რაკეტები ფაშინიანისთვის - ბერძნული საჩუქარი, რომელიც ილჰამ ალიევს, სავარაუდოდ, გააცოფებს
საბერძნეთი რუსულ საზენიტო სისტემებს უკრაინის ნაცვლად სომხეთს უგზავნის
ბერძნული გამოცემა Enikos-ი ძალზე საინტერესო ექსკლუზიურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ის საბჭოთა/რუსული წარმოების საზენიტო სისტემები, რომლებიც ნატოს წევრი საბერძნეთის არმიის შეიარაღებაში არის, გადაეცემა არა უკრაინას, როგორც ამას კიევში იმედოვნებდნენ, არამედ - ჩვენს მეზობელ სომხეთს...
ის, რომ ოფიციალურ ათენსა და ერევანს შორის ისტორიულად კარგი ურთიერთობებია, მათ შორის ბაქო-ანკარის მჭიდრო კავშირის საპირწონედ, არავისთვის დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, მაგრამ ყველა ელოდებოდა, რომ ბერძნები ამ რუსულ საზენიტო საშუალებებს სწორედ უკრაინას გაუგზავნიდნენ, რის სანაცვლოდაც ანალოგიური კლასის, ოღონდ დასავლური წარმოების შეიარაღებას მიიღებდნენ. დაახლოებით, ასეთი „ჩეინჯი“ უკვე განხორციელდა, როდესაც ბერძნებმა უკრაინელებს 40 ერთეული საბჭოთადროინდელი ქვეითთა საბრძოლო მანქანა - БМП-1-ი გაუგზავნეს და ამის სანაცვლოდ გერმანიისგან ამავე დანიშნულების, ასევე 40 ცალი Marder 1A3-ი მიიღეს.
მაგრამ იმავეს გამეორება უკვე საზენიტო სისტემების შემთხვევაში, უბრალოდ, ტექნიკურად შეუძლებელი გახლდათ, რადგან С-300-ების, "Тор"-სა თუ "Оса"-ს ჩასანაცვლებლად დასავლეთს ბერძნებისთვის ბევრი არაფერი ჰქონდა შესათავაზებელი...
როგორ აღმოჩნდა ნატოს წევრი საბერძნეთის არმიის შეიარაღებაში ამდენი სახეობის საბჭოთა/რუსული სამხედრო ტექნიკა?
1990-იან წლებში, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბუნდესვერმა საბერძნეთს შეღავათიან ფასებში მიჰყიდა BMP-1A1 Ost ტიპის (საბჭოთა БМП-1-ის აღმოსავლეთგერმანული ვარიანტი) 500-მდე ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ნატოს ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული წევრი -თურქეთი და საბერძნეთი გამალებული ტემპებით ცდილობდნენ, იაფად ჩაეგდოთ ხელში დაშლილი ვარშავის პაქტის ყოფილი წევრი, აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების შეიარაღება, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისკენ ისწრაფვოდნენ და თავიდან იცილებდნენ საბჭოთა სტანდარტის სამხედრო ტექნიკას.
რაც შეეხება С-300 ПМУ-1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, ისინი საბერძნეთის განკარგულებაში რუსეთიდან მოხვდნენ, მაგრამ - შემოვლითი გზით. 1998 წელს კვიპროსის რესპუბლიკამ მოსკოვისგან შეიძინა С-300 ПМУ-1-ის ორი დივიზიონი (12 გასაშვები დანადგარი, რადიოლოკატორები, მართვის პუნქტები), მაგრამ მათი საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება უშუალოდ კუნძულ კვიპროსზე (რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკა აკონტროლებს) ვერ შეძლო, ოფიციალური ანკარის ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის გამო და ეს რუსული საზენიტო დანადგარები მოკავშირე საბერძნეთს გადასცა.
ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა წინააღმდეგი გახლდათ იმისა, რომ მისი წევრი ქვეყნის, საბერძნეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში, რომელიც მიერთებული იყო ალიანსის სამხრეთ ფლანგის საჰაერო კონტროლის სისტემას, ჩართული ყოფილიყო რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკა. პირველ რიგში კი, რადიოლოკატორები და მართვის პუნქტები, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ეჭვობდნენ, რომ ეს შეიძლება, გამხდარიყო მოსკოვის მიერ შემოტყუებული თანამედროვე „ტროას ცხენი“ და ნატოს საჰაერო თავდაცვის საიდუმლოებები კრემლისთვის გამხდარიყო ცნობილი...
ამიტომაც, ეს რუსული საზენიტო დანადგარები საბერძნეთის გენშტაბს კუნძულ კრეტაზე ჰქონდა უმოქმედოდ დასაწყობებული, თუმცა 2013 წელს გამართულ სამხედრო სწავლებებზე პირველად გამოიყენა.
რაც შეეხება Тор-М1 და ОСА-АК/АКМ ტიპის საჯარისო საჰაერო თავდაცვის მობილურ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, ისინი ათენმა მოსკოვისგან ორი ათეული წლის წინ შეიძინა (21 ერთეული „ტორი“ და 38 ერთეული „ოსა“) და ისინი ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ჰყავდა საბრძოლო მორიგეობაზე დაყენებული.
თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დასავლეთმა გაამკაცრა აგრესორ კრემლზე დაწესებული საერთაშორისო სანქციები, შეუძლებელი გახდა ბერძნების კუთვნილი ამ „ტორებისა“ და "ოსების“, ასევე, С-300 ПМУ-1-ების შემდგომი ტექნიკური მომსახურება რუსეთის გარეშე და ყოველგვარი აზრი დაეკარგა ამ რუსული საზენიტო საშუალებების საბერძნეთის არმიის არსენალში დატოვებას.
როგორც ახლა ირკვევა, ბოლო რამდენიმე წელი ამ ბერძნული საზენიტო საშუალებების საბრძოლო მდგომარეობაში შენარჩუნებაში ათენს, თურმე, ერევანი ეხმარებოდა, რადგან სომხეთის არმიის შეიარაღებაში არის ანალოგიური ტიპის საზენიტო დანადგარები.
ეტყობა, ესეც გახდა გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ საბერძნეთი ამ საზენიტო სისტემებს სწორედ სომხეთს გაუგზავნის და არა - კიევს, მით უმეტეს, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ოპოზიცია კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე...
რისი მიღწევას ცდილობს სომხეთი?!
სომხეთი, რომელსაც 2020 წლიდან (მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიატოვა ერევანი აზერბაიჯანთან დიდ ომში და ბაქოს საშუალება მიეცა, აღედგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა) გაუცივდა ურთიერთობა კრემლთან, ცდილობს, გამოსავალი დასავლეთთან და, პირველ რიგში, საფრანგეთთან სწრაფ სტრატეგიულ დაახლოებაში იპოვოს - სწორედ პარიზის ერთგვარი რჩევაც გახლდათ ათენისადმი, რომ ეს საზენიტო საშუალებები სომხეთისთვის ეჩუქებინა და არა - უკრაინისთვის...
ეს კი კიდევ უფრო ძაბავს აზერბაიჯანი-საფრანგეთის ურთიერთობებს. ბაქოში აღარ ერიდებიან ოფიციალური პარიზის ღია და მკაცრ კრიტიკას სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების, მათ შორის, „ბასტიონის“ ჯავშანმანქანებისა და „ცეზარის“ თვითმავალი საზენიტო დანადგარების მიწოდების გამოც...
რაც შეეხება საბერძნეთს, მისი ცა ამ რუსული საზენიტო საშუალებების სომხეთისთვის ჩუქების მიუხედავად, დაუცველი არ დარჩება, რადგან მათ ისრაელის წარმოების თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემებით ჩაანაცვლებს...
თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების კრიტიკულ დონემდე გამწვავების ფონზე, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი,ღაზას სექტორისა და სამხრეთ ლიბანის მასობრივი დაბომბვების გამო, ისრაელის დასჯას კატეგორიულად მოითხოვს, საბერძნეთ-ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, პირიქით, უფრო და უფრო მჭიდრო ხდება.
საბერძნეთმა ისრაელის საჰაერო ძალებს საშუალება მისცა, დეტალურად გაცნობოდნენ С-300 ПМУ-1-ებისა და Тор-М1 საზენიტო-სარაკეტო სისტემების ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს, რაც ისრაელელ სამხედრო მფრინავებს აუცილებლად ეხმარება ირანის (რომლის ცასაც ანალოგიური ტიპის, ოღონდ მოდიფიცირებული რუსული წარმოების საზენიტო საშუალებებიც იცავენ) საჰაერო სივრცეში წარმატებული რეიდების განხორციელებისას...
საბერძნეთს ეგეოსის ზღვის კუნძულებზე რუსული საზენიტო საშუალებების ისრაელის წარმოების სისტემებით ჩანაცვლება, არანაკლებ, 2 მლრდ დოლარი დაუჯდება, რომლის ნაწილის კომპენსირება შეიძლება, სწორედ იმ საფარნაგეთმაც მოახდინოს, რომელმაც რუსული საზენიტოების ჩუქება ბერძნებს სომხებისთვის ურჩია...
საბერძნეთი ეტყობა, ეცდება, შექმნას ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა, რისთვისაც ისრაელისგან შეისყიდის 300 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო ანტისარაკეტო David's Sling-ებს, 150 კმ რადიუსზე მოქმედ Barak MX-ებსა და ახლო მანძილის (35-50 კმ) საზენიტო Spyder-ებს...