ბედის მწარე ირონია და 24 წლის წინ დაშვებული მძიმე შეცდომა - რუსები უკრაინელებს მათივე გადაცემული ბომბდამშენებითა და რაკეტებით ბომბავენ
ბედის მწარე ირონია, როდესაც უკრაინელებს მათივე გადაცემული ბომბდამშენებითა და რაკეტებით ბომბავენ რუსები...
მასობრივი სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე
დღეს, 2024 წლის 28 ნოემბერს, რუსეთმა უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საჰაერო დარტყმები მიაყენა, რომლებიც კომბინირებული სახის იყო. გამოყენებული იქნა საჰაერო ბაზირების Х-10-ის (57 ერთეული) და საზღვაო ბაზირების Калибр-ის (28 ერთეული) ტიპის ფრთოსანი რაკეტები, С-300-ის სამი საზენიტო რაკეტა (ოღონდ „ხმელეთი-ხმელეთის“ დანიშნულებით), ტაქტიკური დანიშნულების „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის Х-59/69-ის ტიპის სამი მართვადი რაკეტა და Shahed/Герань-2-ის ტიპის 97 კამიკაძე-დრონი...
ამ 188 საჰაერო სამიზნედან უკრაინელმა მეზენიტეებმა შეძლეს 104-ის ჩამოგდება, 62 კამიკაძე-დრონი კი რადიოლოკატორების ეკრანებიდან „გაქრა“ ანუ ისინი უკრაინული რადიოელექტრული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების შედეგად ან ბელარუსისკენ გაფრინდნენ, ან რუსეთის ცას დაუბრუნდნენ, ან კიდევ, უბრალოდ, ჩამოვარდნენ, რადგან „ცრუ-შაჰიდებს“ წარმოადგენდნენ, საბრძოლო ქობინების გარეშე და უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვა ევალებოდათ, თავიდანვე.
ეს მხოლოდ სტატისტიკაა, რომელიც თითქმის ყოველ ღამეს მეორდება უკრაინის ცაში და უკრაინის მაცხოვრებლებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, თუნდაც გამუდმებული საჰაერო განგაშების გამოცხადებების გამო...
მაგრამ ბედის მწარე ირონია ის არის, რომ...
უკრაინელებს მათ მიერვე გადაცემული ბომბდამშენებითა და რაკეტებით უტევენ რუსები...
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
1995 წელს რუსეთმა აღიარებინა უკრაინას, რომ მას რუსული გაზის მიწოდების ანაზღაურებაში 1,5 მლრდ-დოლარიანი ვალი დაუგროვდა.
უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ ამ მნიშვნელოვანი თანხის ოდენობის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და მისი მომსახურებისთვის ყოველწლიურად 200 მლნ დოლარს ხარჯავდა, მაგრამ 1999 წელს შეაჩერა გადახდა, ფინანსების უქონლობის გამო.
მაშინ მოსკოვმა კიევს ასეთი გარიგება შესთავაზა - რუსეთი უკრაინას გაზის ვალიდან 285 მლნ დოლარს ჩამოაჭრიდა, სამაგიეროდ კი, კიევს რუსეთისთვის უნდა გადაეცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სამხედრო აეროდრომებზე დარჩენილი 11 სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი თვითმფრინავი, მათ შორის, იმ დროისთვის უახლესი 8 ერთეული Ту-160 და 3 ცალი Ту-95МС.
რას ითვალისწინებდა უკრაინულ-რუსული გარიგება?!
თუმცა გარიგებაში, ასევე, შედიოდა ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის საჭირო სააეროდრომო მოწყობილობებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სტრატეგიული ბომბდამშენების მთავარი შეიარაღების - Х-55-ის და Х-55СМ-ის ტიპის 575 ფრთოსანი რაკეტის გადაცემაც.
გარიგება შედგა და უკვე 2000 წლისთვის მთელი ეს სტრატეგიული დანიშნულების შეიარაღება, რომელიც ბირთვული იარაღის გადამტანი იყო, რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
და უკრაინაზე ღიად თავდასხმის შემდეგ თვე არ გასულა, რომ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსთან განთავსებული სამხედრო აეროდრომიდან აფრენილმა, რუსულ გაზში გადაცვლილმა Ту-160-ის და Ту-95МС-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის ზღვის აკვატორიის საჰაერო ზონიდან Х-55-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები (რომელთა ფრენის მაქსიმალური მანძილი 2 500 კმ-მდეა) უკრაინას უკან „დაუბრუნეს“, ამჯერად - სასიკვდილო „საჩუქრის“ სახით...
თუმცა ომის მეორე წლისთვის რუსეთს ეტყობა, გამოელია საბჭოთადროინდელი ფრთოსანი Х-55-ები, Ту-160-ები და Ту-95МС-ები და სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან უკვე, ძირითადად, შედარებით თანამედროვე Х-101-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს უშვებს უკრაინული ქალაქების მიმართულებით, თუმცა მათ ნაწილს სწორედ ძველი Х-55-ებიდან მოხსნილი კომპაქტური ტურბორეაქტიული ძრავები უყენიათ...
როგორ მოგწონთ სიტუაცია, როდესაც თავის დროზე მშობლების ბინების რუსული გაზით გათბობის სანაცვლოდ, დღეს მათი შვილები უკრაინაში რუსული რაკეტებით იღუპებიან?!