რა ხდება ამ დროისთვის პარლამენტთან?! - აქცია და პოლიციის კორდონი
საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ.
მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული.
ასევე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან, რკინის ჯებირიცაა აღმართული, რის გამოც არ ჩანს პარლამენტის ეზო.
თავის მხრივ, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
ინფორმაციისთვის, დღეს 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება. ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, რის საპროტესტოდაც საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.
"ინტერპრესნიუსი"