გია ხუხაშვილის "საპრეზიდენტო" ანალიზი - ყაველაშვილზე, აქციებზე, დასავლეთის რეაქციებსა და ოპოზიციის მიერ ხელიდან გაშვებულ შანსზე
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით. საუბარი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით დავიწყეთ.
- ბიძინა ივანიშვილი უგულებელყოფს ყველა დაწერილ და დაუწერელ კანონს, ყველა ინსტიტუციას და გვეუბნება, რომ ის არის ღმერთი. დიახ ახლა ჩვენ ღმერთად შერაცხული ივანიშვილი მწარედ გვეხუმრება, უფრო სწორად - დაგვცინის. „ქართული ოცნება“ აღარ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის სექტა და ჰყავს კულტი. დიახ, დღეს ქვეყანაში საბოლოოდ გაფორმდა ერთი პიროვნების კულტი. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, თუ რა სავალალო მდგომარეობაში ვართ ყველა და როგორ შეუძლია ნებისმიერი აბსურდული გადაწყვეტილების მიღება. ამის ფუფუნება აქვს მას, პირადად. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ყაველაშვილზე... ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები და ზრახვები „შეუცნობელ არს“. ყაველაშვილის დანიშვნა პრეზიდენტის ინსტიტუტს გაუქმებას ნიშნავს. როგორ წარმოგიდგენიათ, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებაზე? ეს ხომ აბსურდი იქნება... მე არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა ხანში თბილისის ცენტრში მავზოლეუმის ან პირამიდის მშენებლობაც დაიწყოს, ფარაონობა უფრო მოსწონს თუ ლენინის როლი, არ ვიცი.
- როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პროცესს?
- იცით, რაშია საქმე? ერთგვარად მესმის კიდეც მათი.
რთულია აქციების მართვა, როდესაც ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს.
ლიდერი არ ჰყავთ, ლიდერი რომ გახდე, პირველ რიგში, შენ, თვითონ უნდა ირწმუნო, რომ ეს შეგიძლია და უნდა იმოქმედო.
- ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის ვერსიით, ოპოზიციის მარცხის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთთან კონსოლიდირებას ვერ ახერხებენ, ზოგიერთი მათგანი კი ინდივიდუალურად ცდილობს ხელისუფლებასთან გარიგებას.
- კონსოლიდირება იმიტომ არ ხდება, რომ სინერგიული ელემენტი არ არის შემოსული. ძალის დემონსტრირებას სჭირდება გარკვეული სინერგიის შექმნა, პროტესტი არსებობს, მაგრამ ის ახლა სამზარეულოებშია.
- რა არის ის, რამაც შესაძლოა, პროტესტი ისევ ქუჩაში გამოიყვანოს, რამ უნდა გააჩინოს სინერგია?
- უნდა შეიქმნას შიდადინამიკური და პერმანენტული პროტესტი, ასევე, საჭიროა, კონკრეტული ქმედებები დასავლეთიდან. ეს ადამიანები, ვისაც პროტესტის განცდა აქვთ, იმდენად პარტიებს შორის კი არ აკეთებენ არჩევანს, რამდენადაც მათი მთავარი არჩევანი იყო დასავლური ორიენტაცია. ისინი მზად არიან ამისთვის იბრძოლონ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთის მკვეთრი პოზიცია - ამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს, არ ყოფილა, ეს ადამიანები ელოდებიან, როგორ ჩამოყალიბდება დასავლეთი.
- ე.ი. ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა დასავლეთი „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას?
- რა თქმა უნდა, თუ სასანქციო პოლიტიკა დაიწყო და მკვეთრი არაღიარება მოხდა, ეს იქნება საპროტესტო ტალღის ნიშანი, რომ უნდა გამოვიდნენ სამზარეულოებიდან და ტალღას უნდა შეუერთდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ იყო პარტიული არჩევანი, ეს იყო რეფერენდუმი. თუ დასავლეთმა თქვა, რომ არჩევნები გაყალბებულია, რამაც შეცვალა შედეგები და თუნდაც წერტილოვან სანქციებს დაიწყებენ, ეს იქნება წერტილი, როდესაც შიდაპროტესტი თვისობრივად გაძლიერდება, ადამიანები ჩათვლიან, რომ არჩევანი წაართვეს; მეორე: რადგან ხელისუფლება მხოლოდ ძალას აღიარებს, ძალის კუთხით ეყრდნობა სისტემას, ივანიშვილი თვითონ ხომ არ დადის ხმლით ქუჩებში?! ის ეყრდნობა სისტემას - ძალოვანი სისტემა, სპეცსამსახურები, საჯარო სექტორი და ასე შემდეგ. ეს ძალოვანი სისტემაც უფრო პროევროპულია უმრავლესობაში. თუ სასანქციო პოლიტიკა დაიწყო, სისტემაში გაჩნდება კითხვები. სისტემას დღეს ხელისუფალი ეუბნება, მაინც ევროპაში მივდივართო, „ტრიუკებს“ ვატარებთ და ევროპაში მივდივართო. თუ სასანქციო პოლიტიკა დაიწყება, სისტემის კონტროლის თვალსაზრისით, ეს არგუმენტი ერთმევათ.
სისტემაში სისტემური ჩუმი საბოტაჟი დაიწყება
შეიძლება, დასავლეთმა გადაწყვიტოს, რომ დაუხუჭოს თვალები ხელისუფლებას. ხელისუფლება მუშაობს ამ მიმართულებით. კობახიძის ბოლო ვიზიტი რას ემსახურებოდა?! იცოდა, რომ იზოლაციაში იქნებოდა, მაგრამ მისი ვიზიტის მიზანი იყო, ევროპა დაერწმუნებინა, რომ ერთადერთი ძალა ისინი არიან, ოპოზიცია კი უვარგისია, არაფრის თავი არ აქვს, ცოტა ხანში შეცუნცულდებიან პარლამენტში. დასავლეთს უმტკიცებენ, კი, მე მამაძაღლი ვარ, მაგრამ ჩემთან უნდა ითანამშრომლო, სხვა არავინაა. დასავლეთშიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, ამ ტიპის ქმედებებზე სინქრონულად გადადიან ევროპა და შეერთებული შტატები. შეერთებულ შტატებში გარდამავალი პერიოდია და დაპაუზებულია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ერთი სიტყვით, სამზარეულოში დარჩენილი პროტესტი ელოდება დასავლეთის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომ გადაწყვიტოს, დარჩეს სამზარეულოში თუ გამოვიდეს გარეთ.
- თქვენი ვერსიით, ოპოზიციონერ ლიდერებს რა უნდა გაეკეთებინათ, რომ დასავლეთის იმედად არ დარჩენილიყოლვნენ და თავად განესაზღვრათ ოპოზიციური ელექტორატის დღის წესრიგი?
- ოპოზიციას პროტესტის კაპიტალიზაცია უნდა მოეხდინა, ქუჩაში გამოსულ ხალხს ბრძოლის წინახაზზე თავდადებულად მებრძოლი უნდა ეხილათ.
- რას გულისხმობთ?
- ლიდერები უნდა შესულიყვნენ სასესიო დარბაზში და მოეწყოთ ობსტრუქცია, ხმაურიანად გაეპროტესტებინათ სესიის ჩატარება, გაეპროტესტებინათ მათი უფლებამოსილების ცნობა და უკანონო დანიშვნები.
გაეკეთებინათ ტრიბუნასთან ჯაჭვი და ეცადათ, არ მიეშვათ არავინ. გამოყრიდნენ ძალადობით? ზუსტად ეს იქნებოდა სურათი, რომელიც დღევანდელ დღეს სჭირდებოდა.
ვითარების აბსურდულობას ისიც გაუსვამდა ხაზს, რომ დარბაზიდან ძალადობით გამოყვანის შემდეგ მათ უფლებამოსილებას უყრიდნენ კენჭს. ეს იქნებოდა სწორი სურათი, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ის „იდილიური ტკბობაც“ ჩაუმწარდებოდა ბიძინას. გარეთ კი ხალხი დარწმუნდებოდა, რომ ეს ხალხი ნამდვილად მზად არის სერიოზული ბრძოლისთვის და მათი რაოდენობა ერთი რიგით გაიზრდებოდა.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)