"16 დეკემბერს საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს მამუკა მდინარაძე - კვირის პალიტრა

"16 დეკემბერს საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს მამუკა მდინარაძე

16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა იმართება - ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს, საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უნდა ეთქვა - ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის „მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი“.

„16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა იმართება და ამ თარიღზე იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები. ვერ მოგატყუებთ, ევროსაბჭოდან რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა-თქო, მაგრამ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ მათი გეგმებით, 16 დეკემბერს საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უნდა ეთქვა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ყველა შემოდგომაზე და გაზაფხულზე ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ვგულისხმობთ, რომ წელიწადში ორჯერ, ამ პერიოდში იგეგმება და ტარდება ხოლმე ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება. მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი.

საერთოდ არ მოვიდნენ და არ გააპროტესტეს მთავრობის დამტკიცების დღე. ისინი მთელს გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბერზე.

16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა, იქიდან გამომდინარე რომ „ქართულ ოცნებას“ ევროსაბჭომ და ევროკომისიამ უარი უთხრა მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ. ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს იმ კითხვაზე [რომელიც მათ აქვთ] - რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინც და მაინც ახლა, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა არ არსებობდაო“,- განაცხადა მდინარაძემ

"ინტერპრესნიუსი"