"5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს - ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი!" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე? - კვირის პალიტრა

"5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს - ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი!" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?

5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს - ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი, რაც ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებული ძალისხმევით აგრძელებს ყველა ვალდებულების შესრულებას და „ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია“.

„ევროკავშირის ელჩი მანამდე აცხადებდა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და მერე თქვა, რომ თურმე ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, ეს არის ტყუილი, სიცრუე. ჩვენ არ გვითქვამს, რომ აღარ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას, ეს ტყუილია და საზოგადოებასაც ატყუებთ. რეალურად, საზოგადოება, აქ შეკრებილი 5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი, რასაც ამბობთ თქვენ [მედია] და რაც გაიმეორა ევროკავშირის ელჩმა. ეს არის ტყუილი და აპროტესტებინებთ ადამიანებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ჩვენ ვაგრძელებთ პირიქით, განსაკუთრებული ძალისხმევით ყველა ვალდებულების შესრულებას და ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია. 90 %-ზე მეტი ჩვენი ვალდებულებებისა იქნება შესრულებული 2028 წლისთვის. თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, რომ შეჩერდა ევროინტეგრაცია, ისევე როგორც ატყუებს ევროკავშირის ელჩი და, სწორედ ამიტომ კარგავს ევროპული ინსტიტუტები საქართველოში ნდობას. რეკორდულ მინიმუმზე ჩამოვიდა ნდობა ევროპული ინსტიტუტებისადმი, თვითონ ევროკავშირის კვლევის თანახმად. „ევრობარომეტრის“ კვლევა გამოქვეყნდა, 58 %-ზეა ჩამოსული ევროპული ინსტიტუტებისადმი ნდობა, რატომ, იმიტომ რომ ელჩი იტყუება, ევროპარლამენტი სამარცხვინო რეზოლუციებს აქვეყნებს და აღარ მინდა გავაგრძელო. ასოცირების შეთანხმება არის სწორედ ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც მიჰყავხარ ევროინტეგრაციისკენ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ თვითონვე აღიარეთ თქვენს პარტიებთან ერთად, რომ კანდიდატის სტატუსი ყოფილა ფორმალობა და იგივე ეხება მოლაპარაკებების გახსნასაც. ეს არის ფორმალური მხარე. ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ევროკავშირისკენ არის, სწორედ, ასოცირების შეთანხმება“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ ის, რაც გუშინ პარლამენტთან გაიმართა, რეალურად აქცია არაა. მისივე თქმით, „დღევანდელი საქართველო არავითარი გაგებით არ არის 2013 წლის უკრაინა, შესაბამისად „მაიდნის“ სცენარი არ განხორციელდება“.

„რეალურად, გუშინ აქციაც კი არ გამართულა. ეს არ იყო აქცია კლასიკური გაგებით. პირდაპირ მივიდნენ და როგორც კი შეგროვდნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, მაშინვე დაიწყეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს, ისინი იყვნენ ადგილზე, თუმცა კამერებს არსებითად მოფარებულები იყვნენ, რათა გულწრფელი მომიტინგეები არ დაშლილიყვნენ, ეს იყო სტრატეგიული გათვლა, თუმცა ყველა ძალადობრივი დაჯგუფების უკან, რომელიც გუშინ და გუშინწინ მოქმედებდა, ეს რადიკალური ოპოზიციური ძალები დგანან. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში პირდაპირ არის გაშიფრული ეს სცენარი, როგორ უნდა დაეორგანიზებინა რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი დაჯგუფებები, რათა თავს დასხმოდნენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი ამ სცენარის მიხედვით წარიმართება, თუმცა ეს სცენარი ამ წლის პირველ ნახევარში, შარშან, მანამდე 2020 წლის ბოლოს, 2021 და 2022 წელს ჩავარდა. ჩვენ მარტო ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ გარედან დაგეგმილი და დაფინანსებული რევოლუციის ორი მცდელობა, თუმცა ორივე ჩავარდა. დღეს ოპოზიციის რესურსები კიდევ უფრო მეტად მწირია, აქედან გამომდინარე, რევოლუციის ვერც მესამე მცდელობა შედგება. საქართველოში ვერ შედგება „ნაცმაიდანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.