გამოსავალი სახიფათო პოლიტიკური კრიზისიდან - რეფერენდუმი ან პლებისციტი?! - კვირის პალიტრა

გამოსავალი სახიფათო პოლიტიკური კრიზისიდან - რეფერენდუმი ან პლებისციტი?!

ნოემბრის ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სახიფათო ფაზაში შევიდა. დუღილის ტემპერატურას განსაკუთრებით ზრდის ის, რომ პოლარიზაციის სხვადასხვა მხარეს მყოფი ძალები ერთმანეთს უაპელაციოდ აცხადებენ ქვეყნის მტრებად, აგენტებად და მოღალატეებად. აღარ არსებობს „არბიტრი“ დასავლელი ფასილიტატორების სახით.

დროში გაწელილი პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა, გადაიზარდოს პერმანენტულ დესტაბილიზაციაში, რაც უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ სისტემას, გაიზრდება სიღარიბე და უმუშევრობა, დამძიმდება კრიმინოგენული მდგომარეობა. გარდა ამისა, რეკორდულად გაიზრდება ემიგრაცია, რაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაპირობა გახდება.

ერთი შეხედვით, პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული და გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს. კერძოდ, ცივილიზებულ ქვეყნებში ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს საბოლოო ვერდიქტი გამოაქვს მის უდიდებულესობა ხალხს, რომელიც დემოკრატიის პრინციპების მიხედვით, ძალაუფლების მთავარი წყაროა. ამ „ვერდიქტის“ დაფიქსირება ხალხს შეუძლია რეფერენდუმის ან პლებისციტის მიხედვით.

შესაძლოა, საქართველოშიც პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტავად გამოსავალი სწორედ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება იყოს.

მაგალითად, სარეფერენდუმო ან პლებისციტის კითხვა შეიძლება იყოს ასეთი: „გსურთ თუ არა, რომ 2025 წლის გაზაფხულზე(ან შემოდგომაზე) საქართველოში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?“

ან ასეთი კითხვა: „ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი?“

ჩვენი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ რეფერენდუმისას ან პლებისციტისას მოსახლეობას პოზიცია ზემოხსენებულ ორივე საკითხზე დაეფიქსირებინა. ეს დაადასტურებდა, რეალურად რა სურს ხალხს და აიძულებდა პოლიტიკურ ძალებს, დამორჩილებოდნენ ამ „ვერდიქტს“. შესაბამისად, საფუძველი გამოეცლებოდა ყოველგვარ სპეკულაციებსა და შეთქმულებების თეორიებს - პოლიტიკური პროცესი სტაბილურ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა.

P.S. ეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია იმ პირობით, რომ რეფერენდუმი ან პლებისციტი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისის უფრო ღრმა ჩიხში აღმოვჩნდებით.

გიორგი კვიტაშვილი