ტრამპის სტრატეგია და უკრაინის ფრონტი - შეძლებს თუ არა "დიდი დონალდი" ომის შეჩერებას?! - კვირის პალიტრა

ტრამპის სტრატეგია და უკრაინის ფრონტი - შეძლებს თუ არა "დიდი დონალდი" ომის შეჩერებას?!

„პრეზიდენტის პოსტზე „კოჭლი იხვის“ - ჯო ბაიდენის უკრაინის დასახმარებლად უკანასკნელ გაბრძოლებას, რაც კიევისთვის რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად ამერიკული იარაღის გამოყენების უფლების მიცემაში გამოიხატა, ომის მსვლელობის შეცვლა არ შეუძლია.

უკრაინა უკან იხევს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებით კი სიტუაცია უფრო უარესდება. დღის წესრიგში დგება სამშვიდობო მოლაპარაკების გარდაუვალობა.

და თუ მოლაპარაკება დაიწყება, მთავარი საკითხი იქნება ის, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს კიევს ევროპა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომ რუსეთმა აგრესია არ გაიმეოროს“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The new York Times) გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სათაურით: „დონალდ ტრამპი უკრაინას სამხედრო მოქმედებების შეჩერებას ჰპირდება, კიევს მანევრებისათვის დიდი არჩევანი არ აქვს“ (ავტორები - ჰელენა კუპერი, ენდრიუ კრამერი, ერიკ შმიტი და ჯულიან ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი წლის წინ გენერალმა მარკ მილიმ, რომელიც იმ დროს ჯო ბაიდენის მთავარ სამხედრო მრჩეველს წარმოადგენდა (აშშ-ის არმიის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე), ივარაუდა, რომ ომში ვერც რუსეთი გაიმარჯვებდა და ვერც უკრაინა. როგორც მან თქვა, მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი გზა სამშვიდობო მოლაპარაკებაა.

გენერლის განცხადებამ თავის დროზე აშშ-ის მაღალჩინოსნებში მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა დღეს მარკ მილის ვარაუდები მართლდება: აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ მისი პროგნოზი რეალობად გადააქცია. დონალდ ტრამპი არ მალავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას უკრაინისადმი დახმარების მიმართ და მიანიშნებს, რომ არ ემხრობა კიევის იდეას, ბრძოლით დაიბრუნოს უკან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისათვის ერთადერთ სიცოცხლისუნარიან ვარიანტად დიპლომატიური დარეგულირება რჩება.

დონალდ ტრამპის მოსვლა აშშ-ის მეთაურად იმ დროს, როცა უკრაინა ბრძოლის ველზე დანაკარგებს განიცდის და პერმანენტულად უკან იხევს, იმას ნიშნავს, რომ მანევრებისათვის კიევს სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება.

უკრაინისთვის სამომავლო (სავარაუდო) მოლაპარაკებაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ უცნობ გარემოებას წარმოადგენს საკითხი, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს კიევს ევროკავშირი და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება ვეღარ გაბედოს. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ომს სწრაფად შეაჩერებს, თუმცა თვითონ, პირადად, ოფიციალური სახით, არ განმარტავს, როგორ და რა მეთოდებით განახორციელებს ამას. არჩეულმა ვიცეპრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა უკვე ზოგადად გამოაცხადა თავისი ხედვა ომის შეჩერებაზე, მაგრამ არასრულად - კიევისათვის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

სიტუაციაში სინათლე არ შეუტანია არც დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ამასწინანდელ სატელეფონო საუბარს: ორივე პრეზიდენტის თანაშემწეები მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ განაცხადეს - საუბრის ტონალობა პოზიტიური იყოო.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთი ჩინოვნიკი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უნდა ისარგებლოს დარჩენილი დროით, რომ უკრაინას უფრო მეტად და აქტიურად დაეხმაროს. სწორედ მათი რჩევით მიიღო ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება, რომ კიევისათვის უფლება მიეცა, ამერიკული რაკეტებით - ATACMS-ებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაზე, რაც რამდენიმე დღის წინ უკრაინამ განახორციელა კიდეც (კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში მდებარე რუსეთის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ). გარდა ამისა, გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისათვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებისა და სხვა შეიარაღების მიწოდებას.

თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინას, ასევე, გადასცემს დარჩენილ დახმარებას - 9 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც გულისხმობს 7 მილიარდი დოლარის იარაღის მიცემას აშშ-ის არსენალებიდან, ხოლო 2 მილიარდის - ახალ შეკვეთებს იარაღის დასამზადებლად.

ეს უნდა მოესწროს 2025 წლის მარტამდე. კიდევ ერთი მომენტი: ჯო ბაიდენმა გააუქმა აკრძალვა უკრაინაში ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების გაგზავნაზე, ამერიკული შეიარაღების რემონტის მიზნით, კერძოდ, F-16 ავიაგამანადგურებლებისა და სარაკეტო კომპლექსების - „პეტრიოტის“ შესაკეთებლად.

ცხადია, დონალდ ტრამპს შეუძლია ჯო ბაიდენის მიერ გამოყოფილი დახმარების შეწყვეტა, მაგრამ პენტაგონს იმედი აქვს, რომ მას გაუჭირდება კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარების გაუქმება. თუმცა, იმავდროულად, აშშ-ის დაზვერვა და თვით პენტაგონიც აცნობიერებენ, რომ დამატებითი დახმარებითაც კი უკრაინას ტერიტორიების დაბრუნება ძალიან გაურთულდება.

ასე რომ, ჯო ბაიდენის უკანასკნელმა გაბრძოლებებმა, საეჭვოა, რომ ფრონტზე სიტუაცია კიევის სასარგებლოდ შეცვალოს. უკრაინის არმიის თავდაცვა ნელ-ნელა ინგრევა: დონბასში რუსეთის არმია ახალ ტერიტორიებს იკავებს, კურსკის ოლქშიც უკრაინელებმა ადრე, აგვისტოში დაკავებული ტერიტორიების თითქმის ნახევარი ნოემბრისთვის უკვე დაკარგეს. გარდა ამისა, იქ თავმოყრილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები ფინალური შეტევისათვის ემზადებიან.

უკრაინის არმიის მორალური სული დასუსტებულია, დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ისინი ბრძოლის უპერსპექტივობას ხედავენ - მით უმეტეს - ისეთ ფონზე, როცა არმია ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს განიცდის, ჯარში გაწვევა პრობლემატურია, მატულობს დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა, ეკონომიკის მდგომარეობა კატასტროფულია. მოკლედ, ახლა მთავარია, რომ უკრაინამ, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება, უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

უსაფრთხოების გარანტიების ოქროს სტანდარტი უკრაინისათვის გულისხმობს იმას, რომ კიევმა ნატოში გასაწევრებლად შეთავაზება მიიღოს, მაგრამ ჯო ბაიდენის დარჩენილი ვადის განმავლობაში კიევის ალიანსში მიღებას არავინ დათანხმდება და თვით დონალდ ტრამპის დროსაც ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ამიტომაც ამერიკელი და ევროპელი ხელმძღვანელები გარანტიად უმეტესად იმას თვლიან, რაც უფრო მეტ იარაღს მისცემენ უკრაინას, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და ბრძოლების განახლების შემთხვევაში, კიევმა პასუხის გაცემა რუსეთის მიმართ უფრო ძლიერად და კრემლისთვის მტკივნეულად შეძლოს.

ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი იმასაც ამბობს, რომ დროა, ჯო ბაიდენმა უკრაინას ბირთვული იარაღი დაუბრუნოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიიდან სსრ კავშირის დაშლის შემდეგ იქნა გატანილი.

რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯი მართლაც კოლოსალური მნიშვნელობის საშუალება იქნება, გარანტიის მიზნით, მაგრამ დასავლეთი ამას არ დათანხმდება - დიდი ალბათობით, უკონტროლო სიტუაცია შეიქმნება.

როგორც უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა განაცხადა, სამშვიდობო მოლაპარაკების დროს დაზავების წარმატების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ფრონტის ხაზზე მდგომარეობის კარდინალური ცვლილება. გარდა ამისა, „უკრაინისათვის აუცილებელია, რომ იარაღის მნიშვნელოვანი მარაგი შექმნას, რათა რუსეთმა თავი შეიკავოს საომარი მოქმედებების განახლებისაგან. განსაკუთრებით ეს ეხება შორი მოქმედების რაკეტების მარაგის შექმნას რუსეთის ზურგში არსებული სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად.

დიახ, უკრაინის არმია დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი ჯარი ორწლინახევრის განმავლობაში თავს იცავს რუსეთის შეტევებისაგან. ის, რომ ჩვენ ათ რაუნდს გავუძელით მაიკ ტაისონივით, უკვე წარმატებას ნიშნავს“, - ამბობს ექსმინისტრი.

მაგრამ... ეს იყო იმ დროს, როცა კიევი მილიარდობით დოლარის და ევროს ღირებულების მქონე ამერიკულ და ევროპულ იარაღს იღებდა. როგორც ჩანს, იარაღის მიწოდების მდინარე მალე დაშრება, როგორც ამას ოფიციალური პირები ატლანტის ორივე ნაპირზე აცხადებენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო