"ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური. ისინი უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომებს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური. ისინი უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომებს"

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში” განაცხადა.

მისი თქმით, დროა, ხალხმა დაიწყოს წინააღმდეგობრივი მოძრაობა და ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები სხვა ლიდერებით ჩანაცვლდეს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური. ისინი უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომებს, საზოგადოებას ეფექტურ გეგმას ვერ სთავაზობენ, რაც ხალხში ფრუსტრაციასა და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს. თუმცა, ეს, მეორე მხრივ კარგიც არის - ჩვენ არ უნდა გვქონდეს ფუჭი იმედები მათგან, ვინც ამ იმედებს ვერ გაამართლებს. ნელ-ნელა დგება ის დრო, როდესაც ჩვენ თვითონვე უნდა დავიწყოთ ორგანიზება, ჩვენ თვითონვე უნდა მივიღოთ საკვანძო გადაწყვეტილებები და ჩვენ თვითონვე უნდა შევძლოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს, იქნება ეს მასშტაბური თუ პარტიზანული წინააღმდეგობის მაგალითები. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება გააზრება იმის, სად ვართ, დაგვჭირდება ერთმანეთის მოძებნა, ეფექტიან ჯგუფებად კოორდინირება, დედაქალაქში იქნება ეს თუ სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამისთვის უნდა ვიპოვოთ თანამოაზრეები, რომელთაც აქვთ კონკრეტული მიზანი.

ჩვენ იმედები კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მიზნები და ამ მიზნებისკენ სიარული. ეს მიზანი არის დემოკრატიული სისტემის დამყარება ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატიული სისტემის დაცვა. ყველა ჯგუფმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და დაიწყოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. პოლიტიკოსები ახლა ჩვენ ვართ იმიტომ, რომ ეს ლიდერობა არ ვარგა და ის უნდა ჩანაცვლდეს სხვა ლიდერობით, ოღონდ ის სხვა ლიდერობა უნდა იყოს თვისებრივად განსხვავებული. ის უნდა იყოს თანასწორობაზე დაფუძნებული. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაწუხებს, ჩვენი პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რაც მათ აწუხებთ. ნდობა უნდა მოვიპოვოთ ერთმანეთის და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ეს არ არის გრძელვადიანი გეგმა, ეს არის მოკლე და საშუალო ვადიანი გეგმა - წინააღმდეგობა ყველა ნაბიჯზე და წინააღმდეგობა როგორც სისტემურად, ისე ინდივიდუალურად”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.