სიგმადან ალფამდე - საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს
"სიგმა" ჩეხეთის კოხტა ქალაქ ოლომოუცის მთავარი კლუბის სახელია. სწორედ მის საშინაო არენა "ანდრუვზე" დამარცხდა საქართველოს ნაკრები და ყველაფრის "ალფადან", ანუ თავიდან დაწყება მოუწევს! დაწყებაც და, მეტ-ნაკლებად ახალი გუნდის აშენებაც. ვიცით, რომ მარტამდე ბევრი აღარაფერი დარჩა (სწორედ მარტის ბოლოს უწევს სანიოლის გუნდს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი-ოფის მატჩები), აღარც ამხანაგური მატჩები არსებობს, ახალი მოთამაშეებისა თუ ტაქტიკის მოსინჯვა რომ მოვასწროთ, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ჩვენი გუნდის მობერებულ მცველებს, ერთიანად ჩანაცვლება თუ არა, შემცვლელები ნამდვილად სჭირდებათ. ერთა ლიგის პლეი-ოფისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გადახალისებული დაცვის ხაზი გვჭირდება...
და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება თამაშის სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტი, მინიმუმ ერთი "გეგმაB", რომელიც, ვილი სანიოლმა ვერ და ვერ იპოვა. კარგად დაწყებული საქმე კი საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ სანამ უეფას ერთა ლიგის A ლიგაში დაწინაურებასა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის დამატებით შანსზე ვოცნებობდით, B ლიგაში დასარჩენადაც ბრძოლა გვიწევს. მომავალი წლის 20-23 მარტს ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და "კავკასიურ დერბიში" გაარკვევს, რომელი ნაკრები იმსახურებს ერთა ლიგის დივიზიონში თამაშს. ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ ოქტომბრის მატჩების მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა ვერც შემოდგომის ბოლო თვეში მოახერხა გამარჯვება და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე გაასწრო ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გასულ ალბანელებს. ბათუმურ თავსხმაში უკრაინის ნაკრებთან გაჭირვებით აღებული ქულა ერთადერთია, რასაც სანიოლის გუნდი ბოლო ოთხ მატჩში გამორჩა! ამის მიუხედავად, ბოლო ტურში ჩეხეთთან სტუმრად გამარჯვება პირველ ადგილს A დივიზიონის საგზურსა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის დამატებით შანსს გვაძლევდა, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, გამარჯვების შემთხვევაში იმავეს მიიღებდა ჩეხეთიც და... მიიღო კიდეც! მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოამთავრეს საქმე და როცა ჩვენ "გავიღვიძეთ", აღარც დრო გვეყო და არც რესურსი.
ბათუმიდან ბრნომდე ჩვენს ნაკრებთან ერთად ჩარტერული ავიარეისით ვიმგზავრეთ. წლებია, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და სფფ თანამშრომლობენ და რამდენიმე სპორტის კორესპონდენტი ჩეხეთი-საქართველოს მატჩზეც ამ თანამშრომლობის წყალობით გავემგზავრეთ (აღსანიშნავია, რომ სსჟა-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - უახლოეს წლებში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას უხელმძღვანელებს გიგა გვენცაძე, რომელსაც წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ! განსაკუთრებული მადლობა გიგას წინამორბედს, მიხეილ აბაიშვილს, რომლის პრეზიდენტობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა). თუმცა დავუბრუნდეთ ბრნოს. უფრო სწორად, ჩეხეთი-საქართველოს მატჩის მასპინძელ ქალაქ ოლომოუცს, რომელიც სიდიდით ჩეხეთის მეხუთე-მეექვსე ქალაქია, არის სატრანსპორტო კვანძი და ხელოსნობის ძველი ცენტრი, ამჟამად კი მნიშვნელოვანი სამრეწველო ქალაქი. ოლომოუცი ჩეხეთის ქალაქი-ნაკრძალია. ასევე, ცნობილია უნივერსიტეტითაც. ჩრდილოეთ მორავიის მხარის ეს ქალაქი ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია და ამაში თვითონ დავრწმუნდი - დღისითაც კი ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იყო (საშუალოდ 1-3 გრადუსი), მატჩის დღის პირველ ნახევარში კი ამას ხანმოკლე წვიმა და ქარიც დაერთო, თუმცა მთლიანობაში პოზნანისა თუ ბათუმის მატჩებისგან განსხვავებით, ამინდს თუ მინდვრის საფარს ამჯერად ვერაფერს დავაბრალებთ!
წერილის შესავალშიც დავწერე, რომ ჩეხეთი-საქართველოს შეხვედრას ადგილობრივი "სიგმას" სტადიონმა "ანდრუვმა" უმასპინძლა. 1940 წელს გახსნილ ამ კოხტა არენას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ამჟამად 12 500 მაყურებელს იტევს. "ანდრუვ სტადიონი" ორიგინალური კონსტრუქციით გამოირჩევა - ჩრდილოეთი ტრიბუნა ყველაზე მაღალია და ერთი შეხედვით, ლამის 90-გრადუსიანი დახრილობა აქვს, მის საპირისპირო სამხრეთ ტრიბუნაზე კი, 2500 "ჩვეულებრივი" სკამის გარდა, განთავსებულია 460 ადგილი VIP-პერსონებისთვის და 30 კომფორტული აპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სამხრეთ ტრიბუნაზე მყოფი ფანები აქტიურობდნენ ყველაზე მეტად - გაშალეს უზარმაზარი ბანერი და მთელი მატჩის განმავლობაში გაუჩერებლად ამხნევებდნენ საკუთარ ნაკრებს. ისევე, როგორც ქართველი გულშემატკივრები! თეთრ-წითელ ფერებში გამოწყობილმა ქომაგებმა მთლიანად შეავსეს აღმოსავლეთ ტრიბუნის ერთი სექტორი (დანარჩენი ქართველები სხვადასხვა ადგილას იყვნენ განაწილებული) და პირველიდან ბოლო წუთამდე დაუღალავად ქომაგობდნენ ჩვენს ნაკრებს. სამწუხაროდ, ტრიბუნებზე მოხვედრა ვერ შეძლო კიდევ რამდენიმე ასეულმა ბილეთიანმა ქართველმა - მათი ბილეთები ჩეხების ტრიბუნაზე დასხდომის უფლებას იძლეოდა, ადგილობრივმა წესრიგის დამცველებმა კი მიიჩნიეს, რომ შესაძლოა ამ ფაქტს კონფლიქტის პროვოცირება გამოეწვია და... ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე არ შეუშვეს.
გამარჯვების გარდა, საქართველოს ნაკრებს სხვა არც ერთი შედეგი არ აძლევდა ხელს და ცხადია, ჩეხეთში მხოლოდ მოსაგებად ჩავედით, ოღონდ სურვილი, საჭიროება და ოპტიმიზმი ერთია, რეალობა - მეორე! რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა (ოლომოუცშიც, სოციალურ ქსელშიც და სხვ.) ქართველი გულშემატკივრის ზედმეტი თავდაჯერებულობა იყო: ათიდან რვა ირწმუნებოდა, აუცილებლად მოვიგებთო. კი ბატონო, თბილისში 4:1 გავიმარჯვეთ, დიახ, მასპინძლებმა "ავდრუვზეც" მოისაკლისეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება ჰაშეკის გუნდსა და ჩვენს ნაკრებს შორის: ჩეხებს უმტკივნეულოდ შეუძლიათ არათუ კონკრეტული ფეხბურთელ(ებ)ის, მთელი გუნდის ჩანაცვლება, ჩვენთან კი... ერთი მოთამაშის გამოკლებაც კი მთელი გეგმის არევას იწვევს... გეგმის, რომლის ალტერნატივაც, სამწუხაროდ, არა გვაქვს. დიდ არჩევანზე აღარ ვიოცნებებ, მაგრამ თუნდაც ერთი "გეგმა B" (სხვა თუ არაფერი - B ლიგის ხათრით მაინც), რომელიც ვილი სანიოლმა ვერა და ვერ იპოვა.
საქართველოს ნაკრების ფრანგ მწვრთნელზე დაწერას წერილის ბოლოს ვაპირებდი, მაგრამ რადგან ვახსენე, ბარემ აქვე იყოს: ვილი პრინციპული კაცია და შეცდომას მაშინვე არ აღიარებს, კრიტიკულ კითხვებსაც უმეტესწილად ირონიული ჩაღიმებით პასუხობს ხოლმე, თუმცა... მომდევნო მატჩ(ებ)ში თითქმის ყოველთვის ცდილობს შეცდომების გამოსწორებას. კრიტიკის პარალელურად, ისიც ბევრჯერ გვითქვამს, რომ სანიოლის მადლობელი ვართ - ნაკრების ერთ მუშტად შეკვრისთვის, გუნდში ახალი მოთამაშეების ინტეგრირებისთვის, ევროპის ჩემპიონატის საგზურისა და იქ ნაჩვენები თამაშისთვის, მაგრამ... ოქტომბერ-ნოემბრის მატჩების შემდეგ ნაკრების თავკაცისგან რამდენჯერმე მოვისმინეთ, რომ "ტაქტიკა არასწორი არ ყოფილა, ფეხბურთელებს დააკლდათ აგრესია, დავალება ვერ შეასრულეს" და სხვ.
ვილი სანიოლი ჯერ ვერ არის იმ დონის მწვრთნელი, როგორიც ფეხბურთელი იყო. თუმცა დიდ გუნდებში ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უამრავ ფეხბურთელთან თუ მწვრთნელთან ჰქონია ურთიერთობა და კარგად უნდა იცოდეს, რომ სხვებისკენ ხელის გაშვერას კარგი არასდროს არაფერი მოუტანია. ვიმეორებ, ფრანგმა მწვრთნელმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა საქართველოს ნაკრებში. ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი გუნდის ერთიანობაა!
მათთვის, ვინც ჩეხეთში აუცილებელ მოგებას ითხოვდა, მარტივ მაგალითს მოვიყვან: უმაღლესი ლიგის გარდა, ჩეხეთში ოთხი დივიზიონია, ამას დამატებული 14 რეგიონული ლიგა, ჯამში, სხვადასხვა ასაკის 350 ათასზე მეტი ფეხბურთელით. ჩეხური კლუბები თითქმის ყოველ წელს თამაშობენ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე, ლეგიონერების გამოკლების შემთხვევაში კი ნაკრების მწვრთნელს მათი ჩანაცვლება უმტკივნეულოდ შეუძლია ადგილობრივი კლუბების მოთამაშეებით. და სად ვართ ჩვენ? ქართული კლუბებისა თუ ფეხბურთელების რაოდენობაზე აღარაფერს ვიტყვი, დიდი არჩევანი არც ლეგიონერებს შორის გვაქვს და ძირითადი ბირთვის თუნდაც ერთი მოთამაშის გამოკლებაც სერიოზულ პრობლემას გვიქმნის. დიახ, სანიოლის გუნდს აქვს სახეც და ტაქტიკაც, რომელმაც ერთხანს იმუშავა (და მთავარი პრობლემაც ეს არის - უკვე ყველამ წინასწარ იცის, როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები), მაგრამ მთლიანობაში "ჯვაროსნების" თამაშზე მთავარ გავლენას მაინც ინდივიდუალური მოთამაშეები ახდენენ და თუ რომელიმეს ან არც ერთს არ მისდის თამაში, შეტევას ვეღარ ვახერხებთ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ყველამ ნახეთ და დეტალურ განხილვას აღარ დავიწყებ. თამაშის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ მთავარი იყო, სწრაფი გოლი არ გაგვეშვა. რადგან მასპინძლებსაც მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს, აუცილებლად შემოგვიტევდნენ და... ჩვენი შანსიც სწრაფი კონტრშეტევები უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, გოლი უკვე მესამე წუთზე გავუშვით, შოკთან ერთად, გათანაბრების დამატებითი ვალდებულებაც მივიღეთ და ამასობაში, მეორე ბურთიც გაგვიტანეს.
წლებია, პირველი გოლის გაშვების შემდეგ საქართველოს ნაკრები თამაშის შემობრუნებას ვეღარ ახერხებს. ერთი ბურთის გატანა პირველივე ტაიმში რომ მოგვეხერხებინა (კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა), იქნებ "ანდრუვიდან" ფრე მაინც წამოგვეღო (რომელიც სატურნირო თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლიდა), მე-60 წუთზე მიქაუტაძემ გაიტანა კიდეც, მაგრამ ერთ წუთში სანიოლმა ორმაგი ცვლილება გააკეთა (გველესიანი პირველივე ნახევარში შეცვალა) და მოედნიდან ერთად გაიყვანა ორივე ფეხბურთელი, რომლებსაც თავდამსხმელებამდე ბურთის მიტანა შეეძლოთ - ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი!
მოკლე რეზიუმე კი ასეთია: მასპინძლები, რომელთა შორისაც ერთი ვარსკვლავიც არ ყოფილა, ჩვენზე სწრაფებიც იყვნენ და ჩვენზე მეტსაც მოძრაობდნენ. თანამედროვე ფეხბურთი სხვა კი არაფერია?! ამას ჩვენი დაცვისა და მეკარის შეცდომებიც დაერთო და დამსახურებულად წავაგეთ...
მწვრთნელისგან განსხვავებით, ბიჭებთან სასაყვედურო ბევრი არაფერი გვაქვს - თავი არ დაუზოგავთ, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა, როცა ერთი ფეხბურთელი ან ტაქტიკური ჩანაფიქრი ვერ ამართლებს, მწვრთნელს ორივეს შეცვლა უნდა შეეძლოს, სანიოლს კი არც ფეხბურთელების არჩევანი აქვს და ვერც ტაქტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა... "სიგმადან" კარგი ვერაფერი წამოვიღეთ, მაგრამ წინ ერთა ლიგის პლეი-ოფი და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპია. საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი "ალფადან", ანუ თავიდან უნდა დაიწყოს.
უფრო მეტს ჩეხურ შთაბეჭდილებებზე და სომხეთის ნაკრებთან მომავალ შეხვედრაზე მომდევნო წერილში დავწერ.
(ოლომოუცი-თბილისი)