პოლიტიკური კრიზისი და ოპოზიციის დილემა - გამოძიება თუ მარგინალიზაცია?!
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, ოპოზიციას თავისი მომხრეების ნაწილის რისხვა დაატყდა თავს. ამომრჩევლები პოლიტიკოსებს საყვედურობენ გეგმის არქონას, გაუბედაობას და უსისტემობას. ამაში ბრალი თავად ოპოზიციურ ლიდერებს მიუძღვით - მათ შექმნეს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ თითქოს 25 ნოემბერს „ოცნების“ დეპუტატებს საკანონდებლო ორგანოში შეკრების შესაძლებლობას არ მისცემდნენ.
მოხდა ის, რაც მოხდა და დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია - პარლამენტი შეიკრიბა, საერთაშორისო საზოგადოებამ შუალედური პოზიცია დაიკავა(„ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავს, მაგრამ პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ განცხადებებს არ აკეთებს), ოპოზიციას კი დილემის წინაშე დგას - რა გააკეთოს მომავალში?!
თუ ოპოზიციის მთავარი მიზანი კვლავ ახალი არჩევნების ჩატარების მიღწევაა, მაშინ ეს არ გამოვა მძლავრი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე. ბრიუსელსა და ვაშინგტონში კი ფაქტებს ელოდებიან - მართლაც ტოტალურად გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები?! შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის შიდაკულუარების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ აღიარებულმა ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ ბრიუსელს ამ ეტაპზე არ აქვს მასშტაბური გაყალბების რეალური და უდავო მტკიცებულებები.
შესაბამისად, ალბათ, ოპოზიციურმა პარტიებმა თავად უნდა სცადონ ალტერნატიული გამოძიების ჩატარება და ფაქტების შეგროვება. სავარაუდოდ, მითიურ „საერთაშორისო გამოძიების“ მოთხოვნა არარეალურია.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გაყალბებაში ჩართული იყო ახალი ტექნოლოგიები და ქოლ-ცენტრები. ნებისმიერი უკანონობა კვალს ტოვებს - უბრალოდ, მიგნება უნდა. ჩვენი აზრით, ოპოზიციას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ თუნდაც უცხოელი სპეციალისტები დაიქირაოს და ფალსიფიკაციის სქემა(თუ მოხდა, რა თქმა უნდა) თავიდან ბოლომდე გაშიფროს. სქემის გაშიფვრიდან პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვებამდე ერთი ნაბიჯია.
რაც შეეხება ბრალდებას ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ ანუ ჟონავდა თუ არა მასობრივად მარკერის სითხე ბიულეტენში. სულაც არ არის წარმოუდგენელი იმ მოქალაქეების ნაწილზე მაინც „გასვლა“, რომლებიც საკუთარი ბიულეტენის მაგალითიდან გამომდინარე, ფაქტს ოფიციალურად დაადასტურებენ. თუ მათი რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ეს უკვე სერიოზული არგუმენტია ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. იგივე მეთოდით შეიძლება ოპოზიციამ გასცეს პასუხი კითხვას - მართლა გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მონაცემები?
ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ მოქალაქეები დაშინვითა და მოსყიდვით მასობრივად მიიყვანა საარჩევნო ყუთთან. კარგად მუშაობისა, სწორი მიდგომისა და მხარდაჭერის გარანტიის არსებობის შემთხვევაში, ამ კატეგორიის ადამიანების ნაწილის ალაპარაკება შეიძლება.
გამოძიება მიღწევადია - ამას სჭირდება მაღალი დონის სპეციალისტები, რამდენიმეთვიანი მუშაობა და ფინანსური რესურსი.
თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს მტკიცებულებების შეგროვებას, მაშინ, სავარაუდოდ, მას რჩება ორი გზა - ან პარლამენტში შევიდეს ან ქუჩაში დარჩეს.
პირველი გზა იმიჯურად მძიმეა პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე , რომ არავითარ შემთხვევაში აიღებენ მანდატს. თუმცა პარლამენტში აქტიურობითა და 2025 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებისთვის მზადებით პოლიტიკური რეაბილიტაცია მიღწევადია.
მეორე გზა შესაძლოა, პოლიტიკურად დამღუპველიც იყოს. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას მარგინალიზაცია ემუქრება. ამის კლასიკურ მაგალითად გვაქვს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები. მაშინ ოპოზიციის ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა და თავი „თამაშგარე მდგომარეობაში“ დაიტოვეს. დღეს იმდროინდელი ლიდერები არც არავის ახსოვს და აინტერესებს.
ასევე, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გაითავისოს - დროში გაწელილმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენოს და პასუხისმგებლობა, შესაბამისი პროპორციით, ყველა მხარეს დაეკისრებას.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)