საშიში გამათბობლები - 1 დღეში თბილისში 11 ადამიანი მოიწამლა
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ „სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, გამოწვევად რჩება გაზის ის დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომ, დეკანოიძე მიმართავს მოქალაქეებს, იმისათვის, რომ გაარკვიონ სახლში არსებული დანადგარები არის თუ არა გამართული, უნდა დარეკონ ნომერზე 2 40 40 04 და „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლები მაქსიმალურად მოკლე დროში მივლენ მისამართზე, მდგომარეობას შეაფასებენ და სწორ რეკომენდაციას გასცემენ.
მისი თქმით, აბონენტთა დიდი ნაწილი უკვე შემოწმებულია და დარღვევების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა მისამართებზე საშიში დანადგარები დამონტაჟებული კვლავ ხვდებათ. მისი თქმით, შესამოწმებლად წინ კიდევ ერთი თვე აქვთ.
„გამოწვევად გვრჩება ის დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. 1 დღის განმავლობაში დაფიქსირდა 4 შემთხვევა, როდესაც 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა. ძირითადად არის ღია წვის კამერიანი მკვლელი დანადგარები, რომლის დაყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება. ის იწვევს ინტოქსიკაციას და შემთხვევა შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს. ამიტომ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი დანადგარების დაყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება. ადამიანებისთვის ადვილი გასარჩევია მიხვდნენ, რომელია ღია და რომელია დახურული წვის კამერიანი დანადგარები. ღია წვის კამერიან დანადგარებს აქვს გვერდიდან ჭრილები, საუბარია წყალგამაცხელებლებზე და ასევე, აქვს ერთი მილი. ორი მილით არის დახურული წვის კამერიანი დანადგარები და ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ამის დამონტაჟება სიცოცხლისთვის საშიშია“, -განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, კომპანიას ვალდებულება აქვს შეამოწმოს მისი თითოეული აბონენტი და მისცეს რეკომენდაციები.
„გაზთან დაკავშირებული საფრთხეები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად, ერთი არის CO-თი ინტოქსიკაცია,რომელიც უკვე ნამწვი აირია და წვის შედეგად გამოიყოფა და მეორე არის, გაზის გაჟონვის შედეგად შექმნილი საფრთხე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება/აალება“, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში „თბილისი ენერჯის“ ჯგუფები მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
ამასთან მისი თქმით, ჩახსნილი დანადგარები, გადამოწმების შედეგად, არც ისე ცოტა რაოდენობაში ისევ ხვდებათ დაერთებული, იგივე ტრაექტორიით, იგივე ადგილზე და იგივე მდგომარეობით.
„ვფიქრობთ, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ასეთ დანადგარებს იყენებს, არ გამოიყენონ, რადგანაც ეს არის საშიში და მდგომარეობა შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. რისკები რომ თავიდან ავირიდოთ და დაცულები ვიყოთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: უნდა გამოვიყენოთ სათანადო დანადგარები, არ შეიძლება გაზქურის სათბობად გამოყენება, ასევე სწორად უნდა იყოს ყველა დანადგარი დამონტაჟებული, რაც მის ე.წ პასპორტშია მითითებული. როდესაც გაზის სუნს ვიგრძნობთ აუცილებლად უნდა დავრეკოთ ნომერზე 114. გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში გადავკეტოთ გაზის ონკანი, გავანიავოთ სივრცე და არ გამოვიყენოთ ღია ცეცხლი ან რაიმე ელექტროხელსაწყოები. ასევე, თუ გვინდა რომ წინასწარ ვიცოდეთ, ჩვენ სახლში არსებული დანადგარები არის თუ არა გამართული უნდა მოგვმართონ ნომერზე 2 40 40 04 და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად მოკლე დროში მივლენ მისამართზე,“- განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ინტერპრესნიუსი"