"ნიკა პატარაობიდანვე ძალიან მიზანდასახული და დისციპლინირებული იყო. მახსოვს, ახალი შემოსული იყო კამერიანი ტელეფონები, სულ იღებდა თავის ვარჯიშებს" - რას ჰყვება სოფო შაფათავა ნიკოლოზ ბასილაშვილზე?
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა", სადაც ჩოგბურთელი სოფო შაფათავა საუბრობს მის პირად ცხოვრებაზე - მეუღლეზე, ქორწინებაზე და კარიერულ დიდ გეგმებზე:
- სოფო გერმანიაში ჩვენს პირველ ჩოგანთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან თუ გაქვთ კონტაქტი?
- ნიკუშას ბავშვობიდან ძალიან კარგად ვიცნობ კორტებიდან. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რომ გითხრათ, ახლო მეგობრობა გვაკავშირებს-მეთქი, მოგატყუებთ. მის წარმატებებს თვალს ვადევნებ, ვგულშემატკივრობ და მოხარული ვარ, რომ ფორმაშია. ნიკა მართლაც ძალიან კარგად თამაშობს, ძლიერი ჩოგბურთელია და ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. არა მარტო ნიკუშას, ყველა ქართველ სპორტსმენს. საბა ფურცელაძესაც სულ ვადევნებ თვალს, კარგად თამაშობს აგრესიულ ჩოგბურთს და კარგი შედეგები აქვს. ასევე, ზუკა ტყემალაძეც. ალექსანდრე ბაკში ყოველთვის ძალიან ნიჭიერი მოთამაშე იყო. ცაციაა, წელს საქართველოში ფინალი ითამაშა თავის პირველ ჩელენჯერზე. თუ არ ვცდები, მსოფლიოს ექვსასშია. ეს შეიძლება დიდ წარმატებად არ ჩანს, მაგრამ დღეს ჩოგბურთი ისეთ მაღალ დონეზეა მსოფლიოში, რომ ექვსასში ყოფნა მარტივი არ არის, კარგი შედეგია. მიხარია, რომ ოთხი ბიჭი გვყავს ისეთი, რომლებიც მსოფლიოს ასპარეზზე, ასე თუ ისე, წინ მიიწევენ, ცხადია, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველობით. ცოტა მეტი ფინანსური მხარდაჭერა და პირობები რომ გვქონდეს, გაცილებით მეტი და უკეთესი გვეყოლებოდა.
- როგორ ფიქრობთ, ნიკას შემთხვევაში რამ განაპირობა ასეთი წარმატება?
- ნიკა პატარაობიდანვე ძალიან მიზანდასახული იყო. მახსოვს, ახალი შემოსული იყო კამერიანი ტელეფონები, სულ იღებდა თავის ვარჯიშებს, რომ მერე ენახა, უფრო დახვეწილიყო. ძალიან დისციპლინირებული იყო, მთლიანად შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ისეთი მენტალობა გვაქვს, რაღაცები ზოგჯერ გვეზარება და დისციპლინის დაცვა გვიჭირს, მეც ასე ვარ, მეც მაქვს ჩემი სისუსტეები და პატარაობისას უფრო მეტი მქონდა, მაგრამ ნიკა ამ მხრივ ყოველთვის გამოირჩეოდა, მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული ჩოგბურთზე და ალბათ ამანაც განაპირობა მისი ასეთი წარმატება, იმიტომ, რომ ასეთი დიდი შრომა და თავდადება არ იკარგება ხოლმე, ადრე თუ გვიან, შედეგი მოდის. მსოფლიოში მეთხუთმეტე რომ არ ყოფილიყო, მჯერა, რომ სხვა სიმაღლეებს მიაღწევდა ამ ან სხვა სფეროში.
ნიკა ხმამაღალ შედეგს ყოველთვის დადებს. ეს ჩემი სუბიექტურია აზრია და ასეთი შთაბეჭდილება მაქვს ნიკოლოზზე ბავშვობიდან. თვითონ ეს თაობაც იმდენად კარგი იყო, რომ იფიქრებდით, ესენი აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევენო, მაგრამ როგორც ვთქვი, ხელშეწყობა სათანადო არ იყო და სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. შეჯიბრებაც და თამაშიც ყოველთვის თანხებთან იყო დაკავშირებული. ახლაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან და საერთოდ, ქართველები მართლაც ნიჭიერი ერი ვართ.
წაიკითხეთ სრულად - "ავანტიურული ექსპერიმენტია, ცოტა გიჟური, მაგრამ მე ჩემი თავის მჯერა, როგორც ყოველთვის" - სოფო შაფათავა პირად ცხოვრებასა და კარიერულ გეგმებზე