პუტინის ახალი სპეცოპერაცია?! - რა ხდება რუმინეთში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე პრორუსი კანდიდატი გავიდა
კვირას, 24 ნოემბერს, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტური გაიმართა. მისი შედეგები, თავად რუმინელების შემდეგ, ყველაზე მეტად კრემლში აინტერესებთ. რატომ?– იმიტომ, რომ რუსეთი, უკვე მრავალი წელია ცდილობს დაშალოს „რუმინეთი–მოლდოვა–უკრაინის“ სტრატეგიული პარტნიორობის კავშირი. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუმინეთი მაქსიმალურ სამხედრო–პოლიტიკურ დახმარებას უწევს უკრაინას: აწვდის შეიარაღებას (მათ შორის მიაწოდა „Patriot“–ის საზენიტო სარაკეტო სისტემა), ასევე უკრაინასთან გააფორმა ათწლიანი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება და ა.შ., ეს კი რუსეთის გეოპოლიტიკურ მიზნებში არ ჯდება.
ამიტომ, ისე როგორც სხვა ქვეყნებში გამართულ საპრეზიდენტო/საპარლემენტო არჩევნებში, ამ შემთხვევაშიც რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნებზე და მისთვის მისაღები კანდიდატი იხილოს ბუქარესტში.
რუსეთ–რუმინეთის ურთიერთობები არასდროს ყოფილა მეგობრული: არც საუკუნეების წინ, არც მეოცე საუკუნეში: მეორე მსოფლიო ომის დროს რუმინელები გერმანელების მხარდამხარ იბრძოდნენ, ხოლო ნიკოლაე ჩაუშესკუს (1918–1989) დიქტატურის დროს საბჭოთა კავშირისა და რუმინეთის ურთიერთობა (მიუხედავად იმისა, რომ ორივე ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ წევრები იყვნენ) „რძალ–დედამთილის მეგობრობას“ წააგავდა. 1968 წლის აგვისტოში საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში შეჭრას ჩაუშესკუს ძალზე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რითაც კრემლის რისხვა დაიმსახურა.
ნიკოლაე ჩაუშესკუ ბუქარესტში მრავალათასიან მიტინგზე
უკვე XXI საუკუნის დასაწყისში, ყოფილი კომუნისტი, შემდეგ კი ორგზის რუმინეთის პრეზიდენტი იონ ილიესკუ ცდილობდა რუსეთის ახალ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „ურთიერთობის დალაგებას“, თუმცა დიდ წინსვლას ვერ მიაღწია. ამ ქვეყანებს შორის ორი გლობალური პრობლემაა, რომელთა მოგვარებაც ჯერ–ჯერობით შეუძლებლად მოჩანს. რუმინეთი დაჟინებით ითხოვს რუსეთისგან 1939 წლის 23 აგვისტოს სტალინსა და ჰიტლერს შორის გაფორმებული შეთანხმების (ე.წ. „მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის“) ოფიციალურ დაგმობას. მკითხველს შევახსენებ, რომ მაშინ ორმა დიქტატორმა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ტერიტორია გადაინაწილა , რის შედეგაც რუმინეთის კუთვნილი ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა საბჭოთა იმპერიამ მიისაკუთრა (ნაწილი უკრაინის სსრ–ს დაემატა, ხოლო დანარჩენი ტერიტორია მოლდავეთის ასსრ მიუმატეს და ასე „ჭრა–კერვით“ შეიქმნა მოლდავეთის სსრ). რუსეთ–რუმინეთის ურთიერთობაში მეორე „საჯილდაო ქვა“ სწორედ მოლდოვას საკითხია, რომელსაც მოსკოვი საკუთარი ინტერესებისა და გავლენის სფეროდ მიიჩნევს, ხოლო რუმინეთი „მოტაცებულ და შემდეგ ნაპოვნ უმცროს ძმად“ თვლის.
დღეს ევროკავშირისა და ნატოს წევრ რუმინეთს დიდი გავლენა აქვს მოლდოვაზე, რაც რუსეთს ხელს უშლის იმპერიული გეგმების განხორციელებაში. კიშინიოვში დღეს არსებული ხელისუფლება, რომელსაც გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტირები აქვს, რუსეთის ხელისუფლებას თვალში არ მოსდის. ამ ვითარებაში მოლდოვაზე კონტროლის განხორციელება კრემლისთვის სერიოზული გეოპოლიტიკური ამოცანა იყო და არის. ამიტომაც რუსეთის ხელისუფლება ძალღონეს არ იშურებდა ( რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციებს, მოლდოვას ეკონომიკური დაშანტაჟებაც დაემატა: – მოლდოვურ ღვინოში “აღმოაჩინეს” ქიმიური მინარევები და რუსეთის ბაზარი ჩაუკეტეს ), რათა მოლდოვაში მისთვის სასურველი პრეზიდენტი დაენიშნა.
"ჯიბის პარლამენტი" - პუტინის მიზანი რუმინეთში
პუტინის მიზანი რუმინეთშიც (ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში) ანალოგიურია: მას უნდა, რომ „თავისი პრეზიდენტი“ და „ჯიბის პარლამენტი“ ჰყავდეს. ამის მისაღწევად კი რუსეთის სპეცსამსახურები ცდას არ აკლებენ. რუმუნეთ–რუსეთის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 2005 წლიდან, როდესაც რუმინეთის პრეზიდენტის პოსტი ტრაიან ბესესკუმ დაიკავა. ის ევროინტეგრაციის და ნატოში შესვლის დიდი მხარდამჭერი იყო. თითქმის ოცი წელი გავიდა, თუმცა ამ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ფარული დაპირისპირება და ღია დიპლომატიური დემარშები არ შეწყვეტილა.
რუსეთის დაზვერვამ მოახერხა რუმინეთის შეიარაღებულ ძალებში შეღწევა, რისთვისაც ცნობილი მეთოდი –“ სხვა ქვეყნის დროშით” მოქმედება გამოიყენა. კერძოდ რუმინელი ოფიცერი საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა ბულგარეთის მოქალაქეს, ის კი თავის მხრივ რუსეთის საგარეო დაზვერვას. ისინი 2009 წლის მარტში ბუქარესტში დააკავეს.
რუსულ-რუმინული სკანდალი
2010 წლის 16 აგვისტოს რუსეთის ეფ-ეს-ბემ მოსკოვში რუმინელი დიპლომატი გაბრიელ გრეკუ დააკავა, მას ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა და საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიღების მცდელობა. რუსეთის კონტრდაზვერვის მტკიცებით გრეკუ რუმინეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების პირველი მდივნის საფარქვეშ მოქმედებდა, სინამდვილეში კი რუმინეთის საგარეო ინფორმაციის სამსახურის (საგარეო დაზვერვა)
გაბრიელ გრეკუს დაკავება
ოფიციალური თანამშრომელი იყოო. მაშინ გაბრიელ გრეკუს 48 საათში რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოუწია. საქართველოს “დიდმა მეგობარმა”, რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა მაშინ განაცხადა, რომ გრეკუ ჩრდილოეთ ატლანტიკური ბლოკის დავალებით ჯაშუშობდაო. თავის მხრივ რუმინეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ანატოლი აკოფოვი პერსონა ნონ გრატად გამოცხადა და ქვეყანა დაატოვებინა. ამ დიპლომატიური სკანდალის დეტალებს თუ ჩავუღრმავდებით ცხადი ხდება:
რუმინელი მზვერავი რუსეთის კოტრდაზვერვის მიერ კარგად დაგებულ მახეში გაება.
თავად განსაჯეთ: ოფიციალური რუსული ვერსიით რუმინელი დიპლომატი დაუკავშირდა რუსეთის მოქალაქეს, ვინმე “X”-ს და გარკვეული დროის შემდეგ კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტების გადაცემა მოსთხოვა. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა თურმე “მიამიტი” “X”, რომ გაბრიელ გრეკუ სახელმწიფო ღალატისკენ უბიძგებდა, „მოქალაქეობრივი სიმამაცე“ გამოიჩინა და ეფ-ეს-ბეში “წაცუნცულდა”. ამის შემდეგ დაიგეგმა სპეცოპერაცია, გრეკუ დოკუმენტები გადაცემის მომენტში დააკავეს და ხაფანგიც დაიხურა.
სწორედ ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა მაშინ რუსეთის ეფ-ეს-ბეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა. თუმცა მეორე დღესვე რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა გაზეთებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს კონტრდაზვერვის ვერსია და საიდუმლო დეტალებიც გაახმაურეს. მათი ინფორმაციით, გაბრიელ გრეკუს მიერ გადაბურებული რუსი სამხედრო ოფიცერი (რომელიც ვითომდა ასევე დააკავეს) წლების მანძილზე თანამშრომლობდა რუმინეთის დაზვერვასთან, კერძოდ კი გრეკუს წინამორბედ მზვერავ-დიპლომატ დინუ პისტოლიასთან და სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციას გადასცემდა მოლდოვასა და დნესტრისპირეთის შესახებ.
მათი ოპერატიული კავშირი ხორციელდებოდა ელექტრონული ფოსტით, ხოლო ინფორმაციის გადაცემის სქემა შემდეგი იყო: რუსი აგენტი დიდ სუპერმარკეტებში არსებულ შემნახველ საკნებში ტოვებდა “ფლეშკას”, სადაც საიდუმლო ინფორმაცია იყო ჩაწერილი.
ასე აუღელვებლად იღებდა რუმინელი მზვერავი საიდუმლო ცნობებს. მას შემდეგ, რაც გაბრიელ გრეკუმ შეცვალა წინამორბედი მზვერავი, რუსი ჟურნალისტების მტკიცებით თურმე რუსი აგენტის სინდისმაც გაიღვიძა და ეფ-ეს-ბეს აღიარებითი ჩვენებით მიაკითხა. მაშინ რუს ჟურნალისტებს “შემთხვევით” ოპერატიული ვიდეოკადრებიც ჩაუვარდათ ხელში, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ტოვებს უცნობი პიროვნება შავ პაკეტს, ხოლო რამდენიმე წუთში კადრში გაბრიელ გრეკუ ჩანს, რომელიც ამ პაკეტს იღებს. რუმინელი იქვე დააკავეს, თუმცა ეს უფრო “ალ-ქაიდას” ტერორისტის განეიტრალებას ჰგავდა, ვიდრე უიარაღო დიპლომატის (მით უმეტეს მხოლოდ ეჭვმიტანილის) დაკავებას.
ჯორჯე სიმიონი: „ტრამპი უპირველეს ყოვლისა?“
შემდეგ ეფ-ეს-ბე თავს იმართლებდა: რუმინელი დიპლომატი აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატია (განსაკუთრებით “ჯიუ ჯი ცუ” ემარჯვებაო) და ამიტომ დაგვჭირდა “სპეცნაზის” დახმარებაო. რუსეთის მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გრეკუ ნატოს სადაზვერვო დავალებას ასრულებდა: ცდილობდა დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო შენაერთების, ასევე მოლდოვასა და არაღიარებულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ მონაცემების შეგროვებას. „გრეკუს სკანდალი“ რუმინეთ–რუსეთს შორის არსებული მრავალწლიანი “ცივი ომის” აისბერგის მხოლოდ მწვერვალია და ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები წყლის ზედაპირის ქვეშ იმალება.
2018 წლის 30 მარტს რუსეთმა ერთ რუმინელ დიპლომატს თავისი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ეს იყო პასუხი რუმინეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის გაძევებაზე. მაშინ მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს რუსი დიპლომატები, რაც 2018 წლის 4 მარტს სოლსბერიში გე–ერ–უს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას მოჰყვა.
2021 წლის 26 აპრილს ბუქარესტში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე ჯაშუშობაში ბრალდებით ქვეყნიდან გააძევეს, თავის მხრივ იმავე წლის 11 მაისს რუსეთმა ნონ გრატად გამოაცხადა რუმინეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს თანაშემწე, კაპიტანი გ.ილიესკუ.
2022 წლის 5 აპრილს რუმინეთმა ქვეყნიდან ათი რუსი დიპლომატი გააძევა.
13 მაისს რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 10 რუმინელი დიპლომატი, რომლებიც მუშაობდნენ მოსკოვში.
2022 წლის აგვისტოში ბუქარესტში რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადეს და ქვეყანა დაატოვებინეს, იმავე წლის 8 სექტემბერს რუსეთმა მოსკოვში რუმინეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
2024 წლის 24 მაისს რუმინეთმა ქვეყანა დაატოვებინა ერთ რუს დიპლომატს, საპასუხოდ იმავე წლის 3 ივლისს რუსეთმა რუსეთის ფედერაციაში რუმინეთის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. პუტინს უფრო „დამჯერი“ ხელისუფლება სჭირდება რუმინეთში, ამიტომაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველას სურპრიზი მოუმზადა.
ადრევე იყო ნავარაუდევი, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაინაღდებდა გამარჯვებას. თუმცა შედეგები ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 2024 წლის 8 დეკემბერს გაიმართება მეორე ტური სადაც მემარჯვენე პოპულისტი კალინ ჯორჯესკუს მეტოქე, ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ან პროდასავლური კურსის მომხრე პოლიტიკოსი ელენა ლასკონი იქნებიან. ძალზე მნიშვნელოვანია, თუ ვის დაუჭერს მხარს მეოთხე ადგილზე გასული, პოპულისტი და პრორუსი პოლიტიკოსი ჯორჯე სიმიონი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია შემჩნეული. მის შესახებ შემდეგ ვისაუბროთ.
P.S.. 25 ნოემბრის გვიან საღამოს გაირკვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები: პირველ ადგილზე, ხმების 22,94%-ით, გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, ულტრამემარჯვენე პრორუსი პოლიტიკოსი კელინ ჯორჯესკუ; 19,18%-ი მეორე ადგილზეა პროევროპული კანდიდატი ელენა ლასკონი.
სწორედ ისინი გავიდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2024 წლის 8 დეკემბერს უნდა გაიმართოს. მესამე ადგილზე გასულმა ამჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
(პირველი ნაწილის დასასრული)