აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს - მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან, უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან კი პოლიციაა განლაგებული
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დგანან, პარლამენტის სხვა შესასვლელები კი მომიტინგეებისგან თავისუფალია. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან მხოლოდ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული.
პარლამენტის შესასვლელების გარდა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ს სპეც ტექნიკაც არის მობილიზებული.
ინფორმაციისთვის, დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ მათი მიზანი, უმრავლესობის წევრებისთვის დისკომფორტის შექმნაა.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე წუხელ კარვებიც გაშალეს.
IPN