"შვილმა განგაში ატეხა, კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდა, ის დედასთან დაკავშირებას ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი 80 წლის ქალბატონის მკვლელობის საქმეზე?
გლდანში მოკლული 80 წლამდე ასაკის ქალბატონის, ლარისა მელიაშვილის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ამ დრომდე პოლიციას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ ჰყავს და ჯერჯერობით უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და ისიც, ჰყავთ თუ არა სავარაუდო დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
როგორც მეზობლები ამბობენ, ქალბატონის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, როცა შვილმა განგაში ატეხა. ის დედასთან დაკავშირებას ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა. ამის შემდეგ შვილი თავის შვილთან ერთად გლდანში, დედის სახლში მივიდა, მას ბინის კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდა. შვილმა ჯერ იქვე მეზობლებთან მოიკითხა დედა, უთხრეს, რომ არ უნახავთ. შვილი გამუდმებით რეკავდა დედის ტელეფონის ნომერზე, მერე სახლთან მისულმაც კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა და გაიგო, რომ მათი ბინიდან ტელეფონის ზარის ხმა ისმოდა. ამის შემდეგ ატეხა განგაში, ბინაში რომ შესულიყო 112-ში დარეკა და მაშველები გამოიძახა, მის თვალწინ გახსნეს ბინის კარი და უმძიმესი სურათი დახვდათ, ლარისა მელიაშვილი ბინაში მოკლული ნახეს.
დღეს დილით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქალი სასტიკად ნაწამები და ნაჯახით დაჩეხილია, თუმცა ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ცხედარს ნაჯახით მიყენებული დაზიანებები არ აქვს. მეზობლები ჩვენთან პირად საუბარში ამბობენ, რომ ქალს თავის არეში ჰქონდა დაზიანება, ვარაუდობენ, რომ დამნაშავემ მას თავში რაღაც საგანი ჩაარტყა და ასე მოკლა. მკვლელობის შემდეგ მოხუცი დატოვა ბინაში, კარს ბოქლომი დაადო, კართან წერილი გააკრა, სადაც დაწერა, ერთი კვირა არ ვიქნებიო და მიიმალა. რატომ უნდა მოეკლათ ასაკოვანი ქალბატონი. ამ კითხვაზე მეზობლებს ერთადერთი პასუხი აქვთ. ისინი ვარაუდობენ. რომ მკვლელობის მიზეზი ყაჩაღობა იყო. ამ ვერსიას ამყარებს მათი მონათხრობი, როგორც ამბობენ, ბინაში ნივთები გადმოყრილი იყო. ამიტომ ვარაუდობენ, რომ დამნაშავეს სახლიდან ფულის წაღება სურდა.
გაიტანეს ბინიდან თუ არა ფული და ოქროული, ეს გამოძიებით უნდა გაირკვეს. მეზობლების თქმით, ქალბატონ ლარისას კომერციული ფართები ჰქონდა თავის სახლთან გაქირავებული.ასევე ის სახლიდან ყიდდა სიგარეტებს და სასმელს.
"ლარისა სახლში ნახეს მოკლული. მაღაზია ჰქონდა, ასევე სიგარეტებს ყიდდა სახლიდანაც. რამდენიმე ფართი ჰქონდა გაქირავებული. ამბობენ, ბინაში რომ შესულან ყველაფერი არეული იყოო. ეტყობა მკვლელი ეძებდა ფულს და ოქროულს. სხვა რა მიზეზით უნდა მოეკლათ მოხუცი ქალი არ ვიცი. ნორმალური ადამიანი იყო, შრომობდა და თავისთვის ცხოვრობდა. შეიძლება ვინმეს ფული ეგულებოდა და ამ მიზნით შევიდა ბინაში. თავი ჰქონდა გატეხილიო, სისხლის გუბე იდგა თურმე რომ შევიდნენ", -ამბობს მეზობელი.
მოკლული ქალი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. მას სადარბაზოს მხრიდან ბინაში შესასვლელი გაუქმებული ჰქონდა და თავის ბინაში ეზოს მხრიდან, პატარა კიბეებით შედიოდა. იქვე სახლთან ახლოს ჰქონდა გაქირავებული კომერციული ფართები. ერთ-ერთ მაღაზიაში ხილ-ბოსტანს ყიდის ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ მომხდარზე არაფერი იცის. მეორე მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ლარისა ბოლოს 19 დეკემბერს ნახა. ისიც ეძებდა თურმე წინა დღეს ქალბატონ ლარისას, რადგან კომერციული ფართი მისგან აქვს ნაქირავები და ქირა ჰქონდა მისაცემი.
"ძალიან მიყვარდა ეს ქალბატონი. შეიძლება ითქვას, უბნის კოლორიტი იყო. ყოველ დილით ვხვდებოდით ერთმანეთს. ძაღლს ასეირნებდა, მომესალმებოდა, გამომელაპარაკებოდა და ბედნიერ დღეს მისურვებდა. ეტყობა გრძნობდა წინასწარ რაღაცას მისი ძაღლი. ძაღლებს ხომ საოცარი წინათგრძნობა აქვთ. რომ ვნახე ბოლოს მითხრა, რატომღაც სულ ჩემთან უნდა დაწოლა ამ ძაღლს, თავის საწოლში არ წვება, ჩემთან წევს და ღამე არ მაძინებს, მეშინია ღამე ძილს არ დავაწვე და შიშით ვერ ვიძინებ ნორმალურადო. პატარა პუდელი ჰყავდა და თავს ევლებოდა, ასეირნებდა, გარეთ სულ გამოჰყავდა, სულ ვნახულობდი. კარგი მოხუცი იყო, თბილი მისალმება იცოდა, არასოდეს ვიფიქრებდი თუ ვინმე მოკლავდა. წარმოუდგენელი ამბავია. ძალიან თბილი იყო. მართლა ყოველ დილით ვნახულობდი. ბოლოს 19 ნოემბერს ვნახე. მეორე დღეს ბინის ქირა უნდა მიმეცა, არ გამოჩნდა, 21 რიცხვში მოვიკითხე. ვიცოდი შვილი ჰყავდა ავად და ვიფიქრე ალბათ მასთან წავიდა-მეთქი. 22 ნოემბერს რომ არ გამოიარა, ჩემს შვილს ვუთხარი, ერთი მიდი სახლში, იქნებ ბინაშია და ქირა მივცეთ-მეთქი. ჩემი გოგო წავიდა და მალევე დაბრუნდა, კარს ბოქლომი ადევსო. საღამოს საათებში ჩემი ქმარი წავიდა, იქნებ მოვიდაო, მაგრამ მანაც იგივე თქვა, ბოქლომით არის კარი დაკეტილიო. მე არ მინახავს წარწერა, მაგრამ სხვები ამბობენ წარწერა იყო და ეწერა ერთი კვირა არ ვიქნებიო. მერე შვილი მოვიდა ჩვენთან, დედა ხომ არ გინახიათო, თურმე რომ ვერ დაუკავშირდა, დაუწყო ძებნა, მაგრამ ხმა არავინ გასცა, მასაც კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდა. რეკავდა ტელეფონსაც არავინ იღებდა, ზარი გადიოდა და ბინიდან ძაღლის ხმაც გაისმა. მერე გამოიძახეს მაშველები და საშინელი სურათი დახვდათ. სისხლში იწვა, თავი ჰქონდა გატეხილიო. სხვა დეტალები არ ვიცით, უნდა გენახათ ძაღლი რა დღეში იყო მერე იქიდან რომ გამოიყვანეს ეზოში, ტიროდა. ფაქტია ვიღაცამ მოკლა ლარისა, მერე სახლის კარი დაკეტა ბოქლომით და წავიდა. სხვანაირად ეს ქალი შიგნით როგორ აღმოჩნდებოდა. სხვა შესასვლელი ამ ბინას არ აქვს. ვინც ნახა ცხედარი ის ამბობს, სისხლით იყო მოსვრილი, თავი ჰქონდა დაზიანებულიო. სხვა დეტალი არ ვიცით, ფაქტია, მკვლელობა მოხდა. მარტო ცხოვრობდა, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, შვილები ცალკე ცხოვრობენ. ძალიან კარგი პოზიტიური მოხუცი იყო, რატომ უნდა მოეკლათ ვერ ამიხსნია. ერთადერთი ვფიქრობთ, რომ ვიღაცას ალბათ დაყაჩაღება უნდოდა მისი. ორი მაღაზია ჰქონდა გაქირავებული, თვითონ სიგარეტს და არაყს ყიდდა, მაგრამ ძალიან ფრთხილი კი იყო, უცხოს არ გაუღებდა კარს. ამბობენ, სახლში ყველაფერი არეული იყოო, ეტყობა ფულს ეძებდა დამნაშავე. იმედია, მკვლელს დააკავებენ. დღეს დაკრძალეს, ეკლესიაში ესვენა და იქიდან გამოასვენეს, აქვე გლდანში დაკრძალეს, ვიყავი დაკრძალვაზე და ძალიან დამწყდა გული. სამწუხარო ფაქტია, ამბობენ, კარი რომ გაუღიათ თურმე გულზე ეწვა მიცვალებულს ის პატარა პუდელი. ძალიან მაგარი ადამიანი იყო. ორი შვილი ჰყავს ქალ-ვაჟი. ვუსამძიმრებ ის ოჯახს", -ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ- ერთი ქალბატონი.
კიდევ ერთი მეზობლის თქმით, ძალიან კარგი შვილების დედა იყო ლარისა.
"ვერ ამიხსნია ეს ვინ ჩაიდინა. კარგი ოჯახი ჰყავს. ბიჭი მეტროს მემანქანეა, გოგო გათხოვილია და ცალკე ცხოვრობენ ისინი. მე აქ მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და ხმაური არ გამიგია. როგორც ვიცი, მეზობლებსაც არაფერი გაუგიათ. ვის რას უშავებდა ეს ქალბატონი, თავისთვის იყო. ცენტრალურიდან ამოქოლილი ჰქონდა შესასვლელი და კუთხიდან გაუკეთა კიბეები, იქიდან შედიოდა. სიგარეტებით ვაჭრობდა. თავისთვის იყო, კარგი ქალი იყო. მოკლული ნახეს, კარს არავის გაუღებდა. რა მოხდა არავინ იცის და ველოდებით გამოძიებას, თავში ჰქონია დაზიანება. ან რა უნდა წაეღოთ, რა თანხა ექნებოდა, ალბათ ფულს ეძებდნენ. ერთოთახიანი ბინაა პატარა მისაღები და საძინებელი, ყველაფერი ის ერთი ოთახი იყო, წინ ჰქონდა სამზარეულო. ძაღლი ჰყავდა და ეზოში სულ ჩახუტებული დაჰყავდა ეს პატარა ძაღლი. მაგით ერთობოდა, უვლიდა, ძალიან დამენანა. ფულის გულისთვის ადამიანი როგორ უნდა მოკლა. ყველაზე დიდი 1000 ლარი ჰქონოდა, ამის გამო როგორ კლავ ადამიანს, იმედია დააკავებენ დამნაშავეს და საკადრისად დასჯიან", - ამბობს მეზობელი.
"კარზე ქართულად იყო მიწერილი, 1 კვირა არ ვიქნებიო, არადა ეს ქალი რუსულენოვანია. მელიაშვილი ქმრის გვარია. კარს ბოქლომიც დაადო დამნაშავემ და ჩაკეტა. საწოლები არეული იყო, ალბათ, ფულს ეძებდნენ, სახეში ნარტყამი და თავი გატეხილი ჰქონდა, ალბათ, რაღაც ჩაარტყეს, სისხლში ცურავდა. სულ ფრთხილობდა, სახლში არავის უშვებდა, ამიტომ შეიძლება მკვლელი მისი ნაცნობიც იყოს. ეს ქალი არ იყო“, - აცხადებს კიდევ ერთი მეზობელი.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ვნახოთ რა გაირკვევა.