"მიხეილ ყაველაშვილს აქვს დიპლომი! ჩვენი "გულის პოლიტიკოსი" უწოდეს კვლევებში", "შოკი მივიღე, მისი სახელი და გვარი რომ გავიგონე. ჩემი პერსონაჟიც კი არ არის ასეთი..." - როგორ ახასიათებენ პრეზიდენტობის კანდიდატს?
"ოპოზიცია პანიკაშია, ბატონმა ბიძინამ სწორედ იმიტომ დაასახელა, რომ.."
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად "ხალხის ძალის" ლიდერის - მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
კახა გოგიძე, მსახიობი:
- ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დაცინვაც აღარ არის, მთელი ქართული ისტორიის, წარსულისა და აწმყოს შეურაცხყოფაა.
- ასეთი განცდა რატომ გაქვთ?
- როდესაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისი წევრის არგუმენტი დაგინება, გაწევა-გამოწევაა, აბა, სხვაგვარად რა ვიფიქრო? როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იყოს, ადამიანი, რომელსაც განათლება არ აქვს?!
- რატომ მოხდა მისი შერჩევა, თქვენ რას ფიქრობთ?
- მონური ერთგულების და მორჩილების ნიშნით, წინა გამოცდილების გაზიარებით. ბიძინა ივანიშვილმა აქამდე ამ თანამდებობაზე ვინც დანიშნა, ყველა აუჯანყდა. იცის, ყაველაშვილი არ აუჯანყდება, მისი ერთგული იქნება და ამ ნიშნით შეარჩია. მე კი მგონია, რომ ეს ადამიანი უფრო მეტად გააფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთან. დღეს დილით შოკი მივიღე, მისი სახელი და გვარი რომ გავიგონე. პრეზიდენტის როლი მაქვს სერიალში შესრულებული, ვისაც ნანახი აქვს, დამეთანხმება, რომ ჩემი პერსონაჟიც კი არ არის ასეთი. ის მღერის და კეთილი ადამიანი მაინც არის. ერთხელ თქვა, ღალატს წიგნი არ სჭირდებაო. ახლა რომ გესაუბრები, იდეა მომივიდა, საჩუქრად "დედა ენა" უნდა გავუგზავნო.
თამარ ჩიბურდანიძე, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი:
- ძალიან კარგი არჩევანია, ეს არ არის სუბიექტური შეფასება. ბოლო წლების განმავლობაში, ქართველ ხალხს თუ რამე აკლდა, ეს იყო სულით ქართველი პრეზიდენტი. პრეზიდენტს, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ტკივილი უნდა სტკიოდეს და შემდეგ უწევდეს ანგარიშს სხვა ქვეყნების პოლიტიკას. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერ ქართულს უკანა ხაზზე აყენებდა. როდესაც კანდიდატის სტატუსს გვაძლევდნენ, ოპოზიციასთან ერთად რასაც აკეთებდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა საკუთარი ხალხის მტრობა. მჯერა და ღრმად ვარ დარწმუნებული, ყაველაშვილის სახით საქართველოს ეყოლება პატრიოტი, ერთგული, განათლებული პრეზიდენტი.
- მის განათლებასთან დაკავშირებით, ყველაზე ბევრი კითხვის ნიშანია.
- მას დებატებში დაუჯდეს ნებისმიერი და ეკამათოს, მერე ნახავენ ვინ უფრო განათლებულია. მიხეილ ყაველაშვილს აქვს დიპლომი და მეტსაც გეტყვით, ამ ადამიანს კიდევ უფრო დიდი "დიპლომი" აქვს, რასაც კაცობა, პატრიოტიზმი, ადამიანობა და ქართველობა ჰქვია. რაც მთავარია, ის იქნება სახალხო პრეზიდენტი, რომლის მთავარი საზრუნავი ქართველი ხალხი იქნება.
როცა საქართველოში დენიც კი არ იყო, მიხეილ ყაველაშვილი იმ დროს ცხოვრობდა ევროპულ სახელმწიფოებში. არა ერთხელ უთქვამს, მე ვიცი, რა არის ევროპა, მას ფსევდოლიბერალიზმით ევროპას ვერ ასწავლიან. ეს ადამიანი არის ნამდვილი ქართველი და ნამდვილი ევროპელი, რომელიც საქართველოს წაიყვანს ევროპული გზისკენ.
- თქვენთვის კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო?
- ამის განხილვა თავდაპირველად ხდება ტოპლიდერებთან და შემდეგ იშლება ქვემოთ. გარკვეულ ეტაპამდე ეს ინფორმაცია არ იყო ცნობილი, მაგრამ ვიცოდით, რა კურსის მატარებელი კანდიდატი შეირჩეოდა, მით უმეტეს, მწარე გამოცდილება გვქონდა. გამოკითხვები გვქონდა, პირადად მე ჩავატარე სოციოლოგიური პოლიტიკური კვლევები. მიხეილ ყაველაშვილი ძალიან კარგად დაახასიათეს, მას ჩვენი "გულის პოლიტიკოსი" უწოდეს. დღეს ოპოზიცია პანიკაშია, ბატონმა ბიძინამ სწორედ ამიტომ დაასახელა, რომ მათ ეს პანიკა აეწიათ.
მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მიხეილ ყაველაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, შეგიძლიათ ეს ინტერვიუ შეინახოთ და წლების შემდეგ შემახსენოთ. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში მე დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, როგორც ჩვენს გუნდს, ქართველ ხალხს ამისთვის ბოდიშს ვუხდი.
- ამბობთ, რომ ყაველაშვილს კარგად იცნობთ, რა პიროვნული თვისებებითაა გამორჩეული?
- ღირსებით და პრინციპულობით, სუფთა და პატრიოტი ადამიანია. მას ჩვენთან ფეხბურთელობის, შვეიცარიაში ცხოვრების ან ბავშვობის პერიოდზე უშუალო საუბრები ჰქონია, ყოველთვის შემოჰყავდა საქართველოს ფაქტორი, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
- რა იქნება მისი მთავარი გამოწვევა ამ პოზიციაზე?
- მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზული გარდაქმნებია. საქართველო პოლიტიკური ტურბულენტობის ეპიცენტრში აღმოჩნდა, მისი მთავარი გამოწვევა იქნება, როგორ გაიყვანს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე. დასავლეთი ფერს იცვლის, ევროპა იანვრის შემდეგ ნაწილობრივ შეიცვლება. ჩვენ ვართ, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ გზაჯვარედინზე. ახალი პოლიტიკური ცენტრი ჩნდება კავკასიაში. დასავლეთისა და აღმოსავლეთის პოლიტიკას შორის წონასწორობის დაცვა იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა პრეზიდენტისთვის. არა ერთ მხარეს მიკერძოება, არამედ - პოლიტიკური წონასწორობის შენარჩუნება.
მეორე უდიდესი გამოწვევა ექნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ჩართულობა, რომელიც ნამდვილად არ იქნება მარტივი, თუმცა - აუცილებლად მოგვარდება.
თამუნა კვინიკაძე (სპეციალურად საიტისთვის)