"ტრამპისთვის უკრაინაზე მეტად შესაძლოა საქართველო იყოს მნიშვნელოვანი" - პატარა ქვეყნის დიდი გეოპოლიტიკა
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო საკვანძო დაპირება, როგორც პირველი, ასევე მეორე ვადის დროს, მიგრაციის პრობლემის მოგვარება და ქვეყანაში უკანონოდ მყოფთა დეპორტაცია იყო. ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორ აპირებს ტრამპი "დიდ დეპორტაციას" ამერიკიდან, სადაც, სხვადასხვა მონაცემით, არალეგალურად დაახლოებით 11 მილიონი კაცი ცხოვრობს, თუმცა ფაქტია, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მასობრივი დეპორტაციის დაპირებით მოდის. არალეგალურად საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს აშშ-ში უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქეებიც აშშ-ში შესასვლელად მექსიკის საზღვარს კვეთენ და მათი რიცხვი დიდია. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი გიორგი კობერიძე გვესაუბრება.
- აშშ-ში ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიიდან დაძრული მიგრანტების ტალღა ძალიან გაიზარდა, განსაკუთრებით 2021 წლიდან. ამის შეზღუდვას ტრამპი ძალიან ბევრჯერ დაჰპირდა მოსახლეობას. ეს საკითხი კამალა ჰარისს ებარა და მისი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი სწორედაც ის იყო, რომ მან საემიგრაციო პოლიტიკა ეფექტურად ვერ მოაწესრიგა. უკონტროლო მიგრაცია ძალიან საშიში მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მიგრანტების სახელმწიფოა. უკონტროლო მიგრაციამ სახელმწიფოში, რომელშიც მხოლოდ ერთი მიმართულებით ხდება ადამიანების მასობრივად შედინება, შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების ძალიან მაღალი რისკები. როდესაც საზღვარს ვერ აკონტროლებ, ან არასათანადოდ აკონტროლებ, ეს სხვადასხვა ქვეყნიდან უზარმაზარი რაოდენობის მიგრანტებისთვის მოტივაციაა, რომ დაიძრან. ამას ისიც ემატება, რომ ეკონომიკურად გართულებულია ვითარება - შეიძლება ზოგიერთმა მიგრანტმა ქვეყანაში ჩაიტანოს დიდი უპირატესობა, ცოდნა, გამოცდილება და შრომა, მაგრამ ასეთთა რაოდენობა შედარებით ცოტაა. ისინი უფრო მეტად ლეგალურად ჩადიან, დანარჩენები კი არალეგალურად. ხშირად ამერიკულ ეკონომიკაში მათი წვლილი ისეთივე დიდი არ არის, როგორიც პროფესიონალმა მუშაკმა შეიძლება შეიტანოს. ამიტომაც არის, რომ ამერიკა ამას ერიდება. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ცენტრალური ამერიკის, აფრიკის, აზიის სახელმწიფოები, ახლო აღმოსავლეთი და ის ქვეყნები, რომლებიდანაც შტატებში უამრავი ხალხი შედის. საერთო ჯამში, ეს კარგად არც ამერიკის ეკონომიკაზე აისახება და უპირველესად უსაფრთხოებას დაარტყამს, უსაფრთხოება კი უპირველესია... ამერიკის დიდ ქალაქებში ძალიან გაძვირდა ცხოვრება. დიდი რაოდენობით ხალხის ჩასვლამ გამოიწვია ფასების ზრდა, ვინაიდან მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, ყოველივე ამან წარმოშვა უკმაყოფილოთა დიდი მასა... შეზღუდვა ყველას შეეხება. ვინც ლეგალურად ჩადის, პრობლემა არ იქნება, მაგრამ ვინც არალეგალურად ცდილობდა ჩასვლას, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.
- სამაგიეროდ, წასვლამდე ბაიდენმა მოხსნა მნიშვნელოვანი შეზღუდვა და უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოყენების უფლება მისცა. რატომ ახლა?
- ბაიდენმა დაინახა, რომ როდესაც უკრაინამ თუ დასავლეთმა რუსეთის დადგენილი ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ამაზე რუსეთს ხელშესახები რეაქცია არ ჰქონია. რუსეთი დასავლეთთან ომს იმუქრებოდა, რომ გამოიწვევდა უზარმაზარ ესკალაციას დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ, როგორც ჩანს, მუქარა მუქარად დარჩა, თვისებრივად არაფერი შეიცვალა და რუსული აგრესია ისევ უკრაინასთან ომში გაგრძელდა. აქედან გამომდინარე, ამერიკა დარწმუნდა, რომ რუსეთის მუქარაზე წამოგება, პირიქით, რუსებს უფრო აქეზებდა. ამიტომაც ახლა მივიღეთ დასავლეთის თავდაჯერებული ნაბიჯი, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში ეს იმიტომ მოხდა (შეზღუდვების მოხსნა), რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოდის და ბაიდენი მას ფაქტობრივ მოცემულობას დაახვედრებს - რომ სარაკეტო შეიარაღება, რომელიც უკვე აქვს, უკრაინამ უფრო თავისუფლად გამოიყენოს.
- მაინც რუსეთის რომელ ქალაქებსა და ობიექტებს მისწვდება ეს ბალისტიკური რაკეტები?
- ორი აზრი არაა, რომ დაარტყამენ რუსეთის იმ ლოჯისტიკურ ხაზებს, რომლებითაც რუსული არმია უნდა მომარაგდეს ზამთრის ოპერაციებისთვის. ეს არის ლოჯისტიკური ხაზები, სადაც შეიძლება თავი მოუყარო ცოცხალ ძალას, საკვებს, ნავთობს, ტექნიკის ნაწილს, რათა საჭიროებისამებრ ომში გადაისროლო. რაკეტები ამ ადგილებს მისწვდება და რუსეთი იძულებული გახდება, ეს ყველაფერი სიღრმეში გადაიტანოს, რაც მომარაგებას მეტად გაართულებს - როდესაც ცოცხალი ძალა და ტექნიკა ორჯერ შორს უნდა გაგზავნო, 3-4-ჯერ მეტი რესურსის დახარჯვა გიწევს. "სკალპები" და "სტორმ შედოუები" ძალზე ძვირფასი შეიარაღებაა, კარგად დამიზნებადი იარაღი, და მისი გამოყენება თვისებრივად უკრაინას დიდ უპირატესობას აძლევს, მაგრამ "ტაურუსი" (რომლებიც გერმანიას ჯერ არ გადაუცია) უფრო ბევრია და უკეთესი იქნებოდა, უკრაინას ჰქონოდა. გერმანიაში არჩევნების შემდეგ, თუკი შოლცს მერცის მთავრობა შეცვლის, შესაძლოა მერცმა უკრაინას გადასცეს "ტაურუსის" ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც უფრო ფართო მანძილზე მოქმედებენ და უფრო ეფექტური საშუალებაა.
- კრემლი ამტკიცებს, უკრაინისთვის ამ უფლების მიცემა რუსეთ-ნატოს დაპირისპირებას ნიშნავს, რასაც მოსკოვი სათანადო პასუხს გასცემსო.
- ამაზე რუსეთმა ამერიკას მხოლოდ და მხოლოდ იმით უპასუხა, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ დნიპროს ქარხნებს საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები (MRBM) ესროლა. ქარხნების გვირაბები იმ დროსაა აშენებული, როდესაც კეთდებოდა გათვლა ამერიკის მხრიდან ბირთვული დარტყმის გაძლებაზე. შესაბამისად, ვერავითარი ტოტალური ნგრევა ამ ბალისტიკურ დაბომბვას ვერ მოჰყვებოდა, როგორც პროპაგანდისტები ცდილობენ წარმოჩენას, ხოლო ის, რომ საკონტინენტთაშორისო ან საშუალო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია, ამაში ახალი არაფერია. მალე მესამე წელი იქნება, რაც რუსეთი უკრაინას ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობის მქონე ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერებით" ბომბავს და არც ფრთოსან რაკეტა "კალიბრებს" აკლებს. ამით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რაც აქამდე არ ხდებოდა, უბრალოდ, ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს, რითაც რუსეთი დაშინების ეფექტზე აგებს მოქმედებას. თუმცა არ გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან საბოტაჟებს - მილების აფეთქებას, საკომუნიკაციო ბოჭკოვანი კაბელების დაზიანებას, რასაც აკეთებს კიდეც, უბრალოდ, შეიძლება ეს ყველაფერი უფრო აქტიურად გააგრძელოს. როცა კორონა მძვინვარებდა, პუტინი სტუმრებს ოცმეტრიანი მაგიდის ბოლოში სვამდა, ვირუსი რომ არ გადასდებოდა. პუტინს ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ ის მკვლელია, მაგრამ არა თვითმკვლელი, მეეჭვება, ბირთვულ ომზე წავიდეს და თვითმკვლელობა ჩაიდინოს. თავდასხმით ომში ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება მართლაც მისი აღსასრული გახდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება არა მარტო სამყაროს დაემუქროს საფრთხე, არამედ პირველ რიგში - მას. პუტინი ჰარაკირის არ ჩაიტარებს. საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული გამოცდები რომ ჩაატაროს, არ გამოვრიცხავ. მოსალოდნელია, საჩვენებლად სადმე, ნოვაია ზემლიაზე, ბირთვული იარაღი ჩააგდოს და თქვას, აგერ, გამოვიყენეო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. პუტინის მუქარა-განცხადებები ადრეც, ომის პირველი კვირიდან გვინახავს, სხვა წითელი ხაზების გადაკვეთისას.
- როგორც იკვეთება, დასავლეთს აღარ აშინებს კრემლის მუქარა და წითელი ხაზები, ანუ კარგად ჰყავთ უკვე შესწავლილი პუტინი...
- პუტინს დაშინებაზე აქვს აგებული დასავლეთთან ურთიერთობა. დასავლეთი თუ შეშინდება, პუტინი უფრო მეტ გზას იპოვის დასაშინებლად. მაგრამ თუკი დასავლეთი გაიაზრებს კრემლის მასთან პოლიტიკური კომუნიკაციის აბსურდულობას, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება.
ეშინია თუ არა დასავლეთს პუტინის?!
დასავლეთი გარკვეულწილად შეეჩვია ამ დაშინებას და ახლა უფრო თავისუფლად მოქმედებს - რუსულ წითელ ხაზებსაც თავისუფლად კვეთს. რუსეთის მუქარა არ ასრულდა, მიუხედავად მრავალი წითელი ხაზის დადგენა-გადაკვეთისა. სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესში რუსული აგრესიის სამიზნე ისევ უკრაინის ქალაქები იქნება.
რუსეთის წითელი ხაზები ახლაც ისეთივე აბსურდული გამოდგა, როგორიც მაშინ იყო, როცა პუტინი ამბობდა, ყირიმს თუ დაბომბავთ, წითელი ხაზიაო, ყირიმის ხიდს თუ დაბომბავთ, წითელი ხაზიაო, უკრაინას შემტევ იარაღს თუ მიაწვდით, ფინეთი და შვედეთი ნატოში თუ შევაო და ა.შ., ყველა ეს წითელი ხაზი გადაიკვეთა. კრემლს ამ ყველაფერზე საპასუხოდ მხოლოდ მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების დაბომბვის გაგრძელება და ევროპაში საბოტაჟი შეუძლია და აკეთებს კიდეც ამას, მაგრამ რადგან ნებისმიერ აგრესორს ძალის ეშინია, წითელ ხაზებს სხვების დასაშინებლად იყენებს ხოლმე.
- როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისა და ასევე, საქართველოს მიმართ?
- ტრამპისთვის უკრაინა მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინაზე მეტად შესაძლოა საქართველო იყოს მნიშვნელოვანი.
უკრაინაში ახლა ომია, ის ტრამპისთვის შესაძლოა სხვა მხრივ იყოს პრიორიტეტული, ომის კონტექსტში, მაგრამ საქართველო უფრო ჩინეთ-ირან-რუსეთის კონტექსტში, იმიტომ, რომ საქართველო მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო დღის წესრიგში მოკლე ვადაშივე დადგება, ამერიკას ჯერ სხვა რაღაცები აქვს გასაკეთებელი, მათ შორის თუნდაც უკრაინასთან ომის გადაწყვეტა. ტრამპი აუცილებლად შეეცდება ამ კონფლიქტში საკუთარი თავის წარმოჩენას და თუ რაღაც არ გამოუვა, მისგან შეიძლება მოველოდოთ ორ რამეს: ამ საკითხიდან უკან დახევას, ან პირიქით, თავით გადაშვებას, ანუ უკრაინის მასობრივ შეიარაღებას. ტრამპის გარემოცვა აშშ-ის შიდა პოლიტიკაზეა ორიენტირებული, მაგრამ ის მდივნები და მრჩევლები, რომლებიც მან დანიშნა, საკმაოდ კრიტიკულები და აგრესიულები იქნებიან საგარეო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, მართლაც შესაძლებელია უკრაინის საკითხისგან სრულად მოწყვეტა, ან პირიქით, სრული მხარდაჭერა.
მოკლედ, ორი ვარიანტია: ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ან უკრაინას მეტად დაეხმარებიან, ან დახმარებას მინიმუმამდე შეამცირებენ, იმიტომ, რომ მათი ფოკუსი რაზე გასწორდება, ჯერ არ ვიცით. შესაძლოა გასწორდეს ირანზე, ჩინეთზე, სამხრეთ ამერიკაზე, რუსეთზე, ან სულაც, რაც ყველაზე სწორი იქნება, ყველაზე ერთად, ვინაიდან ეს ქვეყნები ერთი ღერძის - ჩინურ-რუსული ღერძის წარმომადგენლები არიან. თუ ეს ფოკუსი ამ მიმართულებაზე გასწორდა, ტრამპისთვის მთავარი ჩინურ-რუსული ღერძი იქნება.