"დღეს დაესვა წერტილი მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ"
დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
“მე მესმის, დღეს თუ რა ემოციებითა და განწყობით არიან იმიტომ, რომ მეც და ჩვენ, ყველანი, იმავეს განვიცდით. დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა.
დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"