ჩინური ოცნება: სი ძინპინმა ტრამპი დაჯაბნა?! - "ჩინეთთან დაწყებული სატარიფო ომი ამერიკას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს" - კვირის პალიტრა

ჩინური ოცნება: სი ძინპინმა ტრამპი დაჯაბნა?! - "ჩინეთთან დაწყებული სატარიფო ომი ამერიკას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს"

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 27 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „სი ძინპინს დონალდ ტრამპი უკვე დაჯაბნილი ჰყავს. ამერიკას ჩინეთთან დაწყებული სატარიფო ომი კატასტროფულ შედეგებს მოუტანს“ (ავტორი - მეთიუ ჰენდერსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამას წინათ განაცხადა, რომ ინაუგურაციიდან პირველივე დღეს მას განზრახული აქვს, ჩინურ იმპორტირებულ პროდუქციაზე 10%-იანი ბაჟი დააწესოს - დამატებით ადრე შემოღებულზე. ეს გადაწყვეტილება არ გაუქმდება მანამ, სანამ ჩინეთის ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას, დააპატიმროს და დასაჯოს ფენტალინით და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებებით მოვაჭრეები, რომელთა უდიდეს ბაზრად აშშ ითვლება. ყოველწლიურად ამერიკის 100 ათასი მოქალაქე კვდება ფენტალინის და სხვა სინთეთიკური ნარკოტიკის მოხმარებით.

დონალდ ტრამპი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, თუ რაოდენ ძნელი და რთული შეიძლება იყოს აშშ-ის ურთიერთობა პეკინის მმართველ რეჟიმთან. ჩინეთის სამართალდამცველი სისტემა გაუმჭვირვალეა, ხოლო ადგილობრივ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ხვრელია დარჩენილი, რომ კრიმინალებმა პასუხისმგებლობას თავი აარიდონ. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ პეკინის საგარეო თანამშრომლობა უკიდურესად პოლიტიზებულია - სანამ ურთიერთობა ნორმალურია, ჩინეთი მაქსიმალურ სარგებელს იღებს და როცა შეატყობს, რომ ურთიერთობა უარესდება, მოულოდნელად წყვეტს თანამშრომლობას სხვადასხვაგვარი ბრალდებით.

გავიხსენოთ ახლო წარსული: აშშ-ჩინეთის ერთობლივი მუშაობა, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, მთლიანად შეჩერებული იყო, 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პეკინის თხოვნის შესრულებაზე, გაეუქმებინა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები: ანუ ჩინეთმა ერთგვარი „ჯილდო“ მოითხოვა იმის სანაცვლოდ, რომ აშშ-სთან ერთად ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას გააგრძელებდა.

მუშაობა განახლდა მხოლოდ გასული წლის ნოემბერში, ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, სან-ფრანცისკოში, თუმცა - არცთუ წარმატებით. ჩინეთმა ვერ შეძლო თუ არ მოისურვა ადგილობრივი დანაშაულებრივი ქსელებისა და მათთან დაკავშირებული მექსიკური ნარკობანდების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, რომელთა კონტრაბანდული პროდუქცია ამერიკაში შედის და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქალაქეების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, ასევე, ნეგატიურ გავლენას ახდენს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

ასეთი მდგომარეობის მიზეზები რთულია: საბოლოო ჯამში, ჩინეთის კომუნისტური პარტია საკუთარ კანონებს თავისი ინტერესების წარმოჩენა-რეალიზებისათვის იყენებს, პეკინი არასოდეს ნებაყოფლობით არ თმობდა კონტროლს და არავის აძლევდა უფლებას (გარეშე ფაქტორებს), ჩარეულიყო მის საქმეებში - ისეთებშიც კი, რომლებიც საერთაშორისო სიტუაციაზე უარყოფითად მოქმედებდა. ამის ნათელი დადასტურება არის კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა, როცა პეკინი კატეგორიულ უარს აცხადებდა "კოვიდ-19"-ის გავრცელების მიზეზთა გამომკვლევ კომისიასთან თანამშრომლობაზე.

ასე იყო თუ ისე, ამჯერად აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ჩინეთი, რომ ყველა ეკონომიკურ ბერკეტს გამოიყენებს „ჩინეთის რეჟიმის დასასჯელად“, რომელიც აშშ-ის ინტერესებს ზიანს აყენებს. რა თქმა უნდა, 10%-იანი ბაჟი ცოტაა, ვიდრე - 60%-იანი ან 100%-იანი, რომლის შემოღებაზე დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, ექნება თუ არა ეფექტი ტრამპის გადაწყვეტილებას მომავალი წლის იანვრიდან? ჩინეთი ხომ არც ისეთი სულელია, როგორც დონალდ ტრამპს აქვს წარმოდგენილი?!

დღევანდელი მსოფლიო ძალიან განსხვავდება 2018 წლის მსოფლიოსგან, როცა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ომი დაიწყო.

იმ ქაოსმა და უნდობლობამ, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, საერთაშორისო ურთიერთობები სამუდამოდ შეცვალა. ჩინეთი სწრაფად გადავიდა დასავლეთთან მეტოქეობის რეჟიმში და ეს დაპირისპირება ამჟამად ისეთ ზღვრამდეა მისული, რომ შეიძლება მალე ცხელ კონფლიქტში გადაიზარდოს - იმის გათვალისწინებით, რომ სი ძინპინი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში, ხოლო პეკინი პროამერიკული ტაივანის მიმართ ზეწოლას ამკაცრებს.

იმ რისკების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც დასავლურ სანქციებთან და ტარიფების ზრდასთან არის დაკავშირებული, სი ძინპინმა ჩინეთის კავშირების აქტიური მობილიზება განახორციელა გლობალური სამხრეთის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ, წინასწარ მიიღო ზომები კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასალების მიწოდების უსაფრთხოებაზე და განამტკიცა უცხოეთის ქვეყნების დამოკიდებულება ჩინური ტექნოლოგიების მიმართ.

გარდა ამისა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე, ისე - არჩევის შემდეგაც, სი ძინპინი ნებისმიერ შესაძლებლობას (BRICS-ის, APEC-ის და G20-ის სამიტები) იყენებდა იმისთვის, რომ აშშ უკვე დასუსტებულ ჰეგემონად წარმოეჩინა და რომ ჩინეთს აქვს უფლებაც და შესაძლებლობაც მის ჩასანაცვლებლად.

განხორციელდება თუ არა ჩინური ოცნება, ჯერჯერობით ამის ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტები მოწმობენ, რომ პეკინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენა ფართოვდება. ეს შეინიშნება ლათინურ ამერიკაშიც, რომელიც ოდესღაც აშშ-ის „უკანა ეზოდ“ ითვლებოდა, [დღეს კი ჩინეთი პერუში ღრმაწყლიან ნავსადგურებს აშენებს, ბრაზილიაში რკინიგზები გაჰყავს, ნიკარაგუაში კი ორი ოკეანის (ატლანტისა და წყნარის) ერთმანეთთან დამაკავშირებელი არხის პროექტს ადგენს]. საეჭვოა, რომ აშშ-ისთვის ესოდენ უსიამოვნო სიტუაცია სატარიფო ტაქტიკურმა ომმა შეცვალოს.

დონალდ ტრამპი, საბოლოო ჯამში, თუ იგი იზოლაციონიზმის პრინციპს გაატარებს, ამერიკას „დიდებას კი არ დაუბრუნებს“, არამედ - უფრო დაასუსტებს.

სწორედ ეს სურთ ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინსაც, რაც, თავის მხრივ, აშშ-ის ახლად არჩეულმა მეთაურმა უნდა გაითვალისწინოს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/us/comment/2024/11/26/xi-jinping-already-outmanoeuvred-donald-trump-tariff-war/