"ამ ყველაფერში არც ევროკავშირის კურთხევა გვჭირდება და არც რუსეთის" - ჩამოსარეცხი სირცხვილი თუ გონივრული ნაბიჯი - კვირის პალიტრა

"ამ ყველაფერში არც ევროკავშირის კურთხევა გვჭირდება და არც რუსეთის" - ჩამოსარეცხი სირცხვილი თუ გონივრული ნაბიჯი

"ვინც არ უნდა იყოს დაშავებული, პოლიციელი თუ აქციის მონაწილე, საშინელი სანახავია"

ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საკუთარ მოსაზრებებს მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი და მომღერალი ირაკლი ნოზაძე გვიზიარებენ.

დავით ბეშიტაიშვილი, მსახიობი:

- იმას, რაც ბოლო დღეებია ქვეყანაში ხდება, ძნელია სახელი მოვუძებნო. ახლაც აქციაზე ვარ. 28 ნოემბრის ღამესაც ვიყავი. მე არ მიმიღია დაზიანება, თუმცა დაპირისპირება ჩემს თვალწინ ხდებოდა. ისეთი წყალი მოგვასხეს, მთელი ღამე კანი მეწვოდა. წყლის მანქანიდან საწამლავს გვასხამდნენ, მოგვშხამეს. ეს კიდევ მსუბუქი რამ იყო იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. როცა შენს თვალწინ არის ასეთი დიდი უსამართლობა და ადამიანს ვერაფრით შველი, ეს მერე უფრო დიდ პროტესტს იწვევს.

- დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება: "თუ ევროკავშირს უნდა მოლაპარაკების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს".

- რა? ეს არ ვიცოდი, გამომრჩენია. გუშინდელს შემდეგ დღეს ეს განცხადება გაკეთდა? ხედავთ, ო ვის ხელში ვართ? ეს ჩვენი სახელმწიფოს დიდი სირცხვილია. ალბათ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ. ვინმეს ბოდიში თუ უნდა მოვუხადოთ, ეს ცივილიზებული სამყაროა. სამყარო, რომელიც ათწლეულებია გვერდით გვიდგას. საკუთარი მერკანტილური ინტერესების გამო, რას აკეთებენ.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ესენი უნდა მოვიშოროთ, უნდა წავიდნენ, თორემ დავიღუპებით, როგორც სახელმწიფო დავიღუპებით!

ირაკლი ნოზაძე, მომღერალი:

- ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, უკვე ძალიან შემაწუხებელია, ეს პატარა გუნდი, ამდენი ხსნის განმავლობაში როგორ აჯანჯღარებს ამ ქვეყანას. ყველაფერს კადრულობენ, ავრცელებენ ათას დეზინფორმაციას, რასაც მერე არეულობის საბაბად იყენებენ. ახალგაზრდების ენთუზიაზმს და სავსე გულებს იყენებენ თავიანთი დესტრუქციული ქმედებებისთვის. არ შეიძლება, მომავალი თაობა ისეთი ოდიოზური ფიგურების გვერდით იდგეს, როგორიც დღეს ოპოზიციაში გყავს. გულწრფელად გეუბნებით, ეს ყველაზე მეტად მაწუხებს და მტკივა.

- იმ ადამიანებს და ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს აქციებზე დგანან, "პატარა გუნდს" უწოდებთ?

- რადიკალური ოპოზიციური ძალა არის პატარა გუნდი. ამ პატარა წრეში "იხარშება" მათი ბინძური გეგმები, შემდეგ გამოდიან და პატიოსან ადამიანებს ეფარებიან, როგორც კი სიტუაცია იძაბება, ყველა ბელადი, ფსევდოპატრიოტი ქრება. ნაცები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, გაიხსენეთ, აქციებზე რამდენი ლიდერი იდგა წინა ხაზზე. მხოლოდ კობა დავითაშვილი რომ დავასახელოთ, ესეც კი საკმარისია.

- რა განცდა გაქვთ, როდესაც აქციაზე დაშავებულ ადამიანებს ხედავთ?

- ვინც იტყვის, რომ ეს კარგი სანახავია, ის ნორმალური ფსიქიკის ადამიანი არ იქნება, გული ძალიან მტკივა. არ შეიძლება, ეს ვინმეს უხაროდეს, მოსწონდეს. ვინც არ უნდა იყოს დაშავებული, პოლიციელი თუ აქციის მონაწილე, საშინელი სანახავია.

- მმართველი გუნდის განცხადებამ, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ხალხი ქუჩაში გაიყვანა, თქვენ როგორ მიიღეთ?

- ეს განცხადება გულდასმით მოვისმინე. მანამდე სულ ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, მმართველ გუნდს დაეპირისპირებინა სპეკულირებისთვის, რომელიც ამ თემაზე სულ იყო და დღესაც არის. სულ ისმის, ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, ვიღაც რაღაც მონაკვეთს ჭრის ჩანაწერიდან, მერე აფრიალებენ და ეს ისე ხდება, პასუხს არავინ არაფერზე სთხოვს. მართლა ვერ ვხვდებოდი, ამ შემთხვევაში რა იქნებოდა ეფექტური ნაბიჯი ხელისუფლებისგან და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება რომ მოვისმინე, დავეთანხმე. ეს სპეკულირებას დაასრულებს, ამ ნაბიჯმა შედეგი უნდა გამოიღოს. ჩვენ ხომ წინსვლა გვინდა, განვითარება და მშვიდობიანი ცხოვრება ჩვენს ახლობლებთან ერთად. ამ ყველაფერში არც ევროკავშირის კურთხევა გვჭირდება და არც რუსეთის. ერთმანეთის ჭამას თუ შევეშვებით, უფრო სწრაფად განვვითარდებით და უფრო მაგრებიც ვიქნებით. სამშობლოზე ყველამ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ.

- ქუჩაში გამოსულ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. თქვენ ამის საფრთხეს ვერ ხედავთ? ამ დღეებში ხელისუფლება პუტინმაც შეგვიქო.

- მე ამ საფრთხეს საერთოდ ვერ ვხედავ. ჩვენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს თავს მივხედოთ და მაქებარი ძალიან ბევრი გამოგვიჩნდება. ბევრს ჩვენი წარმატება არ ახარებს. აქედან გამომდინარე, ამას ნაკლები ყურადღება მივაქციოთ და განვითარებაზე ვიზრუნოთ.

- მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურა თქვენთვის მისაღებია?

- ამ შემთხვევაში ობიექტური ვერ ვიქნები, მიშა ჩემი მეგობარია, დამერწმუნეთ, ძალიან კარგი ადამიანია, ნამდვილი პატრიოტია, სწორედ ამიტომ, მთელი გულით მას და ჩვენს ქვეყანასაც დიდ წარმატებას ვუსურვებ!

თამუნა კვინიკაძე (სპეციალურად საიტისთვის)