"ერთ მხარეს იყო ბრუტალური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან პოლიციელების წინააღმდეგ, მეორე მხარეს - უკიდურესად შემაშფოთებელი ცალკეული ინციდენტები - გამოძიება, მნიშვნელოვანია" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?
გამოძიება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ჯერ ერთი პრევენციისთვის, მომიტინგეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრუტალურ ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ. სამწუხაროდ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი მხრიდან განხორციელებულ ჭარბ ძალადობრივ აქტებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ არაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ბრუტალურად ძალადობდნენ, მომიტინგეების წარმომადგენლები, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, პოლიციელების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა და სხვადასხვა სახის მძიმე საგნები გამოიყენებოდა, რამაც 50-მდე პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა, 20-ს კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მისივე შეფასებით, აქციის მონაწილეების მხრიდან სისტემური ბრუტალური ძალადობა მიმდინარეობა, პოლიციელთა მხრიდან კი „შემაშფოთებელი ინციდენტები“.
„შემიძლია გაჩვენოთ ფოტოები, რომელიც ასახავს დამწვრობებს, რომლებიც პოლიციელებმა მიიღეს მათზე თავდასხმისას. გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის მასალები, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა პოლიციელების წინააღმდეგ და მათ მიმართ ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლა, რასაც საკმაოდ სერიოზული ზიანი მოჰყვა. 50-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული, 20 პოლიციელს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე არ საუბრობენ. ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მიმართულებით.
ერთ მხარეს იყო ბრუტალური ძალადობა. მეორე მხარეს იყო ინციდენტები, უკიდურესად შემაშფოთებელი, მაგრამ ცალკეული ინციდენტები. როცა ორ მხარეს ასეთი ვითარებაა, ერთ მხარეს სისტემური ბრუტალური ძალადობა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს, მეორე მხარეს ცალკეული ინციდენტები, მაგრამ ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, ეს მიკერძოებაზე მეტყველებს.
ჩვენ მიკერძოებულები ვერ ვიქნებით, ჩვენთვის ორივე მიმართულებით ძალადობა მიუღებელია, შესაბამისად გამოძიება უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით. როდესაც იწყალებენ ბრუტალური ძალადობის განმახორციელებელ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელების დაწვას ცდილობდნენ, ასეთი ფაქტები ძალადობას ახალისებს, ასეთ ადამიანების შემდეგ კი მორალური უფლება არ აქვთ ძალადობაზე ისაუბრონ.
ძალადობა შობს ძალადობას, ძალაობა ახალისებს ძალადობას, შესაბამისად ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა დაინახოს ამ ყველაფერში და ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ორივე მიმართულებით ძალადობა დავგმოთ და მომავალში ასეთი ძალადობრივი ფაქტები არცერთი მიმართულებით აღარ შედგეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.