„მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ - უჩვეულო პრემიერა სოხუმის თეატრში
რეჟისორმა სოხუმში შეკრებილი ამბები და მოგონებები სპექტაკლად აქცია
4 და 5 დეკემბერს, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რეჟისორ ზურაბ კანდელაკის პიესის „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ პრემიერა გაიმართება.
ზურაბ კანდელაკის ნაწარმოები, „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა. გარკვეულ მიზეზთა გამო, ისინი თოქ შოუს ჩაწერაზე ხვდებიან, სადაც უნდა გაიარონ კასტინგი და კომისიის დავალებით, მათ მიერ ნათამაშები როლებიდან, სხვადასხვა ნაწყვეტი შეასრულონ. მუშაობა - რეპეტიციის პროცესში, ისინი სოხუმის თეატრს და იქაურ განუმეორებელ ატმოსფეროს იხსენებენ; და ასევე ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს, აღსავსეს სევდით, იუმორით, ტრაგიზმითა და ოპტიმიზმით...
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ლილი ხურითი (სალომე) და გივი ჩუგუაშვილი (გიორგი).
(ერთმოქმედებიანი დრამის ხანგრძლივობა: 1 სთ და 10 წთ. ასაკობრივი ზღვარი: 7+
პროექტის ავტორები: ზურაბ კანდელაკი, კობა ცხაკაია. რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: სოფო მარიამ ქორიძე, მუსიკალური გაფორმება: ზურაბ კანდელაკი. ხმის რეჟისორი: თაზო კანდელაკი. რაც შეეხება ლილი ხურითსა და გივი ჩუგუაშვილს, სხვადასხვა წლებში ეს მსახიობები ზურაბ კანდელაკს რადიოსპექტაკლებში იყვნენ დაკავებული, რეჟისორი კარგად იცნობდა მათ შესაძლებლობებს და მათზე არჩევანიც აქედან გამომდინარე შეაჩერა).
ზურაბ კანდელაკი:
(რეჟისორი, მწერალი და დრამატურგი, რადიოთეატრის მთავარი რეჟისორი):
- „ბავშვობაში ხშირად დავდიოდი თეატრებში, განსაკუთრებით მარჯანიშვილის თეატრის ხშირი სტუმარი ვიყავი. რუსთაველის თეატრში კი პირველად „სამშობლო“ ვნახე. იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე მოხვედრა ძალიან რთული იყო. მიღება სამ წელიწადში ერთხელ ხდებოდა და საჭირო იყო მუშაობის სტაჟიც. ამიტომ რუსთაველის თეატრში სცენის თანამშრომლად დავიწყე მუშაობა და ორი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვიღებდი მასობრივ სცენებში. ამის შემდეგ „თეატრალურში“ ჩავაბარე, სადაც ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი დოდო ალექსიძე გახლდათ...
თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მეუღლესთან, მსახიობ ზეინაბ გზირიშვილთან ერთად მუშაობა სოხუმის დრამატულ თეატრში დავიწყე. (იქ 3 სპექტაკლი დავდგი: „შენი ძია მიშა“„ძველი რომანსები“ ანზორ ქუთათელაძესთან ერთად, „უცნაური მისის სევიჟი“). სოხუმში მხოლოდ 2 წელი და 6 თვე დარჩი, მაგრამ იქ გატარებულ დროს, თავის ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად მივიჩნევ.
რაც შეეხება პიესას, „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“, მის შემქმნას შემდეგი წინაპირობა აქვს: ევროპაში ძალიან პოპულარულია რადიოპიესის თამაში მაყურებლის თვალწინ. ეს ფორმატი პირველად უნგრეთში ვნახე, სადაც სპექტაკლს ვდგამდი. იქ ერთ-ერთ ბარში იდგა მოკროფონები და მსახიობებმა პიესა მაყურებლის თვალწინ წაიკითხეს. დასრულების შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებასა და მსახიობებს შორის დიალოგი გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, მაყურებელს სურს იმ მსახიობების ნახვა, ვისი ხმაც რადიოთი ესმით და აქცენტი ყოველთვის პოპულარულ მსახიობებზე კეთდებოდა. 3 წარმოდგენის შემდეგ, უკვე სპექტაკლის ჩაწერა ხდებოდა და დამონტაჟებულს რადიოეთერში უშვებდნენ. ასეთივე თამაშს დავესწარი გერმანიაში, სადაც მსახიობები მაყურებლის წინაშე დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგნენ. ჩანაწერი იმავე დღეს, პარალელურ რეჟიმში კეთდებოდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ეს იდეა ძალიან მომწონდა და მის განხორციელებაზე სულ ვფიქრობდი. ახლა კი პროექტის განხორციელება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით, ხოლო კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ ჩვენი შეთავაზება, სპექტაკლი სოხუმის თეატრში წარმოგვედგინა დიდი აღფრთოვანებით მიიღო და გვერდში დაგვიდგა. ამგვარი მხარდაჭერისთვის მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ვინაიდან სპექტაკლის პერსონაჟები მსახიობები არიან და თამაშის მსვლელობისას სხვადასხვა ნაწარმოებიდან ფრაგმენტებს კითხულობენ, პიესაში ჩავსვი და გამოყენებულია ციტატები ტენესი უილიამსის, რიჩარდ ჰარვურდის, უილიამ საროიანის, უილიამ შექსპირის პიესებიდან. ხოლო იგორ სავერიანინის ლექსის თარგმანი ნინო დარბაისელს ეკუთვნის.
ვფიქრობ, ამან პიესას მრავალფეროვნება შესძინა.
სოხუმში მუშაობის პერიოდს, იქაურ ამბებს, დიდი ნოსტალგიით ვიხსენებ და ისინი პიესაში გავაცოცხლე. სანამ აფხაზეთს დავკარგავდით, სოხუმში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი. მომხდარს ძალიან განვიცდი და სულ ვფიქრობ, მე რომ ასე მტკივა, რა მძიმე უნდა იყოს ეს ყველაფერი ადამიანებისთვის, ვინც სოხუმში ცხოვრობდა. სწორედ მათთვის მაქვს ეს სპექტაკლი გათვლილი, ვისთვისაც სოხუმი ზღაპარი და ნოსტალგიაა. არ ვიცი, რამდენად გამოვიდა, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თემა. რეპეტიციის პროცესში, არაერთხელ ავღელვებულვარ და ეს შეიძლება იმიტომ, რომ ზედმეტად ემოციური ვარ, მაგრამ ვფიქრობ, სპექტაკლის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, გული უნდა აგიძგეროს, სხვაგვარად თეატრის არსებობას აზრი არ აქვს“.
ზურაბ კანდელაკმა მთელი ეპოქა შექმნა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში. რადიოში მოღვაწეობა 1967 წელს ჯერ რეჟისორად დაიწყო, 1973 წლიდან კი, მთავარ რეჟისორად. პარალელურად, წლების განმავლობაში დგამდა სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში და ტელევიზიაშიც. რადიოთეატრში მას 500-ზე მეტი რადიოსპექტაკლი აქვს განხორციელებული და საკუთარ პიესებთან ერთად, მრავალი ქართველი მწერლის ნაწარმოები რადიოს ენაზე აამეტყველა. სხვადასხვა დროს, მას დადგმული აქვს რადიოსპექტაკლები საქართველოს ფარგლებს გარეთ: ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში. და ასევე სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი.
ის ისეთი ცნობილი ტელესპექტაკლის რეჟისორია, როგორებიცაა: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“, „გამარჯობა, ჩვენო მამებო“, „დავიწყებული ამბავი“, „ენერგიული ადამიანები“...
და სხვა. ხოლო ზურაბ კანდელაკის რადიოპიესამ „რეპეტიცია“, გზა გახსნა ევროპისკენ. 1994 წელს „რეპეტიციამ“, რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალზე „გრან-პრი“ დაიმსახურა. ამის შემდეგ კი დაიდგა: სლოვენიაში, სლოვაკეთში, გერმანიაში, 1997 წელს კი, თავის მსმენელებს ეს პიესა გააცნო „დოიჩლანდ რადიომაც“.
ზურაბ კანდელაკი რამდენიმე წიგნის ავტორია. მისი მხატვრული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ პრესაში. სხვადასხვა დროს ზურაბ კანდელაკი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა თუ სხვა სახელოვნებო სასწავლებლებში.
ის გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
2013 წელს მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი „ოქროს ფრთა“.
დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“. 2013 წელს გამოიცა მისი რომანი „უძრავი ქარი“.
2020 წელს კი, თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებული ეროსი მანჯგალაძის სახელობის ჯილდო გადაეცა.
და ბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადიოთეატრი დღევანდელ ეპოქაში ისეთი პოპულარული აღარ არის, როგორც წლების წინ, დღესაც რადიოსპექტაკლებს თავის მსმენელი და ერთგული აუდიტორია მაინც ჰყავს.
ლოკაცია: დ. უზნაძის ქ. 68.
* თეატრის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61562821530483
* თეატრის Instagram გვერდი: https://www.instagram.com/sokhumi_state_drama_theatre/profilecard/?igsh=bXE2ZnY4aWkyZmRi
სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერია: კვირის პალიტრა • kvirispalitra.ge
(R)