სიუხვის კალთით ძვირფასი ქაცვი დაგვებერტყა - კვირის პალიტრა

სიუხვის კალთით ძვირფასი ქაცვი დაგვებერტყა

ვისაც გვიან შემოდგომაზე დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ხეობებში ან მთიან ბორცვებზე გაუვლია, აუცილებლად შეამჩნევდა მოყვითალო-ნარინჯისფერი კენკროვანი ნაყოფით უხვად დახუნძლულ მცენარეს. მას სახელად ქაცვს უწოდებენ. აუცილებლად იმიტომ, რომ ქაცვი ყველგან ხარობს, თან უხვად და მისი შეუმჩნევლობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მდინარის ჭალებსა და ფერდობებზე სწორედ ქაცვია გვიან შემოდგომით ერთადერთი, რომელიც იხუნძლება და მოსაკრეფად გვიწვევს. იზრდება ზოგან ბუჩქის, ზოგან ცალკეული ხის სახით, რომელიც სიმაღლით 10 მეტრსაც აღწევს, რაც ქაცვისთვის მაქსიმუმია. ქაცვის ხის მერქანი შეიძლება გამოვიყენოთ სადურგლო სამუშაოებში, რადგან ის, შეიძლება ითქვას, მარადიული მასალაა. ქაცვის ყველაზე ხარისხიანი მასალა მოიპოვება რიონისა და ცხენისწყლის ჭალებში, სადაც ქაცვიც უხვად ხარობს და მისგან მცირე ხის მასალის დამზადებაც შეიძლება.

ალბათ, ყველამ იცის ქაცვის სამკურნალო თვისებების შესახებ და ეს მის ღირებულებაზეც აისახება. დღეს თბილისის ბაზარში 1 კილოგრამი ქაცვი 12 ლარი ღირს და ფასის მიუხედავად, მომხმარებელი ბევრი ჰყავს. ნონა ბესტავაშვილს თბილისის ბაზარში ქაცვი კასპიდან დააქვს, სადაც ფერდობებზე კრეფს.

- ქალბატონო ნონა, ქაცვის ჯერ დაკრეფა, მერე კასპიდან თბილისის აგრობაზარში მისი მიტანა ძნელია. თქვენ როგორ ახერხებთ დილით 10 კილოგრამი ქაცვის დაკრეფასა და მერე თბილისში ჩამოტანას?

- დილაადრიან, თითქმის 5 საათზე ვდგები და საკრეფად გავდივარ. ქაცვი ისე დახუნძლულია, ადვილად და სწრაფად იკრიფება. შემდგომ უკვე შვილიშვილები მოდიან, მეხმარებიან, კალათა "მარშრუტკაში" რომ ჩამიდგან და თბილისში, ბაზარში გამომამგზავრონ. იმის გამო, რომ დიდუბის ბაზართან მისვლა უფრო იოლია და ტრანსპორტიც იქ მიდის, ქაცვის გასაყიდად დიდუბის ბაზარში ვჯდები, და პროდუქტს ძალიან მალე ვყიდი. ქაცვი რომ ძვირფასია სამურაბედ და საკომპოტედაც, ეგ ყველამ იცის და ამიტომ სწრაფად საღდება. ძალიან გემრიელი გამოდის ქაცვის ჯემი, გემოთი ოდნავ მომჟავო-მომწკლარტო, ფერით კი ქარვისფერია და ბევრი ამზადებს. მეც მაძლევენ შეკვეთას, რომ ქაცვი ბლომად ჩამოვიტანო თბილისში, თუმცა ვერ ვახერხებ, მიჭირს რამდენიმე კალათის გადაადგილება, თორემ დაკრეფა არ არის ძნელი.

- რამდენად ყიდით კილოგრამს?

- 10-12 ლარად. ჩემთვის ეს მცირე ფული არ არის. დალოცვილი ქაცვი გამძლე ხეა და ყველგან ხარობს. რაც უფრო სიცივეა, მით უფრო ტკბილდება - მაშინ, როდესაც ველზე სხვა ნაყოფი აღარ არის, გარდა ქაცვისა.

- საინტერესოა, ქაცვის კულტურული ჯიშები თუ არსებობს? მაგალითად, კასპში თუ აქვს ვინმეს ეზოში ქაცვი?

- როგორ არა. ქაცვი, რომელიც თბილისში ჩამომაქვს, სეზონზე ჩემს ბაღშიც იკრიფება, ოღონდ საადრეოა და ცოტა უფრო ადრე შემოდის, ვიდრე ველური ქაცვი. დიდი ხნის წინ მამაჩემმა მოიტანა ქაცვის ნერგები, საიდანაც ერთი ხე დაგვრჩა. მერე მე ახალი, კარგი ხარისხის ნერგები ლაგოდეხელი მენერგეებისგან წამოვიღე. ბევრად მსხვილი ნაყოფი აქვს, ვიდრე ჩვენი ჭალის ქაცვს. მაშინ მენერგეებმა მითხრეს, ქაცვის რამდენიმე ჯიში გვაქვს გამოყვანილი, საადრეო და საგვიანოცო. თუმცა მერე ჯიშები აღარ მიძებნია, საქმე ის არის, ქაცვის ნარგაობა დიდ ადგილს იჭერს და სხვა მცენარეების დარგვას ხელს უშლის. ამიტომ მირჩევნია ჭალებშიც დავკრიფო, სადაც ბევრია.

- ქაცვის მურაბას ან ჯემს თუ ამზადებთ და ყიდით?

- მირჩევნია ქაცვი ცოცხლად გავყიდო და მურაბის მომზადებაზე დრო არ დავკარგო. თუმცა ქაცვის მურაბა ან ჯემები იმდენად გემრიელია, რომ მასზე მოთხოვნა არის და ბევრი ამზადებს.

- როგორ ნიადაგზე უნდა გაშენდეს ქაცვი?

- დაქანებულ ფერდობზე უკეთესია, რადგან ფერდობსაც გაამაგრებს და თავადაც მშვენივრად იხარებს. ქაცვს ღრმა ფესვი არა აქვს, მაგრამ მიწაში კარგად არის განტოტებული, ამიტომ ფერდობს ჩამორეცხვისაგან იცავს. თუმცა ვაკე-ქვიან ნიადაგზეც მშვენივრად ხარობს.

- შეიძლება ამოვთხაროთ და გადავრგოთ, თუ დაკალმება ჯობს?

- ყველა ხერხით მრავლდება, რადგან ქაცვი ველური მცენარეა. შეგიძლიათ კალამივით გადაჭრათ და მიწაში ჩაარჭოთ შემოდგომაზე. შემდეგ კალამს თავზე გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი დააფაროთ, რათა არ გაიყინოს და გაიფოთლოს. ქაცვის ყლორტები დაახლოებით 10-12 დღეში ფესვიანდება. რაც შეეხება მიწას, ნესტიანი მიწა ქაცვს არ უყვარს, ამიტომ არც უნდა დარგოთ, მშრალ და ქვიშიან ნიადაგზე უმჯობესია.

- კარგი მეურნე ყოფილხართ.

- ვცდილობ და ყველა ხის გახარების საიდუმლო ვიცი, მართალია, ისინი ვერ დამიდასტურებენ, რომ თავს ვევლები, მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. თუმცა ყველაზე ბევრი ქაცვი ჩვენს ჭალებშია, რომელსაც მოვლაც არ სჭირდება, ისე უშურველად გაძლევს ნაყოფს.