"როდესაც ამას ვამბობ, ატყდება  ხოლმე ერთი ამბავი, ხელისუფლების წისქვილზე ასხამ წყალსო..." - დამარცხების ფორმულა ანუ ექსპერტის მწარე სიმართლე ოპოზიციაზ - კვირის პალიტრა

"როდესაც ამას ვამბობ, ატყდება  ხოლმე ერთი ამბავი, ხელისუფლების წისქვილზე ასხამ წყალსო..." - დამარცხების ფორმულა ანუ ექსპერტის მწარე სიმართლე ოპოზიციაზე?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ირაკლი მელაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 25 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ჩვენთან ისევ ჰგონიათ, კოორდინირებული მოქმედება ყველას ერთ მწკრივში ჩადგომაა, ყველამ ერთ ხმაზე უნდა ვიმღეროთ, ერთი და იმავე წინადადებით ვილაპარაკოთ და თუკი ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ესე იგი, ხელისუფლებასთანაა შეკრული.

ეს ფაშისტური აზროვნება ვერ მოიშორა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა, ნაცვლად იმისა, მიხვდნენ, რომ კოორდინაცია ძირითად საკითხებში შეთანხმებას ნიშნავს, რომ წინადადების დონეზე შეთანხმება უაზრობაა. მაგალითად, გახარია იმაზე ფიქრობს, ხელახალი არჩევნები რომ დაინიშნოს, მისმა ამომრჩეველმა ხმა ხომ უნდა მისცეს და გვარამია-ვაშაძის ენით ხომ არ ილაპარაკებს? ამიტომ ცდილობს შეინარჩუნოს ძირითად თემაში ერთიანობა, რათა არ მოხდეს "ოცნების" ლეგიტიმაცია. მისი ხალხი დარბის ევროპაში, სადაც არჩევნების გაყალბების მტკიცებულების წარდგენას ცდილობს.

როგორც ჩანს, რაც აქამდე ოპოზიციამ წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, გავგზავნეთ მტკიცებულებები, ასე ვქენით და ისე ვქენითო, როგორც ჩანს, დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.

ამაზე მიუთითებს გამოქვეყნებული სტატიები, ევროკავშირის ორგანოების გადაწყვეტილებები, თბილისში გზავნიან წარმომადგენლებს და ელოდებიან ეუთოს დასკვნას. ესე იგი, რაც მათ ოპოზიციამ გაუგზავნა, მათთვის არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ეს არის ევროპა, მას სათანადო ფაქტები სჭირდება.

ცივილიზებულ სამყაროში მოქმედებს­ პრინციპი, თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არის. შესაბამისად, სათანადო წონის მტკიცებულებები თუ არ წარადგინე, სანქციებს არავინ დაუწესებს "ოცნებას", რადგან ასეთი მძიმე გადაწყვეტილებები ძალიან მკაფიო მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.

ქართველი პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს ევროპული აზროვნება. ევროპულობა ნიშნავს სწორედ იმას, რომ უნდა დაამტკიცო ვიღაცის მიერ კანონის დარღვევა, იმან კი არ უნდა იმართლოს თავი, კანონი არ დამირღვევიაო. თუ ვერ დაამტკიცებ, რეაგირებაც სათანადო იქნება. მეორე მხრივ, ხელისუფლებასაც გასახარი დიდი არაფერი აქვს. დღეს გამარჯვებულის ტონალობა აქვთ, სინამდვილეში კი, ჩემი აზრით, თუკი საკმარისი მტკიცებულება არ იქნა წარდგენილი, კი ბატონო, არ დაუწესებენ სანქციებს, არ ვიქნებით სანქცირებული ქვეყანა, მაგრამ ურთიერთობა არ ექნებათ ისეთი, როგორიც ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანასთან უნდა ჰქონდეთ. დამოკიდებულება იქნება ასეთი: ეს ხალხი გამყალბებელია, რომელსაც ხმების ქურდობა ვერ დაუმტკიცეს, და "ოცნება" იქნება მიჩნეული არაწესიერ, არასანდო მხარედ. ასე რომ, სასიხარულო არაფერი აქვთ.

- იქნებ "ოცნებას" სულაც არ სურს, დასავლეთი პარტნიორად განიხილავდეს. რაში სჭირდებათ ზედმეტი თავსატეხი?

- ევროპას კი აქვს ავტოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობა, მაგრამ მათ ევროკავშირის წევრობა ხომ არ უნდათ? ევროპის კონტინენტზე ავტოკრატიები, ფაქტობრივად, არ არსებობენ, ერთია ბელარუსი, რომელთანაც ევროკავშირს უმაღლესი დონის ურთიერთობა არა აქვს.

საქართველოში თუ ვინმეს მეორე ბელარუსის გაკეთება უნდა, უნდა იცოდნენ, რომ არ გამოვა.

ჩვენ ბელარუსებისგან ძალიან განვსხვავდებით, საქართველოში სხვა მოცემულობაა. თუ "ოცნებას" ეს მიზანი აქვს, არ გამოუვა. მაშინ რუსის ჯარი უნდა შემოიყვანოს და არა მგონია, რუსის ჯარი თავად­ ივანიშვილს უნდოდეს. კი, ჩვენ ახლა იქით მივექანებით, მაგრამ არა მგონია, მთლად ბელარუსის დონეზე მივიდეთ. იქნება მინიმალისტური ურთიერთობა პოლიტიკურ-ეკონომიკურ დონეზე, რაღაც სამიტებში შეიძლება მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ნატოს ფორმატებიდან ხომ უკვე ამოვარდნილი ვართ, დაახლოებით იგივე დაგვემართება ევროკავშირის ფორმატებშიც. ამათ მხოლოდ ძალაუფ­ლების შენარჩუნება­ აინტერესებთ­, მაგრამ ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა გარანტირებული აქვთ, რაც როგორ იმოქმედებს ეკონომიკაზე, ლარის კურსზე, ცალკე საკითხია.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოპოზიცია მზად არის იმისთვის, რაც გველოდება?­

- ოპოზიციას თავს ზემოთ ძალა არა აქვს. ოპოზიციური პარტიები სუსტია, არ არიან გამოკვეთილი ლიდერები, რომელთაც ხალხი გაჰყვება.

როდესაც ამას ვამბობ, ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, ხელისუფლების წისქვილზე ასხამ წყალსო, მაგრამ თუ ამ შეცდომებზე არ ვილაპარაკეთ, კიდევ გავიმეორებთ და ვიტრიალებთ წრეზე დაუსრულებლად. საერთოდ, ეს მიდგომა, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს, ახლა ამის დრო არ არის, ახლა მხოლოდ ხელისუფლებას უნდა დავეტაკოთო, არ არის სწორი და არ მოაქვს შედეგი. ჩანდა აგვისტოსა და სექტემბერში, რომ ოპოზიცია რეგიონებში სუსტად მუშაობდა და ამაზე ლაპარაკი ხელისუფლებაზე წყლის დასხმად ითვლებოდა.

საბოლოოდ კი ხელისუფლებისთვის წყლის დასხმა აღმოჩნდა ზუსტად ის, რომ უნდა გავჩუმებულიყავით, რა პრობლემებიც იყო ოპოზიციაში, ამაზე არ უნდა გველაპარაკა.

სინამდვილეში ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უჩვენოდაც ძალიან კარგად იცოდა, ოპოზიციის პრობლემები მათ წინააღმდეგ გამოიყენა და მოუგო არჩევნები. ამ ფორმით თუ იმ ფორმით დადო ის შედეგი, რაც დადო.

ოპოზიციამ ჯამში 800 ათასამდე ხმა აიღო, რაც ამ აქტივობის პირობებში საკმარისი არ იყო გამარჯვებისთვის. ეს საკმარისი იქნებოდა, თუკი 1 მილიონ 600 ათასი კაცი მივიდოდა არჩევნებზე, მაგრამ ასეთი ცოტა მომსვლელი საპარლამენტო არჩევნებზე არასოდეს ყოფილა - ანუ ამ შედეგებით ოპოზიცია ვერ იმარჯვებდა. თვალი დავხუჭოთ და ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებაო, ისეთი სიბრიყვეა, რომელიც ყველა მომდევნო არჩევნებში ოპოზიციის მარცხს განაპირობებს.

უნდა გამოვნახოთ პრობლემებიდან გამოსავლის გზები. პოლიტიკოსებმა ამაზე უნდა იფიქრონ. ამისთვის უნდა შევუძახოთ და არა ვიძახოთ, რა დროს ამის თქმააო.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ნარატივის - ახლა მხოლოდ გაყალბებაზე უნდა ვილაპარაკოთ, თორემ სხვა რამეზე ლაპარაკი ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმააო­ - მიზანი ის არის, რომ ოპოზიციის ლიდერებმა თავიდან აიცილონ ის პასუხისმგებლობა, რაც ჩაფლავებული კამპანიისა და არჩევნების გამო აკისრიათ. ვერ შეძლეს იმ რისკების გათვლა, რაც ახლდა არჩევნებს.

- როდესაც ცესკოსთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართვა სასაცილოა, რადგან ამის უფლება ცესკოს არც აქვს, გახარიაზე თავდასხმას, რომ ამას არ აკეთებს, რა გავლენა ექნება ოპოზიციის ერთიანობაზე?

- ეს ყველაფერი ხომ იმაზეა გაწერილი, ოპოზიციური ამომრჩეველი მხოლოდ "ნაცური" დარჩეს? აქ ისევ პოლიტიკური ინტერესი იკვეთება და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური არეალი ისევ ორ პოლუსზე დარჩეს - "ნაცი" ან "ქოცი".

როგორც აღმოჩნდა, ამ არჩევნების ერთადერთი დადებითი შედეგი ის იყო, რომ გამოჩნდა, "ნაცმოძრაობა­" აღარ არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია. ამიტომ ახლა უკვე ყველა მეთოდი გამოიყენება, რომ არანაცური პარტიები ჩაიპრესოს და ამაში ხელისუფლების და "ნაცმოძრაობის" ინტერესები ემთხვევა.

- დასავლეთთან ერთადერთ მომლაპარაკებ­ლად სააკაშვილის თემა გააცოცხლა "ნაცმოძრაობამ". ახლა ეს რა შედეგის მომტანია?

- პრობლემა ზუსტად ამაშია, რომ ეშინიათ ოპოზიციური ველის გაშლის და ეს აღარ არის "ნაცმოძრაობის" ექსკლუზივი. სურთ რამენაირად ყველა მათი მორჩილი გახადონ. მე რამდენადაც მივხვდი, ამას ემსახურებოდა ის აქციაც, რომელიც უნივერსიტეტთან გაიმართა, რადგან არ იყო შეთანხმებული არც გახარიასთან და არც "ლელოსთან". ჩემი აზრით, ეს იყო "ნაცმოძრაობის" მცდელობა. აქ ორივე ფრთას ვგულისხმობ, რომ დანარჩენ ოპოზიციასთან­ ძალის პოზიციიდან ელაპარაკათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან გახარიას და "ლელოს" ხალხიც საკმაოდ ჭკვიანურად მოიქცნენ, როდესაც აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები.­ "ნაცმოძრაობის" მცდელობა არაფრის მომტანია. ევროკავშირში არიან პირები, ვინც მუდმივად სააკაშვილზე ლაპარაკობენ, შეაქვთ მისი საკითხი რეზოლუციებში, მაგრამ

ფიქრი იმაზე, რომ ოპოზიციის მთავარი მომლაპარაკებელი იყოს ადამიანი, რომელიც არაჟნებში ჩაჯდა და ისე შემოიპარა ქვეყანაში, მერე ის ცირკები გამართა, ძალიან არასერიოზული მგონია.

"ნაცმოძრაობას" მთავარი ოპოზიციური ძალის ბერკეტების გაშვება არ უნდა ხელიდან და ახლა ასეთ მარტივ რაღაცებს ცდილობს.

წაიკითხე ვრცლად