"ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს მოიგონეს, ძველი და დრომოჭმულია" - რას ურჩევს ექსპერტი ოპოზიციას?! - კვირის პალიტრა

"ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს მოიგონეს, ძველი და დრომოჭმულია" - რას ურჩევს ექსპერტი ოპოზიციას?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 25 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი ოპოზიციის ტაქტიკას აკრიტიკებს.

- 30 წლის განმავლობაში კარვების გაშლის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს მოიგონეს. რასაც ვუყურებთ, ყველაფერი ძველი, დრომოჭმულია.

ჯერ რა არასწორად მოიქცნენ - როგორც უკვე ვთქვი, ვაკის რაიონში ყველაზე ნაკლები ხმა სახელისუფლებო პარტიამ მიიღო, ესენი კი ადგნენ და სწორედ ამ რაიონში გადაკეტეს გზა, ანუ იმ ხალხს შეუქმნეს პრობლემა, რომლის დიდი ნაწილიც ოპოზიციურად არის განწყობილი. ეს სწორად გათვლილი ნაბიჯია? მერე უკვირთ, რატომ არ გადის ხალხი ოპოზიციის აქციებზე. აბსოლუტურად, არასწორი პოლიტიკა აქვთ.

მოკლედ, ვიდრე იუსტიციის სახლი არ გაიფიცება, არ გაიფიცება მეტრო და სხვა ტრანსპორტი, მანამდე ხელისუფლება რეალურ დათმობებზე არ წავა, ამ ყველაფერს კი დიდი შრომა და ორგანიზება სჭირდება. ისეთი ტიპის ბრძოლა კი, რასაც დღეს ოპოზიცია გვთავაზობს, თავიდანვე განწირულია.

ამას ხელისუფლება ხვდება.

ოპოზიციამ პროტესტის აგორების ახლებური ტექნოლოგია უნდა მოიფიქროს.

- იმ ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, სამი თავშივე აცხადებდა, რომ არ შევიდოდა "არალეგიტიმურ პარლამენტში" და ჩახსნიდა სიებს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ გახარიას პარტიაში, ამბობენ, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ სიების ჩახსნასაც არ გეგმავენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ამან აშკარად დაძაბა ურთიერთობა ოპოზიციაში, აშკარად ჩანს უნდობლობა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა ერთმანეთი ნაკლებად გალანძღონ. როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?

- პრეზიდენტი მართალია, ამ კინკლაობითა და ურთიერთბრალდებებით ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევენ.

ჩემი აზრით, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი მხოლოდ იმით არ წყდება, ვინ შევა პარლამენტში და ვინ უარს იტყვის.

არსებობს კონსტიტუცია, საერთაშორისო საზოგადოება და ა.შ. მოდი, ვაღიაროთ, ევროპარლამენტშიც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩვენი არჩევნების შედეგებისადმი. მთავრობას ჰყავს თავისი მოკავშირეები უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით. გარდა ამისა, იმისთვის, რომ არალეგიტიმურად ჩაითვალოს არჩევნები, აუცილებელია არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომელთა ნაკლებობა აშკარაა.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ ვერ გაარკვია ევროპარლამენტმა, როდის და რისთვის გამოგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, არჩევნების შემდეგ ერთი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არაფერია შეთანხმებული. მე თუ მკითხვთ, მისია, სულ ცოტა, 15 დღის წინ უნდა გამოეგზავნათ.

ქვეყანაში პროტესტის მუხტიც არ ჩანს, ხომ ფაქტია, რომ ჩვენს გასაკეთებელს ევროპელები ვერ გააკეთებენ.

ოპოზიციაში ახალი სახეებია საჭირო.

ჯერჯერობით ამ სტუდენტურ მოძრაობაში არ ჩანან ისეთი ლიდერები, ვინც ჩვენი პოლიტიკის ახალ სახეებად იქცევიან. დიდი იმედი მქონდა, რომ ამ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსვლებისას გამოიკვეთებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. საჭიროა ძლიერი ცენტრისტული ოპოზიციის შექმნა. ამის პოტენციალი მამუკა ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს აქვთ, მაგრამ ყველა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

- 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას და შედეგების გაუქმებას მოითხოვს. პრეზიდენტის სარჩელის სადავო ნორმები ხმის მიცემის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის (ემიგრანტების შემთხვევაში) პრინციპების დარღვევას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე შესულია ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ პლენუმი პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელებს ერთად განიხილავს, რადგან "ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული", შინაარსობრივად ისინი "ერთმანეთს ემთხვევა" და "ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს". ვიდრე საკონსტიტუციო დავა არ დასრულდება, რამდენად კანონიერი იქნება 26 ოქტომბერს არჩეული მომავალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა და შესაბამისად, პარლამენტის უფლებამოსილების აღიარება?

- მე არა ვარ კონსტიტუციონალისტი, ამიტომ ამ საკითხზე სამართლებრივ ექსპერტიზას ვერ წარმოგიდგენთ, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვით. პროცესების პოლიტიკური და საკანონმდებლო ლოგიკიდან გამომდინარე, მე ხელისუფლების ადგილას აუცილებლად დაველოდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს - პარლამენტი იწყებს მუშაობას, რის მერეც საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ცესკოს ახალი არჩევნების ჩატარებას ავალებს. ხომ სრულიად აბსურდული ვითარება იქნება.

ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენამდე მოიწვიეს პარლამენტის სხდომა, ცინიკური აქტია, რადგან მთავრობა ამით პირდაპირ გვეუბნება, პარლამენტი იწყებს მუშაობას იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჯიბეში გვყავს და სწორედ იმ განაჩენს გამოიტანს, როგორიც ჩვენ გვინდაო.

მაგათ ადგილზე ფორმალურად მაინც ვიზრუნებდი საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯზე და დაველოდებოდი მის განაჩენს...

ზოგადად,„ქვეყანაში მუდმივი რყევა, დაქსაქსულობა და სუპერპოლარიზაცია მაშინ, როდესაც ჩვენ გარშემო დიდი შტორმისთვის ემზადებიან, სახიფათოა და ამან შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს“

წაიკითხე ვრცლად