ბრიტანული ჯარები უკრაინაში?! - ბორის ჯონსონის სენსაციური ინტერვიუ: როგორ გეგმავს ევროპა სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას - კვირის პალიტრა

ბრიტანული ჯარები უკრაინაში?! - ბორის ჯონსონის სენსაციური ინტერვიუ: როგორ გეგმავს ევროპა სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას

„ბრიტანეთის ჯარები, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინას საზღვრების დაცვაში უნდა დაეხმარნონ“, - ასეთი სათაური აქვს გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 29 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ბორის ჯონსონის ინტერვიუს შინაარსია გადმოცემული. ყოფილ პრემიერ-მინისტრს მთავარი რედაქტორის მოადგილე, ჟურნალისტი დომინიკ ნიკოლსი ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რას ამბობს ბორის ჯონსონი?!

როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, ექსკლუზიურ ინტერვიუში, „ბრიტანეთის ჯარები, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინას საზღვრების დაცვაში უნდა დაეხმარნონ - ყველა იმ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში, რომელსაც კი უკრაინა ხელს მოაწერს. ბრიტანული სამხედრო ქვედანაყოფები იქნებიან იმ მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების დაჯგუფებაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს“.

როგორც ცნობილია, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იანაუგურაციამდე (20 იანვრამდე) და, განსაკუთრებით, ინაუგურაციის შემდეგ აქტიურად შეეცდება უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეჩერებას. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ დღეებში, ყაზახეთში ყოფნის დროს, შეაქო დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ იგი „ჭკვიანი პოლიტიკოსია“ და იპოვის ომის შეჩერების გასაღებს: „მე, პირადად, მზად ვარ დონალდ ტრამპთან დიალოგისთვის“, - ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინმა.

რა მისიას შეასრულებენ უკრაინელი ჯარისკაცები

"მე არ ვფიქრობ, რომ ინგლისელი ჯარისკაცები უკრაინაში რუსებთან საომრად უნდა გავგზავნოთ", - ამბობს ინტერვიუში ბორის ჯონსონი, - "მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინაში ევროპის მრავალეროვნული სამშვიდობო ძალები უნდა განლაგდეს და მასში მონაწილეობა ბრიტანელებმაც უნდა მიიღონ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს“.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ ევროპული სამშვიდობო ოპერაცია დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშე განხორციელდება“, - აღნიშნავს ექსპრემიერი ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ბორის ჯონსონის აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, თუ რა გარანტიებს აძლევენ უკრაინას იმ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელი უნდა მოეწეროს. დასავლეთმა უკრაინა კონკრეტული რეალური მოქმედებით უნდა დაარწმუნოს, რომ რუსეთი მასზე თავდასხმას ვეღარ გაბედავს.

გარანტიის ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა უკრაინის ნატოს წევრად მიღება, რომლის წესდების მე-5 პუნქტი კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს - ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველას მიმართ თავდასხმას ნიშნავს და ისინი ვალდებულნი არიან, ერთმანეთს დაეხმარნონ, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის 32 წევრი ქვეყნიდან ბევრი არ ფიქრობს, რომ უკრაინა ალიანსში დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ.

სამაგიეროდ, გარანტიისათვის კარგი იქნებოდა ის გარემოება, თუ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე, სადემარკაციო (დამაშორიშორებელი) ხაზის გასწვრივ, მრავალეროვნული ძალები განლაგდებოდნენ (გაეროს მანდატით) და მათი ფუნქცია მშვიდობის შენარჩუნება იქნებოდა - ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსად, ოღონდ ნატოს პირდაპირი ჩარევის გარეშე. ამასთან, რადგან მრავალეროვნულ ძალებში ნატოს წევრების ქვედანაყოფებიც იქნებიან, მათზე თავდასხმას, ბუნებრივია, მე-5 პუნქტის ამოქმედება მოჰყვება.

„ჩვენ გვჭირდება, რომ მკაფიოდ განვსაზღვროთ, უსაფრთხოების რა გარანტიებს ვთვლით აუცილებლად“, - ამბობს ინტერვიუში ბორის ჯონსონი, - „ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც ნამდვილად იმუშავებს, არის ნატოს ხელშეკრულების (წესდების) მე-5 პუნქტის მსგავსი დებულება, რომელიც უკვე 80 წელია, ევროპაში მშვიდობას იცავს... სწორედ ამ მიზეზით გახდნენ ნატოს წევრები ბალტიისპირელები. სწორედ ამ მიზეზით არიან ალიანსის წევრები პოლონელები, უნგრელები, ჩეხები, ფინელები და შვედები“.

ბორის ჯონსონის თქმით, ნატოს თითქმის ყველა ევროპელ წევრს, შვედეთის გარდა, აქვს მტკივნეული ხსოვნა უახლესი ისტორიიდან, რუსეთის აგრესიულ მოქმედებაზე, ახლა კი მათ უკრაინაც დაემატა: „მას შემდეგ, რაც უკვე სამი წელია, ჩვენ ამ სასაკლაოს ვუყურებთ, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ვთვლი იმას, რომ უკრაინას დაცვის ასეთი გარანტია უნდა მივცეთ“.

რა პირობებს აყენებს პუტინი?!

ყაზახეთში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა კვლავ გაიმეორა ის პირობები, რომელიც კრემლმა ადრე გამოაცხადა: უკრაინამ უარი უნდა განაცხადოს ნატოს წევრობაზე და მთლიანად გაიყვანოს ჯარები ოთხი ოლქიდან, რომელთა ტერიტორია იურიდიულად უკვე რუსეთის შემადგენლობაში შედის და ეს ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული. დღემდე კიევი აცხადებდა, რომ რუსეთის ამგვარი ულტიმატუმური პირობა მისთვის მიუღებელია.

რუსეთის ლიდერი, ასევე, დაემუქრა უკრაინას, რომ კიევს დაბომბავდა და დაანგრევდა „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს“ (როგორც ჩანს, პუტინი გულისხმობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის და ცენტრალური ხელისუფლების სხვა შენობებს) ახალი რუსული რაკეტით, რომელსაც პირობითად „ორეშნიკს“ („თხილს“) უწოდებენ. რუსმა პრეზიდენტმა, ასევე, გააფრთხილა უკრაინა, რომ თუ კიევი ბირთვული იარაღის შექმნას განიზრახავს, ასეთი ნაბიჯი მას ძვირად დაუჯდება - რუსეთი ყველანაირ იარაღს გამოიყენებს.

გასულ კვირაში უკრაინამ ამერიკული და ბრიტანული რაკეტები - ATACMS-ები და Storm Shadow-ები რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად გამოიყენა, რის გამოც კრემლი განრისხდა და საპასუხოდ რაკეტა „ორეშნიკით“ უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე ქარხანას დაარტყა.

ინტერვიუში ექსპრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს „მორალური პასუხისმგებლობა აქვს“ უკრაინის დასაცავად, რამდენადაც ლონდონმა, რუსეთთან და აშშ-სთან ერთად, ხელი მოაწერა ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმს. ამ დოკუმენტით უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს მათ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დროიდან განლაგებულ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ.

ბრიტანელი კონსერვატორების ყოფილი ლიდერის განცხადებით, „ჩვენ იმ დროს რუსეთთან ვთანამშრომლობდით და უკრაინას ბირთვული იარაღი წავართვით - არადა, სწორედ ახლა სჭირდება კიევს ჩვენი დახმარება, რომლიც მას რუსული საშინელებისაგან დაიცავდა. კიევს რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რუსეთი თავს შეიკავებდა თავდასხმისაგან და უკრაინელებს პირდაპირ საწოლში არ დახოცავდა. სამწუხაროდ, ბუდაპეშტის მემორანდუმს ხელი ჩვენც მოვაწერეთ და პასუხისმგებლები ვართ უკრაინელთა მდგომარეობაზე“.

„დიახ, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სხვისი [უკრაინელების] ხელებით ვომობთ, მაგრამ ჩვენ მათ ომისათვის შესაძლებლობებს არ ვაძლევთ. უკრაინას ხელები ზურგსუკან აქვს შეკრული. ეს ჩვენი მხრიდან სასტიკი მოქმედებაა“, - ამბობს ბორის ჯონსონი და ბრიტანეთის ახალ ლეიბორისტულ მთავრობას საყვედურობს, აქტიურობას არ იჩენს უკრაინის დასახმარებლადო: „როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ლეიბორისტები იმ დროს ჩვენთან, კონსერვატორებთან ერთად იყვნენ. მე დიდ პატივს ვცემ ჩვენს თავდაცვის მინისტრს ჯონ ჰილს, იგი სერიოზულ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ, სამწუხაროდ, კიევი ბრიტანეთის მთავრობას უკვე აღარ თვლის დახმარების "ჩემპიონად" ევროპის მასშტაბით, რაც ძალიან სამარცხვინოა“.

ბორის ჯონსონის აზრით, დიდ ბრიტანეთს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ტაბუს დარღვევისათვის - ნება მიეცა უკრაინისათვის რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანული რაკეტების - Storm Shadow-ების მიწოდებასა და მათ გამოყენებაზე. „ჩვენ დრო დავკარგეთ, რაც უნდა ავინაზღაუროთ და დახმარების ტემპი დავაჩქაროთ“, - ასკვნის ექსპრემიერი ინტერვიუს დასასრულს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/11/28/uk-troops-should-help-defend-ukraine-border-in-ceasefire/