ჭობარეთში 300 წლის წინანდელი მესხური ოდა აღდგა
ჭობარეთი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელია, ზღვის დონიდან 1440 მეტრზე. უძველეს და ისტორიულ სოფელში არაერთი ნასახლარია და ამ კუთხის მკვიდრ ალუდა ჯვარიძეს წინაპრების ნასახლარზე 300 წლის მესხური ოდის აღდგენის იდეა დაებადა. ჩანაფიქრი მალე აღასრულა და იქაურობას ახალი სიცოცხლე შესძინა.
ჭობარეთში 2009 წელს გაზსადენის გაყვანისას ბრინჯაოს ხანის ნასახლარი აღმოაჩინეს საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსებით. სავარაუდო დათარიღება ძვ.წ. 3500-3000 წლებია. იქვე აღმოჩნდა ქვის საბეჭდავიც, რომელიც მესოპოტამიიდან, ქალაქ ურუქიდან უნდა იყოს შემოტანილი. ძეგლზე 2012 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ჭობარეთი კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავს...
ალუდა ჯვარიძე:
- ამ სოფლის მკვიდრი ვარ, აქ არის ჩემი წინაპრების საფლავები... დღეს ჭობარეთში 200 კაცი ცხოვრობს და სულ 50 ოჯახი იქნება. ნახევარზე მეტი მოხუცია... დავიბადე და გავიზარდე სახლში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. შემდეგ ახალციხეში გადავედი. იმხანად აქ ჭერი ჩამოინგრა და სახლის მხოლოდ კედლებიღა იყო დარჩენილი. გვყავდა პაპის და, შესანიშნავი ქალი, რომელიც იმის გამო არ გაათხოვეს, რომ პაპაჩემის შვილებისთვის მოევლო (პაპას ბევრი შვილი ჰყავდა). შვილიშვილებიც მისი გაზრდილი ვართ.
დაჯდებოდა ჩვენი პაპიდა ბუხართან და გვიყვებოდა ძველ ამბებს - მოგვითხრობდა, გაჭირვების დროს როგორ გაჰქონდათ თავი. ბევრი მძიმე დღე ჰქონდა გამოვლილი, მათ შორის, მესხეთში მუსლიმანების ყოფნა, ომი... მისმა საუბრებმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. ხშირად წარმოვიდგენდი ჩვენს კარ-მიდამოს ისეთს, როგორიც მის მონაყოლში იყო და საბოლოოდ გადავწყვიტე, მამაპაპეული ადგილი აღმედგინა. როცა აქ მოვედი, კედლის ძირებიღა იყო და 300-წლიანი სახლის აღდგენას იმ მონათხრობის მიხედვით შევუდექი.
- პირველად რა გააკეთეთ?
- ბუხარი. როგორც გითხარით, პაპიდა სწორედ ბუხართან ჯდებოდა და იქ მიყვებოდა ამბებს. თუ შინ მისვლას ვაგვიანებდი, ჩემს საჭმელს ნაცარში ჩადებდა ხოლმე, რომ არ გაციებულიყო... ამიტომაც პირველად სწორედ იმ ბუხრის ოთახით დავიწყე. გარშემო იყო ტერასები, ვენახები, საქონლის სადგომი. ყველაფერს მივყევი და საქმე მალე დავასრულე.
- ოდა რა ნაწილებისგან შედგება?
- როგორიც იყო ერთნავიანი ტერასული ნამოსახლარი, ასეთივე გამოვიდა (ნავი რომ პირქვე დაამხო, ასეთი ჭერი აქვს ტერასულ ნამოსახლარს). როდესაც მიწა ამოვთხარეთ, მიწაში სხვა ოდებიც გამოჩნდა. ამიტომ უახლოეს მომავალში მათ აღდგენასაც ვაპირებ. ვნახეთ ასევე ფურნეები - დიდ შენობაში პურის ორი საცხობია.
სოფელს მტერი თავს ესხმოდა, მოსახლეობა გარბოდა. მტერი ყველაფერს ანადგურებდა, მათ შორის, ფურნეებს, ბილწავდნენ ქვევრებს. წლების შემდეგ, როცა ხალხი სოფელს უბრუნდებოდა, ძველ ფურნეებს აღარ იყენებდნენ, რადგან იქ ათასი სისაძაგლე იყო ჩადენილი. კედელს ამოქოლავდნენ და გვერდით ახალ ფურნეს უშენებდნენ. ჩემს სახლთან, ნასახლარებში, ერთგან შვიდი ფურნეა. ეს ნიშნავს, რომ მტერი შვიდჯერ მოსულა და წასულა...
- ნივთები, ძველი ექსპონატები, რაც ოდაში გაქვთ, თქვენი წინაპრებისაა?
- ზოგი ჩემია, ზოგიც შევიძინე ან თანასოფლელებმა მაჩუქეს. ხალიჩები ბუნებრივი საღებავებით შეღებილი ნატურალური ძაფითაა ნაქსოვი. ჩვენი მესხური ოდა ისეა მოწყობილი, როგორც ძველად. ასე დავსახლდი ჭობარეთში. უკვე ვიღებთ სტუმრებს, ვასინჯებთ მესხურ კერძებს, ვუყვებით ჩვენი სოფლის ისტორიას.
პროდუქტებს არ ვყიდულობთ, ყველაფერი თვითონ მოგვყავს. ჩვენი ხორბლით წითელი დოლის პურს ვაცხობთ. გვაქვს ტენილი ყველი, რომელსაც ჩვენი საქონლის რძისგან ვამზადებთ. ხინკლისთვის, აპოხტის იქნება თუ ყველის, საჭირო ყველა პროდუქტი ჩვენია. გვაქვს ასევე ყველანაირი ბოსტნეული, ჩვენი თაფლი...
- ესე იგი, საოჯახო მეურნეობასაც უძღვებით.
- სადღაც 3 ჰექტარზე ვთესავთ წითელი დოლის ხორბალს, აქ მოყვანილი ხორბალი მთელ წელიწადს გვყოფნის. ტრადიციული პური მესხურ ქვის ფურნეში ცხვება, თან სტუმრებს მასტერკლასს ვუტარებთ. ჯერ შოთი პური, ანუ თითიანი ცხვება, შემდეგ მესხური ხაჭაპური და უგემრიელესი ქადა, რომელიც შეიძლება 20 დღის განმავლობაში შეინახო. სომენი პურის გამოცხობას მთელი ღამე სჭირდება. დიდი პურებია, თავს ერთ თვეს ინახავს. ესეც ჩვენმა წინაპრებმა მოიგონეს - როცა მტრის შემოსევის გამო სოფლიდან გაქცევა უწევდათ, ისეთ პურს აცხობდნენ, რომ დიდხანს გაეძლო.
40 სულამდე საქონელი მყავს, ჩვენც ვუვლით და სხვებიც გვეხმარებიან. მუდმივად 5 კაცია დასაქმებული, თუმცა ხანდახან, როცა ტურისტების დიდი ჯგუფები მოგვდის, 10-15 კაცსაც ვიხმართ.
- ღვინოსაც აყენებთ?
- 1500 ძირამდე მესხური ვაზი დავრგე, ვწურავ და ყურძენს გარშემო სოფლებშიც ვყიდულობ. ახლა მარანი შენდება. ჩვენთან ქვევრები ყოველთვის მიწაში იყო. ცივი ადგილია, თუ ქვევრი მიწის ქვეშ არ იქნა, ღვინოს ვერ დააყენებ. აქ ყინვა მალე იწყება, ყურძენი გვიან, ოქტომბერში მოდის. ახლა იკრიფება, რასაც ყინვა მალე მოჰყვება. ამიტომ მის დასადუღებლად შესაბამისი პირობებია საჭირო.
ახალი ჯიშებიც ჩავყარე - ხიხვი, ხარისთვალა, ჩიტისკვერცხა, შავი ასპინძურა, თამარის ვაზი. ნერგების გამოყვანაში ორგანიზაციები დაგვეხმარნენ, ყველის ქარხნისთვის კი საგრანტო პროექტით 28 ათასით დაგვაფინანსეს.
- ახლა მესხური უბნის გაშენებას გეგმავთ?
- კი, მინდა აქ პატარა მესხური უბანი შევქმნა. 70 წლის წინ გადაღებული ფოტოც მაქვს და მას უნდა დავეყრდნო. გვერდით 5 სახლია, სხვისი, ოღონდ ჩვენი გვარის ხალხია. ახლა მოლაპარაკება მიდის, რომ ეს ადგილი ჩემს სხვა მიწაში გავუცვალო.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი, რაც გავაკეთე და რასაც მომავალში ვგეგმავ, ის საქმეა, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. აქამდე რა ბიზნესი არ წამოვიწყე, გული ასე ვერაფერს დავუდე. ჭობარეთიდან წასვლა არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ მივარდნილი სოფელია და ახალგაზრდობაც არ არის, აქ საქმის კეთების დიდი სურვილი მაქვს. სოფელში სხვებიც დაბრუნდნენ - სასტუმროების აშენება დაიწყეს.
თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 400 კაცი შეიძლება გვესტუმროს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მადლიანი საქმეა და ქვეყნის გადარჩენისთვისაც მნიშვნელოვანი, რათა ადამიანებმა თავიანთ მამაპაპეულ კერას მოუარონ. მანამდე არანაირი ხელობა არ ვიცოდი, თან ისეთი ადგილია, ტრაქტორსაც ვერ მოიყვან, სულ ხელით ვაკეთეთ ყველაფერი. შედეგმა თვითონაც გამაკვირვა, ღმერთის წყალობით, ჩანაფიქრი გამომივიდა. შეიძლება ეს საქმე ბევრს ეძნელება, მაგრამ თუკი დაიწყებს, დარწმუნდება, რომ ისე აშენდება სახლი, გარშემო ყველაფერი ისე აღდგება და ფეხზე დადგება, თვითონაც გაუკვირდება.