პოლიტიკური მიწისძვრა: რა პროცესები დაიწყო 28 ნოემბერს?! - ექსპერტების ანალიზი: დაიწყება თუ არა ესკალაცია - კვირის პალიტრა

პოლიტიკური მიწისძვრა: რა პროცესები დაიწყო 28 ნოემბერს?! - ექსპერტების ანალიზი: დაიწყება თუ არა ესკალაცია

პრემიერ- მინისტრის სკანდალურ განცხადებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“,- განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც მანამდე იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე. „კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“, - განაცხადა მან, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების გამო ევროპარლამენტიც გააკრიტიკა. პრემიერის ამ განცხადების შეფასება ვთხოვეთ ექსპერტებს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- საქმე ძალიან რთულად არის. ირაკლი კობახიძის განცხადება პირდაპირ კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევაა. ჩვენი კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის და როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ პროცესს აჩერებს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ვიღაცები თვლიდნენ, რომ ეს პარლამენტი არ არის აღიარებული, მაგრამ დღეს კობახიძემ პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა და გამოაცხადა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური სივრციდან და რომ ხელისუფლება აწყობს ერთგვარ სახელმწიფო გადატრიალებას. არღვევს იმ მანდატს, რა მანდატითაც ის აირჩიეს. ფაქტობრივად, ეს არის გადატრიალება, რომელსაც ქართველ ხალხს უწყობს ხელისუფალი. წარმოუდგენელია, სხვას აბრალებენ კონსტიტუციის დარღვევას და საუბრობენ უფლებამოსილების გადამეტებებზე და ამ დროს ფაქტობრივად ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორი შეცვალეს. დაარღვიეს კონსტიტუციის 78 მუხლი პირდაპირ, უხეშად და უტიფრად. ახლა მაინტერესებს რას იტყვიან სხვა მინისტრები, გახდებიან ამ დანაშაულის თანამონაწილეები? დღემდე ფუთავდნენ და ამბობდნენ, რომ ასეთი ოდიოზური გზით მაინც ევროპაში მივდივართო, არადა დღეს პირდაპირ გამოგვიცხადა, ვაჩერებთ ყველაფერს 2028 წლამდეო. მისი გამოსვლა პირდაპირ ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს. როდესაც ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, ვალდებულია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი პირდაპირი დემოკრატიული გზით. ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში, ან უნდა გაუშვას ეს ხელისუფლება და მოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც აღადგენს კონსტიტუციურ ვითარებას. ხალხია აქ მთავარი. თვითონ გავიდნენ კონსტიტუციური სივრციდან, თვითონ დააყენეს საკუთარი თავი კანონგარეშე, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მოტივი ამოძრავებდათ, ეს საერთოდ არ არის საინტერესო, ფაქტია, რომ ჩაიდინეს დანაშაული.აქ ახლა მთავარია ქართველი ხალხი. მათ შორის მათი ამომრჩევლები, რომლებმაც მანდატები მისცეს ზუსტად იმიტომ, რომ ხალხი ევროპისკენ წაეყვანა. რა ეწერა მათ ბანერებზე? მშვიდობით, ღირსებით, ევროპისკენ და დღეს ამბობენ არას. ამაშია საქმე, ახლა ქართველი ხალხის მოედანზეა ბურთი და თუ აიტანს ამას ქართველი ხალხი, მაშინ გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს. ამ მიმართულებით მუშაობენ ისინი დიდი ხანია, მაგრამ ასე აშკარად კონსტიტუციის დარღვევაა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ამბობს პირდაპირ, ვაჩერებ 78 მუხლსო. კონსტიტუცია შეაჩერა ხელისუფლებამ. თვითონ გავიდა კონსტიტუციური სივრციდან. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის ხუნტა, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. რაშია ეს ინტერესები ეს ცალკე თემაა, ამ ეტაპზე ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- "ქართული ოცნება" მუდმივად ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას უნდოდა ომი გამოეცხადებინა რუსეთისთვის, დღეს კი მივიღეთ ფაქტობრივად რეალობა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" თავად გამოუცხადა ომი ევროკავშირს. სხვა განმარტება ამას არ შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ლაპარაკობ იმაზე, რომ წყვეტ ყოველგვარ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, როცა გაწევრიანების საკითხი ისედაც შეჩერებული იყო და 2028 წლამდე აჩერებ ყოველგვარ ურთიერთობას პოლიტიკურს და ეკონომიკურს, ამასთანავე აგრძელებ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რასაც ბოლო ორი წელია "ქართული ოცნება" სისტემატურად აწარმოებს. აქ ჩვენ ომი მივიღეთ არა რუსეთთან, არამედ ევროკავშირთან. ეს იმ დროს, როცა იძახდნენ, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ ღირსეულადო, ეს კი ძალიან ჰგავს სეთურის განცხადებას, როდესაც აცნობს, მიწა როგორ გამოაქვს, სად იტრიალებს და როდის გამოვა იმ ჭაში, სადაც ყრუმუნჯი ზის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ საერთოდ ევროპისკენ არ წავიდეთ. რეალობა ასეთია და დანარჩენი რა გითხრათ, დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე როგორ აღიქვამს ამას ქართული საზოგადოება და როგორი იქნება მისი რეაქცია ამ ყველაფერზე. ვხედავთ ისედაც, "ქართული ოცნება" კარგა ხანია გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, ახლა ლაპარაკი მიდის იმაზე, როგორ დავაბრუნოთ კონსტიტუციის ჩარჩოებში ეს ყველაფერი. იმის მიუხედავად რომ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან მაინც ის აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, საზოგადოებრივ ცხოვრებას, პოლიტიკას, მედიას. ხალხის ამოცანაა რომ ეს ხელისუფლება დავაბრუნოთ კონსტიტუციის ფარგლებში, ვაიძულოთ სწორად გადადგას ნაბიჯები და ევროპისკენ წავიდეს, მაგრამ ეს რომ მოხდეს ამას სჭირდება ძალიან მძლავრი საპროტესტო მოძრაობა. რეალობაა ასეთი, რომ ასეთი მძლავრი საპროტესტო მოძრაობის ორგანიზება ოპოზიციას არ შეუძლია. ამიტომ ორგანიზება უნდა მოხდეს სწორად, გათვლილი ნაბიჯებით, რომ საპროტესტო ტალღა აგორდეს და თუ აგორდება ისეთი მძლავრი ტალღა როგორიც იყო 2003 წელს და 2012 წელს, მაშინ ხელისუფლება წავა დათმობებზე. თუ ეს არ გაკეთდა, უკვე გამოგვიცხადეს ვწყვეტთ კავშირებს ევროპასთანო. ახლა ევროკავშირმა რა რეზოლუციაც არ უნდა მიიღოს, იტყვიან ისედაც გაწყვეტილი გვაქვს კავშირები ევროპასთან, არ ვართ მზად ახლა ამისთვისო. რა იქნება ევროკავშირი ძალებს ვერ შემოიყვანს საქართველოში.

- რისთვის აკეთებს ამას ხელისუფლება? გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მათ შორის თავად ოცნების ამომრჩეველიც?

- ჯერჯერობით საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გრძნობს რამხელაა ეს განცხადება, ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება ამის გათავისებას. მიიღო რეზოლუცია ევროპარლამენტმა და ამას თუ გაგრძელება არ მოჰყვება და როგორც ხელისუფლება ამბობს, ეს არის ფარატინა ქაღალდი და ასე აღიქვამს ამას ხალხიც, მაშინ არაფერი გამოვა, მაგრამ თუ ამას სერიოზული გაგრძელება მოჰყვება, მაშინ მოსახლეობა რეალურად დაინახავს იმ საფრთხეს რომ ჩვენ ევროპას კი არ ვუახლოვდებით, არამედ საერთოდ ევროპისკენ არ მივდივართ. ახლა ეს უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამ ამას ემატება პოლიტიკური ოპოზიციის არამარტო სისუსტე, არამედ გაურკვევლობა, ჩამოუყალიბებლობა, ოპოზიციაში გავლენიანი ლიდერების არარსებობა. როდესაც ამ რეზოლუციას კითხულობ სადაც წერია, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი, რაზეა ლაპარაკი. ამას ხომ ხელისუფლება ისევ სათავისოდ გამოიყენებს. ის ხალხი ვინც ამაზე მუშაობდა, რომ ეს ჩაწერილიყო რეზოლუციაში, ხომ მიდის დინების საწინააღმდეგოდ, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია. დღეს ნებისმიერმა, ვინც სიტუაცია იცის საქართველოში ხვდება, რომ პრეზიდენტს თუ უნდა პოლიტიკაში დარჩეს, როგორც კი შეიწყალებს ის სააკაშვილს, მისი პოლიტიკური რენომე განულდება. ამიტომ ვინც მუშაობდა ამ რეზოლუციაზე ჩვენს პარტნიორებთან იმათმა ეს ხომ იციან და რატომ ჩააწერინეს ეს? რაზეა ლაპარაკი, გვინდა ევროპა ასე ლოზუნგებით არ შეიძლება, ამას აკეთებს ოპოზიცია. რაღაცნაირად უნდა ჩამოყალიბდეს როცა საპროტესტო აქციებზე ლაპარაკობენ რა უნდა გაკეთდეს, ფაქტია ოთხი ოპოზიციური პარტია ვერ ახერხებს იმას, რომ საკოორდინაციო საბჭო შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა ამ აქციების მასშტაბურობას. დღეს ჩვენ ხელისუფლებასთან საქმე არ გვაქვს, საქმე გვაქვს ოპოზიციასთან და ოპოზიციურ საზოგადოებასთან. ძალიან მძიმე პროცესია, მაგრამ სანამ ამ პროცესს არ გავივლით და არ ჩამოვყალიბდებით და არ გავაცნობიერებთ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, "ქართული ოცნება" ყოველთვის გაიმარჯვებს.

- პაპუაშვილის განცხადებაზე რას იტყვით?

- ისე ლაპარაკობს პაპუაშვილი ვითომ ჩინეთთან მე დავდე ეს ხელშეკრულება. ჩინეთსაც ძალიან უნდა ევროპასთან ურთიერთობები ჰქონდეს, ანაკლიის პორტი თუ რამეში სჭირდება ჩინეთს, იგივე ხელისუფლების განცხადებით ის არის, რომ გზა შეამოკლოს ევროპამდე. რაც პაპუაშვილმა ილაპარაკა ეს რა არგუმენტია, მაშინ უნდა დავდგეთ და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ რეფერენდუმი ჩინეთი გვინდა თუ ევროპა. პაპუაშვილი რატომ წვეტს ამას, ხალხმა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. კობახიძის ამ გამოსვლის შემდეგ ვფიქრობ შესაძლოა ოპოზიციის გარეშეც დღის წესრიგში ისედაც შეიძლება დადგეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, დიდი პროტესტი, არაფერს არ გამოვრიცხავ. ვნახოთ რა გაგრძელება მოჰყვება ამას. ფაქტია ძალიან რთული ვითარებაა. თუ პრეზიდენტი აპირებს ვადის გასვლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში დარჩენას და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას უნდა მოხდეს ახალი გუნდის ჩამოყალიბება, ისეთი გუნდის, რომელიც ძველი სახეებიდან იქნება დაცლილი და თუ არსებულიდან შემოკრებს ისევ ლიდერებს და მათ ჩაუდგება სათავეში, ეს არაფერ შედეგს არ მოიტანს. მართლა რთული ვითარება გვაქვს და ახლა მთავარია ხალხი რას იზამს. სხვაგვარად ფიქრობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და ამ ნაბიჯს უწონებს ირაკლი კობახიძეს.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:

- ეს განცხადება მოულოდნელი იყო ყველასთვის, მათ შორის შეიძლება თავად პრემიერისთვისაც. რაც მოყვა რეზოლუციას. იყო რამდენიმე ვარიანტი საქართველოს მხრიდან იმ რეზოლუციაზე რეაგირების. პირველი, გატარება ამ რეზოლუციის და უყურადღებოდ დატოვება, თქვა კიდეც კობახიძემ, ასეთები ბევრი მიუღიათ ადრეც და ეს არაფერს ნიშნავსო. მეორე, იმის თქმა, საყურადღებოა, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, დავფიქრდებით და გამოვსწორდებითო და მესამე ის, რაც გაკეთდა, ანუ საპასუხო დარტყმა. ქუჩურად რომ ვთქვათ, ხურდა დაუბრუნა ევროპას და მე მგონია, რომ ჯობია ხურდა დაუბრუნო. ახლა რომ გაკეთდა ის ადრინდელი დაგროვილის პასუხიც არის. ახლა არის გარდამტეხი პერიოდი ლიბერალების და კონსერვატორების მსოფლიო დაპირისპირების თვალსაზრისით და ჩვენ ამ დაპირისპირებაში ვართ ჩართული. ჩვენი შეფასება, რაც წერია რეზოლუციაში, ლიბერალების გაკეთებულია. შემთხვევითი არ არის ეს. ორბანი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა და დაუპირისპირდნენ კონსერვატორ ორბანს. ახლა გაჩუმება ჩვენი ნიშნავდა იმასაც, რომ ორბანი არ დაიცავი და იმასაც რომ ამ დიდ დაპირისპირებაში გვერდით გადექი, მხდალის პოზიცია დაიჭირე. რაც მთავარია თუკი ასეთი პასიურ და მხდალ პოზიციას დაიკავებს საქართველო დიდი შანსია სხვა ევროპული სტრუქტურები თუკი მომავალ არჩევნების და ამ ძვრების შედეგად კონსერვატორებით დაკომპლექტდა შეიძლება საქართველოსადმი უარყოფითი პოლიტიკა გამოიმუშაო. რახან ბრძოლაა, ყველას აქვს იმის სურვილი, რომ გაარკვიონ სადა ხარ შენ, რომ გირტყამენ. გირტყამენ იმიტომ რომ ლიბერალების მხარეს არ ხარ. სააკაშვილების გამოშვებას იმიტომ ითხოვენ, რომ ლიბერალების მხარდამჭერი სააკაშვილი სჭირდებათ. შენ ამ ბრძოლაში ამიტომ დაგარტყეს. კონსერვატორების გამო დაგარტყეს, იმიტომ რომ შენთან ორბანი მოვიდა. ეს არ იყო საქართველოზე დარტყმა, ეს იყო დიდი პოლიტიკა, იყო უბრალოდ საქართველზე განხორციელებული, ამიტომ ამ დარტყმისთვის საქართველოს უნდა ეპასუხა.

_რას ვიგებთ ამით?

- ჯერ ერთი, მებრძოლი ხდები და თუკი აეწყობა მომავალი მსოფლიო წესრიგი, შენს ადგილს დაიკავებ, როგორც საკუთარი ხმის მქონე ქვეყანა. ერთ რამეს იგებ, უფრო მეტია შანსი არ შეგიჩერდეს ის რაღაცეები, რითაც გემუქრებიან. მე ასე ვიტყოდი, კობახიძის გაცემულმა შესანიშნავმა პასუხმა ამ მხრივ კაცობის, ღირსების და პოლიტიკურობის თვალსაზრისით ის დაანახა მსოფლიოს, რომ შენზე დარტყმა არ შეიძლება და უპასუხებ ამას.

- ვნახეთ პუტინის განცხადებაც მოყვა ამას, ეს მოვიგეთ?

- ქართველებმა ვერ ვისწავლეთ, რომ პუტინი და ლავროვი ყოველთვის ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ოპოზიციას გამოადგება. ეს ხომ იმისთვის არის გაკეთებული, რომ ოპოზიციამ აიტაცოს და იძახოს, თქვენ პუტინიც გიჭერთ მხარსო.

- ხალხი ქუჩაში გამოდის, კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ კობახიძეს, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ კურსი არის ევროპისკენ- მერე კობახიძემ თქვა ევროპისკენ არ მივდივართო? მე ვიღაც მირტყამს და მე პასუხს თუ არ ვიძლევი ჩემზე კარგი წარმოდგენა გექნებათ? ამით ვიგებთ, იმას რომ პატივი გვცენ.

- როგორ ფიქრობთ, რა მოყვება ამას?

- გამოვა ქუჩაში ოპოზიცია. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც ეს დადგენილება დააწერინა უცხოელებს, თქვეს კიდეც ჩვენი დაწერილიაო. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც ერთი კვირის წინ ხალხი ვერ შეკრიბა მიტინგზე. რასაც თბილისელები ყურს არ უგდებენ იმას ევროპელებმა დაიდეს ყური და ვნახეთ რა თამაშს თამაშობენ ის ევროპელები. თამაშობენ ამ დაპირისპირებას და იმის მხარეს იკავებენ, ვინც აწყობთ. აწყობთ სააკაშვილი და ცდილობენ კონსერვატორული ძალები დასუსტდეს. ამ განცხადებით ხომ რუსეთის ხელში დატოვა საქართველო ევროპამ და კიდევ ვიძახით რუსეთისკენ მიდიხართო. ამ რეზოლუციით რუსეთის საქმე გაკეთდა.

- მაინც სად მივდივართ?

- რომელ ძალას საით მიყავს საქართველო, გარკვეულია, ოპოზიციას მივყავართ რუსეთისკენ, ხელისუფლება იბრდღვნის ყველაფერს. მე იმედი მაქვს რომ ქართველები ბრძოლის უნარიანები აღმოჩნდებიან. ჩვენ ვართ ახლა ბრძოლაში და ბრძოლაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება იკითხო ვიქნებით კარგად თუ არაო. თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ ეს უნიკალური ბრძოლაა, ასეთი მასშტაბის ბრძოლა დედამიწას არ ღირსებია. ერთ მხარეს კონსერვატორები, მეორე მხარეს ლიბერალები. ამ ბრძოლაში ხარ თუკი შენი ფუნქცია ადრე იყო ქრისტიანობა დაგეცვა, ახლა შენი ფუნქციაა კონსერვატიზმის ანუ იმის დაცვა, რომ სახელმწიფოს თავისი ღირებულებები ჰქონდეს, ეროვნულობა გქონდეს, ამ ზღუდის დაცვისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი. თუ ვამაყოფთ რომ ქართველები იბრძოდნენ ქრისტიანობისთვის, ამისთვის იბრძოდა დღეს საქართველო და ეს ისე საამაყოა, როგორც ქართველების ხმლიანი ბრძოლა.