"იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ვალდებულები ვართ, გავიმარჯვოთ" - კვირის პალიტრა

"იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ვალდებულები ვართ, გავიმარჯვოთ"

"

მნიშვნელოვანი ფაზა დადგა დღეს თითოეული თავისუფალი მოქალაქისთვის. ეს არის გამოცდა, ეს არის დაუმორჩილებლობის ბრძოლა, - ეს განცხადება რატი ამაღლობელმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების სახელით წაიკითხა.

განცხადებაში ამაღლობელმა აღნიშნა, რომ დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან.

„28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე.

ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება.

საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ.

მოვუწოდებთ ევროპის კავშირს არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ.

ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და მნიშვნელოვანი ფაზა დადგა დღეს თითოეული თავისუფალი მოქალაქისთვის. ეს არის გამოცდა. ჩვენ ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ და გადავარჩინოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, საქართველოში ადამიანური ღირებულებები, ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა. თუ დავკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მივენდობით პუტინსა და მის დამქაშებს, აქ გაჭირდება ყოფნა. ეს არის დაუმორჩილებლობის ბრძოლა“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

"ინტერპრესნიუსი"