„აღმოსავლეთ საქართველოში მექვევრე ორი ოსტატი დავრჩით“
ოქტომბერში ჩემმა თბილისელმა მეგობარმა სოფო ლიპარტელიანმა თელავში დამპატიჟა, მეუღლის პაპის - ბატონი გუჯა მაისურაძის 88-ე დაბადების დღეზე. აბა, უარს როგორ ვიტყოდი, თანაც საქართველოს ქალაქებიდან თელავი გამორჩეულად მიყვარს. გუჯა პაპას დაბადების დღემ მის მეგობრებსა და უახლოეს ნათესავებთან ერთად მხიარულად ჩაიარა, მეორე დღეს კი ოჯახის ნათესავებმა რეზო კბილაშვილმა, თეონა შათირიშვილმა და მათმა უსაყვარლესმა გოგო-ბიჭმა, ნინიმ და გიგამ, თავიანთ მარანში დამპატიჟეს. ასე აღმოვჩნდი სოფოსთან ერთად ქვევრების საუფლოში - თელავის ერთ-ერთ თვალწარმტაც ეზოში. პირველად თვალში ქარვისფერი და მოწითალო მტევნების ულამაზესი აკიდოები მომხვდა. რეზომ ამიხსნა, მუქი ყურძენი გადაშენების პირას მყოფი რქაწითელია, გასაბჭოებამდელი, რომელსაც კახეთში ძველ რქაწითლად მოიხსენიებენ, მცირემოსავლიანია, მაგრამ ნაყოფი თეთრზე ხარისხიანი აქვს, რამდენიმე რქა ამოვიდა ვენახში და ვცდილობ გავამრავლო, თეთრი რქაწითელი კი კომუნისტების პერიოდშია გამოყვანილი და უხვმოსავლიანიაო. იქაურობას "ქვევრების საუფლო" ტყუილად არ ვუწოდე - მიწაზე დაწყობილი ამდენი უზარმაზარი ქვევრი არსად მინახავს. ქვევრები რეზოს შემოქმედება აღმოჩნდა.
რეზო კბილაშვილი: "ქვევრების დამზადების ტრადიცია ჩემმა ოჯახმა შემოინახა, როგორც დავთვალეთ, 1815 წლიდან მოდის. მე ოჯახის მექვევრეების მეხუთე თაობა ვარ. ჩემი პაპაც, მამაც და ბიძაც მექვევრეები იყვნენ. გასაბჭოების შემდეგ, ქარხნები და საწარმოები რომ გაჩნდა, ქვევრების დამზადების ტრადიციაც დაიკარგა. ეს საკმაოდ ძნელი საქმეა, დიდ შრომას მოითხოვს და ამიტომ ბევრმა მიატოვა, თუმცა ჩემს ოჯახში უწყვეტად გრძელდებოდა. მამის მუშაობას სულ ვაკვირდებოდი და, ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ მეც ძალიან დავინტერესდი".
რეზომ ქვევრების გამოსაწვავ შეშის ღუმელთან ანუ ქურასთან მიმიყვანა. აქ 2,5-ტონიანი 8 ქვევრია, 4-4 - აქეთ-იქით, კედლებთან, შუაში დერეფანივითაა და ცეცხლიც ნელ-ნელა იმ "დერეფანს" მიჰყვება. ქვევრების სიგრძე 6,5 მეტრია, სიგანე 3,20 მეტრი. გამოწვას 10 დღე-ღამე სჭირდება. ქურა XIX საუკუნისაა, ოღონდ ზომები მე გადმოვიტანე და ისე ავაშენეო, დააყოლა. ყველაფერს თავისი წესი ჰქონია: სიგრძე-სიგანე-სიმაღლის პარამეტრები ზუსტად უნდა დაიცვა, კარგად რომ იმუშაოს, გახურდეს, კვამლი გაიწოვოს. ტემპერატურის მატებას 6 საფეხური აქვს. რკინა იდება სვეტზე და ყოველი შეტანა-გამოტანისას კედელი ხელახლა შენდება.
აშკარად მემძიმა მექვევრის სამუშაო. იმ დღეს წამოწვიმა და აცივდა, რაკი გამოსაწვავ ღუმელთან ჩამოვჯექი, ცოტათი შევიჭვრიტე, ეგებ გავთბე-მეთქი. თავი შევყავი, გავარვარებული ქვევრიც დავინახე, მაგრამ ვიდრე რეზო დამაწევდა, ღრმად არ შეიხედოო, კინაღამ კვამლისა და ცეცხლის ალმური "წამეკიდა". საინტერესო პროცესს შევესწარი: ქვევრების გამოწვის ყურებამ ძალიან შემიყოლია, მეგზურიც დიდებული მყავდა, რეზო, რომელიც მიხსნიდა, 4 დღე-ღამის განმავლობაში ქვევრი დაბალ ცეცხლზე როგორ იწვება, შემდეგ ნელ-ნელა უმატებენ ტემპერატურას, ჯერ 900°ჩ-ზე აჰყავთ, შემდეგ 1200-ზე და თვალით ხედავ, პირველი ქვევრი როგორ წითლდება. ყვითელი კვერცხის გულისფერი და ნათურასავით გამჭვირვალე უნდა გახდეს, ისეთი ფერი უნდა ჰქონდეს, თითქოს შუქი გასდის. ღუმელში გაწითლებული ქვევრი რომ დავინახე, მისი გამოტანა თურმე შეიძლებოდა, მაგრამ ღვინის ხარისხზე ცუდად იმოქმედებდა: პირველი მოსავლის რთველზე ძალიან კარგი ღვინო დადგებოდა, მაგრამ მერე ქვევრი ქსოვილივით შეიწოვდა სითხეს, ქვევრის კედლებში ბაქტერიებივით ჩაიბუდებდა, მერე კი ძმრად გადაიქცეოდა. ამიტომ ერთხანს კიდევ ტოვებენ ქურაში. კარგად გამომწვარი ქვევრი შუშასავითაა, სითხეს ნაკლებად შეიწოვს, გასარეცხადაც გაადვილდება და ღვინის გემოზეც არ იმოქმედებსო, მითხრა რეზომ.
იმავე სივრცეში რამდენიმე ქვევრს სიგრძეზე მავთულები ჰქონდა გადაჭიმული. ეს ქვევრის ჯავშანი ყოფილა, მიწისძვრის ან სხვა ბიძგებმა რომ არ დააზიანოს. რეზომ ამიხსნა, ამ მეთოდით ღვინოს მსოფლიოში აღარავინ აწარმოებს, არც ქვევრს, არც ამ მეთოდს მსოფლიოში ანალოგი არა აქვს - სრულად იწურება ყურძენი, დუღილის დასრულების შემდეგაც სრულად ივსება, დაახურავ შენივე მოზელილი თიხით სახურავს და 6 თვის განმავლობაში, შემოდგომიდან მარტ-აპრილამდე გექნება ჰერმეტულად. ამ ხნის განმავლობაში ჭაჭა დაბლა მიდის, ღვინო კი ზემოთ ამოდის. ეს არის იდეალური ფილტრაცია, ბუნებრივი. ღვინის მწარმოებელი დიდი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია, აცხადებენ, რომ კაცობრიობას ამის დარი ფილტრი, ხელოვნური დღემდე არ შეუქმნია.
დავინტერესდი, ამოდენა ქვევრები როგორ გადაჰქონდათ ერთიდან მეორე ადგილას, როგორ შეჰქონდათ ქურაში. რეზომ ურემი დამანახვა, ამით მიმაქვს, მარნამდე კი ამწით გადამაქვსო. წლის განმავლობაში თურმე 32 ქვევრს ამზადებს, 16 სახელოსნოში ეტევა, 8 - ქურაში. ქვევრების კეთების ერთი სეზონი მარტიდან იწყება და დეკემბრის დამდეგს მოსავლის მისაღებად მზად არის, ახალ პარტიას აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში იწყებს და გამოწვა დეკემბერში მიმდინარეობს. ჩემი მასპინძელი თურმე პატარა ქვევრებსაც ამზადებს, 1300 და 1600-ლიტრიანებს.
მითხრა, ქვევრის ზომები ჩემი პაპისა და მამისგან ვიცი. 2-ტონიანს 1,6 მ მუცელი, სიმაღლე კი 2,5 მ უნდა ჰქონდეს, ძირი ძალიან წვრილიც არ უნდა იყოს. მეც ამ პარამეტრებში ვჯდები. გაშრობის, გამოწვის დროს ქვევრი ზომაში მცირედ იკლებს, ამიტომ თავიდანვე ცოტათი მეტად ვზრდი, კარგი ზომის ქვევრი რომ მივიღოო.
თიხას თავიდან ფეხით ვზელდით, წყალთან ერთად, მაგრამ მას ძალიან დიდი ენერგია სჭირდებოდა, მერე ცხენის ძალით, ახლა კი ელექტროძრავიანი ფრთებით ვზელთ: ერთი საათი სჭირდება, მოზელილ თიხასაც უფრო ხარისხიანს ვიღებთო.
დავინტერესდი, საგვარეულოში ქვევრის მკეთებელი ქალი თუ ჰყავდათ და მითხრა, არსად გამიგონია, მაგრამ ვიცი, რომ უწინ დიდ სამამულო ომში დაღუპული მამაკაცების საქმე მათმა დაქვრივებულმა მეუღლეებმა განაგრძეს. მაგალითად, თელავთან ახლოს, ვარდისუბანში ყოფილა ოლღა ბებო, რომელიც ქვევრებს აკეთებდაო.
მივხვდი, რომ რეზოსთვის მექვევრეობა მემკვიდრეობით გადმოცემულ საქმეზე მეტს ნიშნავს - იმ ადამიანებს, წინაპრებს უკვდავყოფს, ვინც ოდესღაც შრომისა და ხელოვნების საუკეთესო მაგალითი უჩვენეს. მითხრა, უდიდესი შრომა სჭირდება, მობეზრება კი გამორიცხულია, პირიქით, აზარტიცაა და საამაყოც, ქვევრების გაკეთება ძალიან რომ მიყვარს. თითქოს ამით წარსულშიც ვმოგზაურობ, ჩემს წინაპრებთან ვურთიერთობ, ვესაუბრებიო.
ვკითხე, ფიქრებით არ გასძახებ ხოლმე წინაპარს, პაპი, აბა, რას მირჩევ, როგორ გავაკეთოო? "8 ქვევრს რა უჭირს და 16-ს ხომ ამოყვანა უნდა? 10-ს რომ გააკეთებ, ძალიან დაღლილი რომ ხარ, დანარჩენი 4-ის გაკეთება გეზარება, ცოტას დაიჩივლებ. ამაზე პაპა, იცი, რას მეტყოდა? - ნუ ითვლი, საქმეს უკან არ უნდა უყურო, წინ უყურეო. ამიტომ ყოველთვის ვახერხებ ამ მომენტის გადალახვას, არც ეგეთი მომხდარა, საქმე არ გამომსვლოდა".
რეზოს უყოჩაღესი მეუღლე ჰყავს, თეონა შათირიშვილი. მართლაც შესანიშნავ მეუღლეობას უწევს, ასევე, შრომობენ 5 წლის ვაჟი გიგა და მასზე ცოტათი უფროსი ნინი, მუდამ დაუზარელი, ხალისიანი და საქვეყნო ამბების მცოდნეც.
რეზო: - როდესაც ვმუშაობ, გიგა მოდის და თითქოს მეხმარება, რაღაცას მოზელს. საკუთარი თავი მახსენდება, მეც ასე ვიყავი, მინდოდა მამასა და პაპას მივხმარებოდი. ისინიც არ მიშლიდნენ, პირიქით, მაყვარებდნენ, მაგრამ მამა იმასაც მეუბნებოდა, ძალიან შრომატევადია და იქნებ სხვა საქმე გეცადაო. სხვათა შორის, ვცადე, მაგრამ მაინც მექვევრეობას დავუბრუნდი. მექვევრეობას წყვილი სჭირდება, ჩვენს წინაპრებშიც ასე მუშაობდნენ: პაპა-ბებია, მამა-დედა, ბიძა-ბიცოლა, ახლა კი მე და თეონა. შეიძლება გიგა წინაპრების საქმეს არ გაჰყვეს, მაგრამ ძალიან მინდა ჩვენმა გვარმა, შთამომავლებმა, ეს საქმე არ დაივიწყონ.
მთელ აღმოსავლეთ საქართველოში მექვევრე ორი ოსტატი დავრჩით, მე და ჩემი ბიძაშვილი. დასავლეთ საქართველოში ბევრია, მაგრამ კახეთი ქვევრების გარეშე წარმოუდგენელია.