"ათიდან სამი ბრიგადაც ვერ აღმიჭურვეთ და გინდათ 18 წლიანი ბიჭები ომში უიარაღოდ გავუშვა?!" - ზელენსკი - კვირის პალიტრა

"ათიდან სამი ბრიგადაც ვერ აღმიჭურვეთ და გინდათ 18 წლიანი ბიჭები ომში უიარაღოდ გავუშვა?!" - ზელენსკი

რუსეთის საოკუპაციო ძალები, სამწუხაროდ აგრძელებენ ყოველდღიურ, მცირე, მაგრამ მაინც წინსვლას აღმოსავლეთ ფრონტზე, რაც უკრაინის დამცველებს ურთულეს მდგომარეობაში აყენებს...

უკრაინის არმიის დღევანდელი საბრძოლო წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირადი შემადგენლობის დიდი ნაკლებობაა უშუალოდ ფრონტის ხაზზე, რასაც ემატება შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მუდმივი დეფიციტიც...

მაგრამ, თუკი სამხედრო ტექნიკითა და ჭურვებით, გმირულად მებრძოლი უკრაინის დამცველების მომარაგება, ძირითადად თავის თავზე აქვს აღებული დასავლეთს, მაშინ თავად უკრაინის ხელისუფლება რატომ ვერ ახერხებს ისეთი მობილიზაციის ჩატარებას, რომ ფრონტის ხაზზე მებრძოლთა ასეთი ქრონიკული ნაკლებობა არ იყოს?

არსებული ინფორმაციით, დღეისათვის უკრაინის დამცველების სამხედრო ფორმა 800 ათასიდან 1 მლნ-მდე ადამიანს აცვია, რაც წესით საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ აქედან უშუალოდ 1 300 კმ-მდე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე, ამ რაოდენობიდან მესამედი თუ იმყოფება, დანარჩენები კი ახლო ან სულაც ღრმა ზურგში არიან დარჩენილები...

ნებისმიერ ომს სჭირდება ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და გამოთვლილია, რომ ერთ მებრძოლზე სამი ან უფრო მეტი სამხედრო მუშაობს ზურგში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მოქმედებს „მკვდარი სულების“ ცნობილი ფაქტორიც - მობილიზირებული ჯარისკაცი თავის ხელფასს აძლევს მეთაურს, ის კი მას ფრონტის ხაზზე არ უშვებს ან სულაც სახლში დროდადრო აპარებს...

გარდა ამისა გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც - უკრაინის არმიის პროფესიონალი მებრძოლები ფრონტის ხაზიდან აგზავნიან შეტყობინებებს, რომ მათ დამხმარედ აღარ გაუგზავნონ 50 წელზე მეტი ხნის მობილიზირებულები, რადგან მათი ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას არ იძლევა აქტიური საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად...

ეს სრულიად გასაგებია, რადგან ასაკთან ერთად რთული ხდება ვიწრო სანგრებში ძრომიალი თუ ტყვიების ქვეშ ხოხიალი - ეს მხოლოდ „ჯარისკაცის მამას“ თუ გამოსდიოდა კინოში...

და ამის ფონზე, უკრაინაში მოქმედებს ძალზე უცნაური კანონი - მობილიზაციას არ ექვემდებარებიან 18-დან-25 წლამდე მამაკაცები!

ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ადამიანი ყველაზე კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისი სამხედრო მომზადების გავლის შემდეგ შეუძლია კარგი მებრძოლიც დადგეს, თუმცა...

თუმცა, ის, რომ უკრაინაში უფრთხილდებიან ახალგაზრდა გენოფონდს და არ სურთ მათი მასიური დაღუპვა, რაც სრულიად გასაგებია იმის ფონზე, რომ აგრესორ რუსეთთან ათასდღიანი უთანასწორო ომის შედეგად დაღუპულია 100 ათასამდე უკრაინის დამცველი და 400 ათასამდე კი დაჭრილი და ის გარემოება, რომ ოკუპანტ რუსებს თითქმის სამჯერ მეტი დაეხოცათ ბევრი ვერაფერი ნუგეშია, რუსეთზე ბევრად პატარა, მაგრამ თავისუფლებისთვის ასე მებრძოლი უკრაინისთვის...

როგორც გამოჩნდა, დასავლეთი და პირველ რიგში აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენის ადმინისტრაცია დაჟინებით ითხოვდა და ითხოვს, რომ უკრაინამ სასწრაფოდ დაიწყოს მამაკაცების მობილიზაცია 18 წლიდანვე, რათა არანაკლებ 500 ათასი მობილიზირებული დაახმაროს წინა ხაზზე, ფრონტის შესანარჩუნებლად...

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების ეს რჩევა-მოთხოვნა სრულიად გასაგებია, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თავისი, არანაკლებ ძლიერი არგუმენტიც აქვს...

"ერთ წელზე მეტია ვეხვეწები აშშ-სა და ევროპას, რომ 10 ბრიგადის დასკომპლექტებელი შეიარაღება მოგვაწოდონ და დღემდე, მხოლოდ 2,5 ბრიგადის სამყოფი აღჭურვილობა თუ გამოგვიგზავნეს თავიანთი ბიუროკრატიისა და თითქოს არაპრიორიტეტულობის გამო და ამის შემდეგ გინდათ 18 წლის ბიჭები ფრონტზე იარაღის გარეშე, სასიკვდილოდ შევყარო?" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკულ Sky News-სთან ექსკლუზიურ სატელევიზიო ინტერვიუში...