გეოპოლიტიკური "წინასწარმეტყველება" - 10 მოვლენა, რომელმაც 2025 წელს შესაძლოა, მსოფლიო შეძრას - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური "წინასწარმეტყველება" - 10 მოვლენა, რომელმაც 2025 წელს შესაძლოა, მსოფლიო შეძრას

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) სათაურით „ათი ტენდენცია, რომლებსაც 2025 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ“ (ავტორი - ტომ სტენდეიჯი) გამოქვეყნებულია ტრადიციული ყოველწლიური „წინასწარმეტყველება“ სავარაუდო მოვლენების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უადგილო არ იქნება იმით დავიწყოთ, რომ გაერომ 2025 წელი კვანტური მეცნიერებისა და ტექნიკის წლად გამოაცხადა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მსოფლიო გაორებულ მდგომარეობაში ფაქტიურად უკვე 2024 წლის განმავლობაში იმყოფებოდა - არავინ არ იცოდა საპრეზიდენტო რბოლის ფინალი როგორი იქნებოდა, ახლა კი, როცა ეს გაურკვევლობა უკვე გარკვეულია, ვფიქრობ, არსებობს ათი თემა მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალ 2025 წელს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ.

ამერიკის არჩევანის ეფექტი

დონალდ ტრამპის გასაოცარი გამარჯვება დიდი უპირატესობით ყველაფერზე გავლენას მოახდენს - იმიგრაციიდან და თავდაცვიდან, ეკონომიკამდე და ვაჭრობამდე. მისი პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ეჭვებს გაუჩენს როგორც მეგობრებს, ასევე მტრებს ამერიკული ალიანსების სიმტკიცის მიმართ. დონალდ ტრამპის კურსი, როგორც ჩანს, გეოპოლიტიკურ მწვავე გადატვირთებს გამოიწვევს, დაძაბულობის ზრდას და, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოთა რიცხვის მატებას.

მოსახლეობა ცვლილებებს ელოდება

მთლიანობაში, მოქმედმა ტრადიციულმა გავლენიანმა პარტიებმა 2024 წლის უპრეცედენტო რაოდენობის არჩევნების დროს მარცხი განიცადეს: ერთნი სამარცხვინოდ წაგებულნი აღმოჩნდნენ (აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში), მეორენი კოალიციაში გაერთიანდნენ (ინდოეთსა და ბრაზილიაში), მესამენი იძულებულნი გახდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობა დაეწყოთ (ვთქვათ, საფრანგეთში და ტაივანზე). ასე რომ, 2025 წელი მოლოდინის წელი იქნება. შეძლებენ თუ არა ახალი ლიდერები დაპირებების შესრულებას? შეიცვლებიან თუ არა 2024 წელს სახელგატეხილი ლიდერები 2025 წელს? თუ არ შეიცვლებიან, მოსახლეობა ვერ მოითმენს და სხვადასხვა ქვეყნებში სიტუაცია გართულდება.

საერთაშორისო არეულობები

დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ უბიძგებს, ხოლო ისრაელს მეტ თავისუფლებას მისცემს ღაზას სექტორსა და ლიბანის მიმართ. ამასთან, აშშ-ის სავარაუდო უპირატესად იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო გააქტიურდება „ქაოსის კვარტეტი“ (ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სამხრეტ კორეა). შესაბამისად, გაურკვეველია, გამოვა თუ არა აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტაივანის დაცვის მიზნით და სამხრეთ ჩინეთის ზღვის [მილიტარიზების] მიმართ.

ტარიფიცირების პერსპექტივა

დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის მეტოქეობა სავაჭრო ომით გამოიხატება - იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპი შეზღუდვებს აწესებს და ტარიფებს ზრდის. თავის მხრივ, ჩინური კომპანიები, პროტექციონიზმის გაძლიერების კვალობაზე, საზღვარგარეთ თავიანთ საქმიანობას აფართოებენ, ვთქვათ, ევროკავშირში და გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. 2025 წელს ჩვენ გარკვეული კვანძის გახსნის მოწმენი გავხდებით: ვინ ვის? ამერიკა ჩინეთს თუ პირიქით? ნებისმიერ შემთხვევაში ჩინური ფირმები მიღწეულს არ დათმობენ - მექსიკიდან უნგრეთამდე. პეკინს ფართო გეგმები აქვს.

სუფთა ტექნოლოგიები ბუმი

ჩინეთის ხელისუფლება ხელს უწყობს მზის ენერგიის პანელების, აკუმულატორებისა და ელეექტრომობილების ექსპორტს, ეროვნული ეკონომიკის წასახალისებლად. ამის შედეგად ჩინეთში „სუფთა ტექნოლოგიების“ ბუმი შეიმჩნევა, თანაც ისეთი, რომ ტექნიკის დანერგვა ყოველგვარ პროგნოზს აჭარბებს. იმავდროულად 2025 წელს მსოფლიო დაინახავს, მიაღწევს თუ არა გლობალური გამონაბოლქვი თავის მაქსიმუმს.

ინფლაციის შემდეგ

მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა ინფლაციაზე გამარჯვება იზეიმეს, მაგრამ მომავალ წელს დასავლეთის ეკონომიკა ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რომელთა სიმპტომები უკვე აშკარაა: გადასახადების მატება, ხარჯების შემცირება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების აუცილებლობა. ბევრ ქვეყანას სამხედრო ბიუჯეტების გაზრდა მოუწევს. აშშ-ში დონალდ ტრამპის პოლიტიკამ შეიძლება სიტუაცია დაამძიმოს: მაღალი საიმპორტო ბაჟის გამო, სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდა დამუხრუჭდება და, ალბათ, ინფლაცია ისევ იმატებს.

გერონტოკრატიის პრობლემა

ამერიკამ ეს-ესაა აირჩია ისეთი პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მოხუცი იქნება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ჟამს. მსოფლიოს ლიდერები თანდათან უფრო ჭაღარავდებიან, თავიანთი მოსახლეობის დაბერების კვალობაზე. 2025 წელს სხვადასხვა ქვეყნებში გაგრძელდება საკითხის განხილვა ასაკობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე პოლიტიკური ლიდერებისათვის. ამასობაში კი ჩინეთი დაბერებულ მსოფლიოში ეკონომიკურ შესაძლებლობებს ეძებს. ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, პირიქით, ახალგაზრდების სწრაფი ზრდა გაგრძელდება, რაც დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში სიძნელეებს შექმნის. ეს ყველაფერი კი არასტაბილურობის მომასწავებელია.

გადამწყვეტი მომენტი ხელოვნური ინტელექტისათვის

ბიზნესის ისტორიაში უმსხვილესი ავანტიურის მოწმენი ვიქნებით: მონაცემთა ბაზების შედგენა ხელოვნური ინტელექტის პრეროგატივა გახდება. გაჩნდება თუ არა ისეთი სამკურნალო პრეპერეტები, რომლებიც შემუშავებული იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ? არ არის გამორიცხული.

გადაადგილების პრობლემა

ადამიანთა გლობალური გადაადგილება მზარდი სიძნელეების წინაშე დგება. ომები და შეიარაღებული კონფლიქტები მსოფლიო ავიაციის მუშაობას აფერხებს, ხარჯებს ზრდის. ევროკავშირში თანდათანობით ისევ დღის წესრიგში დადგება სასაზღვრო შემოწმებები, ხოლო შენგენის სისტემა თავის მნიშვნელობას დაკარგავს. ამასთან, 2025 წელს შემცირდება ნეგატიური ხედვა „გადამეტებულ“ (გადაჭარბებულ) ტურიზმზე, თუმცა ზოგიერთი ტურისტული ქალაქის მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები დარჩება - ვენეციიდან ამსტერდამამდე.

სიურპრიზებით სავსე ცხოვრება

თუ გავითვალისწინებთ 2024 წელში მომხდარ პოლიტიკური ლიდერების თავდასხმა-მკვლელობების მცდელობებს, პორტატული რაციებისა და ტელეფონებით აფეთქებებს და გიგანტური რაკეტების გამოყენების ფაქტებს, ეს არის ერთ-ერთი გაკვეთილი იმისა, რომ რაღაც დაუჯერებელი 2025-შიც მოხდება. „გაუთვალისწინებელ გარემოებებს“, სავარაუდოდ, შეიძლება მივაკუთვნოთ „მზის ქარიშხალი“, დაკარგული უძველესი არტეფაქტების ხელახალი აღმოჩენა და კიდევ ერთი გლობალური პანდემიაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო