5-პუნქტიანი გეგმა, რომლითაც უკრაინაში ომი დასრულდება - ტრამპმა "წინა ხაზზე" გენერალი კიტ კელოგი გაუშვა
„აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთში თავის სპეციალურ წარმომადგენლად 80 წლის გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი დანიშნა“, - იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) სტატიაში სათაურით: „ვინ არის ტრამპის მიერ დანიშნული სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი და როგორია მისი სამშვიდობო გეგმა?“, რომელშიც განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სავარაუდო პერსპექტივა.
ერთი კვირის წინ, 16 ნოემბერს, აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ (The New York Times) იტყობინებოდა, რომ დონალდ ტრამპმა თავის სპეცწარმომადგენლად უკრაინასა და რუსეთში შეიძლება მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი პიროვნება, ამერიკაში ემიგრირებული ადვოკატი ბორის ეპშტეინი დანიშნოსო, თუმცა, როგორც ჩანს, გაზეთის ვარაუდები არ გამართლდა.
გთავაზობთ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ კიტ კელოგი მის მომავალ ადმინისტრაციაში მიიღებს თანამდებობას სახელწოდებით: „პრეზიდენტის თანაშემწე -სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში“. კიტ კელოგის მთავარი ამოცანა იქნება უკრაინაში ომის დასრულების ისეთი ფორმებისა და მეთოდების ძიება, რომლებიც ორივე დაპირისპირებულ მხარეს დააკმაყოფილებს.
„კიტმა არმიასა და ბიზნესში შთამბეჭდავი კარიერა გაიკეთა, მას დაკავებული ჰქონდა ძალზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, ჩემს პირველ ადმინისტრაციაში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
გენერალი - ვიცეპრეზიდენტის მრჩეველი - ტელეკომენტატორი
კიტ კელოგი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში (2017-21 წლებში) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსად და მაშინდელი ვიცეპრეზიდენტის - მაიკ პენსის მრჩევლად მუშაობდა. ჟურნალისტები გადამდგარ გენერალს დონალდ ტრამპის ერთგულ მხარდამჭერს უწოდებენ. იგი ამჟამად არის თანათავმჯდომარე პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტისა - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" (America First Policy Institute), რომელიც 2021 წელს დაარსდა დონალდ ტრამპის საგარეო და საშინაო პოლიტიკური იდეების გასავრცელებლად.
ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებული გენერლის ბიოგრაფიის თანახმად, კიტ კელოგი ფლობს ფართო გამოცდილებას ევროპის, წყნარი ოკეანის რეგიონის, ახლოაღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში. იგი, ასევე, იყო კონსერვატიული ამერიკული ტელეარხის - „ფოქს ნიუსის“ (Fox News) და ლიბერალური ტელეკომპანიის - „სი-ენე-ენის“ (CNN) კომენტატორიც.
კიტ კელოგის სამშვიდობო გეგმა: „გაიყინოს ფრონტის ხაზი“
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან უკრაინას ბევრი პოლიტიკოსი, მეცნიერი თუ სამხედრო მოღვაწე სთავაზობდა სამშვიდობო გეგმას და მათგან ერთ-ერთი კიტ კელოგიც იყო, რომელმაც თავისი გეგმა პოლიტიკის ინსტიტუტის („ამერიკა უპირველეს ყოვლისა“) სახელით გამოაქვეყნა.
გადამდგარი გენერლის გეგმის დეტალები ასეთი იყო:
ა) ამერიკამ ხელი უნდა შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკების გზით. ამასთან, ვაშინგტონმა კიევს იარაღის მიწოდება უნდა გაუგრძელოს, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის ახალი თავდასხმა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას დათანხმდება. ამერიკა, ასევე, გააფრთხილებს მოსკოვს, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის მოლაპარაკებაზე, ვაშინგტონი კიევს დახმარების მოცულობას გაუფართოვებს;
ბ) რუსეთს რომ მოლაპარაკებისათვის პოზიტიური ბიძგი მიეცეს, აშშ და ნატოს სხვა წევრები უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების საკითხის განხილვას ხანგრძლივი დროით გადადებენ, თუმცა ამის სანაცვლოდ, კიევთან ხელი უნდა მოეწეროს ფართო შეთანხმებას, უსაფრთხოების გარანტიებით;
გ) უკრაინას არ უნდა მოეთხოვოს, რომ ის უარს იტყვის თავისი ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე, მაგრამ იმავდროულად, კიევი უნდა დათანხმდეს, რომ თავისი მიზნების მისაღწევად ისარგებლებს მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით და, შესაბამისად, ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების პროცესი შეიძლება დიდი ხნით გაჭიანურდეს;
დ) რუსეთი რომ გარიგების პირობებს დათანხმდეს, საჭირო გახდება ანტირუსული სანქციების ნაწილობრივი გაუქმება, მაგრამ, იმავდროულად, [ევროპაში] უნდა დაწესდეს გაზრდილი ბაჟი რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე და მიღებული თანხები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს;
ე) რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზი ამჟამინდელი სახით უნდა გაიყინოს.
რა პოზიცია აქვთ უკრაინასა და რუსეთს
იმ დროს, როცა კიტ კელოგის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა გამოქვეყნდა, რუსეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ დოკუმენტის დებულებები მათთვის მიუღებელია.
თუმცა, რასაკვირველია, დონალდ ტრამპს არასოდეს უთქვამს, რომ მისი დაპირება ომის 24 საათში (ან ძალიან სწრაფად) დასრულების თაობაზე სწორედ კიტ კელოგის გეგმას ეფუძნება, რომელიც ინსტიტუტმა „ამერიკა უპირველეს ყოვლისამ“ გამოაქვეყნა.
დონალდ ტრამპის კრიტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ შეეცდება, უკრაინას ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა აიძულოს, რომელიც კიევისათვის წამგებიანი იქნება - კონფლიქტის გაყინვა ტერიტორიული დათმობებით. არ არის გამორიცხული, რომ თუ კიევი შეთავაზებული შეთანხმების დებულებებს არ დათანხმდება, დონალდ ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს.
მართალია, დონალდ ტრამპთან ნიუ-იორკში შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ იმდროინდელმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა მისი არგუმენტები მოისმინა და საწინააღმდეგო არაფერი უთქვამსო, მაგრამ მაინც არავინ იცის ზუსტად, რას მოიმოქმედებს დონალდ ტრამპი ისეთს, რომ მთლიანად უკრაინას მიემხროს და რუსეთს ანგარიში არ გაუწიოს.
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის შეწყვეტის თავისი პირობები დაასახელა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ჯარების გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიიდან, რომლებიც, რუსეთის კონსტიტუციით, ამჟამად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებულ ტერიტორიებად არიან დაფიქსირებულნი. კრემლი ასევე მოითხოვს, რომ უკრაინამ ოფიციალურად განაცხადოს უარი ნატოში გაწევრებაზე.