"დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ"
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას არ აქვს გამართლება და ეს არის დანაშაული - რეაგირება უნდა იყოს ინდივიდუალური. ადამიანების მიმართ, რომლებიც ინდივიდუალურად ახორციელებენ კანონდარღვევას, პოლიციამ ინდივიდუალურად უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აქცია რომც გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს, არანაირი გამართლება არ აქვს დაკავების დროს ძალადობას.
„ერთი საკითხია, როდესაც აქციაზე მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და ეს აქცია შეიძლება გასცდეს კანონით დადგენილ ფარგლებს, ეს ხშირად ხდება ხოლმე და ყოველთვის მოვუწოდებ მე ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ გასცდნენ ამ გამოხატვის ზღვარს, ვინაიდან მერე გადადის ძალადობაში. მაგრამ, თუნდაც რომ ასე მოხდეს, თუნდაც რომ გასცდეს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არანაირი გამართლება არ აქვს დაკავების დროს ადამიანებზე ძალადობას, ამას გამართლება არ აქვს. ადამიანებმა, რომლებსაც აკავებენ, უნდა მიიღონ დანაშაულის შესაბამისი სასჯელი. არც ერთ კოდექსში არ წერია, რომ უნდა დაიჭირო და სცემო, ასეთი რამე გაუმართლებელია და მე ამაზე ვამახვილებ ყურადღებას. თორემ, ის, რომ აქციაზე ვიღაც რაღაცას გადაამეტებს, იმისთვის არსებობს კანონი, რომ მის მიმართ კანონი აღსრულდეს სამართლიანად, მაგრამ დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა.
აქცია რაღაც დროს იყო მშვიდობიანი, მერე რაღაც მონაკვეთში ამან მიიღო სხვა ფორმები, გასცდა მშვიდობიანობას. მაგრამ თუნდაც ჭიჭინაძის ქუჩაზე ვიღაც რაღაცას რომ არ ემორჩილება ან გასცდა მშვიდობიანი აქციის ფორმას, ეს არ ნიშნავს, რომ რუსთაველზეც იგივე ხდება. რუსთაველზე თუ მშვიდობიანად მიდის, იქ ადამიანებს უნდა შეეძლოთ გააგრძელონ მშვიდობიანი აქცია. რეაგირება უნდა იყოს ინდივიდუალური. ადამიანების მიმართ, რომლებიც ინდივიდუალურად ახორციელებენ კანონდარღვევას, პოლიციამ ინდივიდუალურად უნდა იმოქმედოს. სადღაც გასცდება, გასაგებია, მაგრამ სადღაც გაგრძელდება მშვიდობიანად. ყველაფრის ერთნაირად შეფასება, ერთ ჯამში მოხარშვა და ყველას მიმართ ერთი დამოკიდებულების ჩვენება არ არის სწორი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას არ აქვს გამართლება და ეს არის დანაშაული და ასეთი დანაშაულები უნდა იქნას გამოძიებული”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.