლო მორიგეობაზე).
ორმხრივი შეთანხმების შედეგად, თუკი ლიკვიდირებული ამერიკული ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობას MGM-31ჩ Pერსჰინგ II-ები შეადგენდნენ, მოსკოვს, ძირითადად, РСД-10 „Пионер“-ების დაჭრამ მოუწია.
სწორედ ჩვენი თანამემამულე საბჭოთა კონსტრუქტორის ალექსანდრე ნადირაძის იმ "პიონერებისა", რომლებიც 150 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინით იყვნენ აღჭურვილი და 5 500 კმ მაქსიმალურ სიშორეზე მიფრინავდნენ, რითაც შიშის ზარს სცემდნენ მთელ ნატოს, რადგან აღმოსავლეთ გერმანიაში განთავსებული "პიონერების" მობილური სარაკეტო დანადგარებიდან გაშვებული ნადირაძის ბირთვულქობინიანი რაკეტები მთელ ევროპას თავისუფლად "ფარავდნენ". ნაკლები და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შემდეგ აღარც აშშ-ს და აღარც დაშლილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე-რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდათ უფლება შეექმნათ, გამოეცადათ და მით უმეტეს, შეიარაღებაში მიეღოთ 500-დან 5 500 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.
"საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებას წყალი 2007 წლიდან შეუდგა, როდესაც რუსეთმა აშშ-ს ბრალი დასდო მისი დარღვევის მცდელობაში, თუკი თეთრი სახლი ევროპაში ისეთ ანტისარაკეტო სისტემებს განათავსებდა, რომელთა უნივერსალური ვერტიკალური გასაშვები კონტეინერებიდან შესაძლებელი იყო როგორც "სტანდარდის" ტიპის ანტირაკეტების, ისე "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების სტარტი - 2 500 კმ-მდე მფრენი სახმელეთო ბაზირების "ტომაჰავკების" ფრთოსანი რაკეტების განთავსებას ევროპაში კი ეს ხელშეკრულება კრძალავდა.
თავის მხრივ, აშშ-მა არანაკლები პრეტენზია წაუყენა კრემლს - 2008-2011 წლებში რუსეთი ფარულად ცდიდა "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო დანადგარიდან ახალი ფრთოსანი რაკეტების გამოცდას, რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე დიდად აღემატებოდა 500 კმ-იან ზღვარს, რაც არღვევდა ნაკლები სიშორის რაკეტებზე აკრძალვას.
2019 წლის თებერვალში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, იმის გამო, რომ რუსეთის მხარე სისტემატურად არღვევს ამ ხელშეკრულებას და ფარულად აგრძელებს აკრძალული რაკეტების შექმნასა და გამოცდას, აშშ იწყებს "საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურასო, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა პრეზიდენტ პუტინის საპასუხო რეაქციაც, რუსეთიც შეაჩერებს ამ ხელშეკრულების შემდგომ შესრულებასო. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ხელფეხგახსნილი რუსეთიცა და აშშ-ც დაჩქარებული ტემპით ახორციელებენ 500-დან 5 500 კმ-მდე მფრენი ახალი სარაკეტო სისტემების გამოცდის პროგრამებს.
რაც შეეხება სწორედ РС-26 "Рубеж"-ს: მისი დაპროექტებისა და გამოცდის პირველი ეტაპი 2006-2018 წლებში მიმდინარეობდა და ამის შესახებ ამერიკულ მხარესაც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დიდ პროტესტს არ გამოხატავდა, რადგან ეს რუსული ბალისტიკური რაკეტა იქმნებოდა როგორც საკონტინენტთაშორისო, 6 ათას კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენის შესაძლებლობით, და შესაბამისად, არ ხვდებოდა "საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებით (რომელიც იმხანად ჯერ კიდევ მოქმედებდა) განსაზღვრულ აკრძალვებში.
არის ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი - საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, რომელიც გათვლილია 12-15 ათასი კმ მაქსიმალურ მანძილზე საფრენად, გაშვება 500-800 კმ-ში მდებარე მიზანზე ტექნიკურად ურთულესია, თუ შეუძლებელიც არა, რადგან მისი ფრენის მინიმალური მანძილი 5 ათასი კმ-ით მაინც არის შეზღუდული.
როგორ არღვევდა რუსეთი ფარულად "სარაკეტო ხელშეკრულებას"?!
21 ნოემბერს რუსეთმა ასტრახანის "კაპუსტინ-იარის" პოლიგონიდან უკრაინის დნიპრომდე РС-26 "Рубеж"-ი მხოლოდ 800 კმ მანძილზე გაუშვა, რაც მიუთითებს, რომ РС-26 "Рубеж"-ის დაპროექტება-გამოცდით რუსეთი უკვე 2006-2018 წლებში ფარულად არღვევდა ჯერ კიდევ მოქმედ "საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებას და ამერიკულ მხარეს ატყუებდა - 6 ათას კმ-ზე შორს მფრენი და შესაბამისად საკონტინენტთაშორისო რაკეტების კლასში მიკუთვნებული РС-26 "Рубеж"-ის საფარქვეშ ქმნიდა საშუალო სიშორის კლასის ბალისტიკურ რაკეტასაც, რომელსაც შეეძლებოდა ბევრად ახლო მანძილზეც, იმავე 800 კმ-შიც მიეტანა ბირთვული ქობინები.
ასე რომ, ექსპერიმენტული რუსული ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი РС-26 "Рубеж"-ი, რომელიც პუტინმა „Орешник“-ად გადანათლა, მიეკუთვნება როგორც საკონტინენტთაშორისო, ისე საშუალო სიშორის რაკეტების კლასს, რადგან შეუძლია ბირთვული და კონვენციური ქობინების გადატანა 800-დან 6 ათას კმ-ზე უფრო შორ მანძილზე, რაც არც არის გასაკვირი, რადგან მისი წინამორბედის, ალექსანდრე ნადირაძის "პიონერის" ფრენის მანძილის დიაპაზონი 600-დან 5 500 კმ-მდე გახლდათ (ეტყობა, ამიტომაც განისაზღვრა რეიგან-გორბაჩოვის 1988 წლის ხელშეკრულებაში სწორედ 5 500 კმ, როგორც საშუალო და საკონტინენტთაშორისო რაკეტების კლასებს შორის გამყოფი ზღვარი).
ისე კი, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 1985 წელს, ნადირაძემ გამოცადა "პიონერის" მესამე მოდიფიკაცია, რომელსაც 50 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინი 7 400 კმ მაქსიმალურ მანძილზე უნდა გადაეტანა - დიდი ალბათობით, დღევანდელი რუსული РС-26 "Рубеж"-ი სწორედ ალექსანდრე ნადირაძის იმდროინდელი "პიონერის" მესამე მოდიფიკაციის გაუმჯობესებული ვარიანტი შეიძლება იყოს.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინასთან ათასდღიან ომში აგრესორმა რუსეთმა უკვე გამოიყენა ბირთვული იარაღის გადამტანი ყველა საშუალება - საარტილერიო ჭურვები, ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, საფრონტო და სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები და ახლა უკვე საკონტინენტთაშორისო რაკეტაც კი, ოღონდ ჩვეულებრივი საბრძოლო მუხტებით.
დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი?!
რუსეთ-უკრაინის საშინელი ომის ესკალაციის შემდეგი ეტაპი რა იქნება? პუტინი ზემოხსენებულ ბირთვული იარაღის გადამტან საშუალებებში მართლაც ბირთვული მუხტების განთავსებას უბრძანებს?
P.S. უკრაინის სამხედრო დაზვერვა ოფიციალურად აცხადებს, რომ 21 ნოემბერს უკრაინულ დნიპროს რუსეთმა უახლესი სარაკეტო კომპლექსიდან "Кедр"-დან გაშვებული ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რომელზეც ექვსი არაბირთვული ქობინი იყო მოთავსებული და მიწაზე მათი დაცემის სიჩქარე 11-ჯერ აღემატებოდა ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარესო. უკრაინელი სამხედრო მზვერავების მტკიცებით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან უკრაინის დნიპრომდე ამ რაკეტის მიღწევას თითქოს 15 წუთი დასჭირდა, რაც დაუჯერებლად ბევრი ჩანს - ამ კლასის ბალისტიკურ რაკეტას და მით უმეტეს, მისი საბრძოლო ნაკვეთურიდან გამოტყორცნილ ქობინებს, რომლებიც ამასთანავე ატმოსფეროში ბგერის გავრცელებაზე 11-ჯერ სწრაფად მოძრაობენ, ამდენი დრო ნამდვილად არ დასჭირდებოდათ სულ 800 კმ მანძილის გადასალახავად.
უკრაინელი სამხედროებიც აცხადებენ, რომ ეს ახალი რუსული სარაკეტო კომპლექსიც მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტშია შექმნილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც არ უნდა ერქვას მას, "რუბეჟი", "ორეშნიკი" თუ "კედრი", წარმოადგენს ამავე ინსტიტუტში საბჭოთა პერიოდში ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი საშუალო სიშორის "პიონერისა" და საკონტინენტთაშორისო "ტოპოლის" შემდგომ მოდერნიზებულ მობილურ სარაკეტო კომპლექსს.