"პოლარიზაცია ისეთი რამ არის, რაც ყოველთვის აწყობდა კრემლს"
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და არსებულ დაპირისპირებაზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება დიპლომატს, მეცნიერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს კონსტანტინე გამსახურდიას ვთხოვეთ.
- სანამ მიმდინარე მოვლენებს შევაფასებ, ოდნავ შორიდან დავიწყებ, ცოტატი სპეციფიკური ცხოვრება განვვლე და ჩემი ბიოგრაფია შეიძლება ძალიან ბევრის ბიოგრაფიას მიახლოებითაც კი არ ჰგავდეს.
1991 წელს გავიხსენებ, როდესაც 21 სექტემბერს საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. მაშინ იმ დროინდელმა პუტჩისტებმა დაიწყეს მზადება მთავრობის სასახლეზე შეიარაღებული თავდასხმისთვის. ოფიცერთა სახლის წინ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ეროვნული ხელისუფლების მომხრე იყო, სრულიად მოულოდნელად ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ის ნახევრად დამწვარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მხოლოდ 48 საათი იცოცხლა, სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ეს ადამიანი გახლდათ გია აბესაძე, წარმოშობით ზესტაფონიდან, მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავდა.
ქალიშვილს წერილი დაუტოვა: თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი... მისი ეს ქმედება ბოლომდე გაცნობიერებული აქტი იყო, ცეცხლწაკიდებული იმეორებდა: გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს!
დატოვებული ბარათით შვილს პატიებაც სთხოვა, წერდა: შვილო, მაპატიე, რომ გაიზრდები, გამიგებ! მან ეს ნაბიჯი გადადგა საბჭოთა იმპერიის და მისი ჯალათების წინააღმდეგ. ამის გაანალიზება ვერ მოხდებოდა იმ სრულიად შიზოფრენიულ სიტუაციაში, სრულად გონებადაბინდულ ვითარებაში, სადაც იმპერიას აწყობდა ქართველთა დაპირისპირება. ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი ეთნიკური ქართველი ჩაერთო ამ დაპირისპირებაში, ამ ავტიურაში კანონიერი ხელისუფლების დასამხობად და ქვეყნის სამოქალაქო ომის უფრსკულში გადასაჩეხად.
შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, პრესა რატომ დუმდა? იმიტომ რომ 70-80% კანონიერი ხელუფლების პუტჩის გზით შეცვლას მხარს უჭერდა, ტელევიზია კი ფაქტიურად აღარ არსებობდა, ოპოზიციამ ამოქოლა და გადაიტანეს ერთ ავტობუსში, რომელიც მთავრობის სასახლის ეზოში იდგა.
დღეს ადამიანებისთვის, რომელიც არ იცნობენ იმ პერიოდს შეიძლება დამბნეველი იყოს გია აბესაძის ნაბიჯი. თვითმკვლელობა არ შეიძლება მისაბაძი იყოს, მაგრამ ამ კაცმა საკუთარი ქმედებით თქვა, მირჩევნია, ეს მძიმე ცოდვა დავიდო, ვიდრე ჩემი თვისტომი მოვკლა. აი, ეს არის, როგორ გითხრათ, პირადად მე არასდროს რევოლუციებში არ ვმონაწილეობდი, ცეცხლზე ნავთის დამსხმელი არასდროს ვყოფილვარ და ზუსტად ვიცი, არც მომავალში ვიქნები. მე ვარ იქ, სადაც არის სვლა ევროპისკენ. მოგეხსენებათ, ევროპაში ვცხოვრობდი, ახლა საქართველოში ვარ და აქაც ვაგრძელებ ევროპაში ცხოვრებას და ევროპისკენ სვლას არასდროს შევწყვეტ, სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ.
- პრემიერ-მინისტრის განცხადება, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, როგორ გაიგეთ?
- როგორც აღვიქვამ საერთოდ პოლიტიკოსების განცხადებებს. ყველა განცხადება მოცემულ მომენტში, მოცემულ კონტექსტშია ნათქვამი და ის შეიძლება შეიცვალოს. ტრამპმა განცხადება გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით, შეიარაღებას შევწყვეტო. მე ეს არ დამიჯერებია, რომ მართლა შეწყვეტს.
- ხელისუფლების მხრიდან მალევე გაკეთდა მეორე განცხადება, ევროკავშირი თუ გახსნის მოლაპარაკებას მზაობასთან დაკავშირებით.
- მჯერა, რომ ასე იქნება, ევროკავშირიდან მოძრაობა თუ იქნება, დარწმუნებული ვარ, ქართული მხარე შემხვედრ ნაბიჯებს მომენტალურად გადადგამს.
- ჩვენს მიზანს არ გვაშორებს ის განცხადებები, რომელიც ბოლო დროს მაღალი თანამდებობის პირებისგან კეთდება?
- ზოგადად ასეთი სიტუაციების წარმოქმნა დაგვაშორებს, მაგრამ ყველა გონივრული ნაბიჯი დაგვაახლოებს.
- თქვენ ხელისფლების მხრიდან გადადგმულ გონივრულ ნაბიჯებს ხედავთ?
- იმედი მაქვს, დიდი იმედი მაქვს.
- აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაზე როგორია თქვენი რეაქცია?
- მე მახსენდება გია აბესაძე, ძვირფასი ადამიანი არ ამოდის ჩემგან და შინაგანად მგლოვიარე ვარ.
- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი სახელი და გვარი პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა. ამაზე რას გვეტყვით?
- ვფიქრობ, ეს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური ლიდერის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. ისეთების მიერ გავრცელებული, რომლებსაც პირდაპირი წვდომა აქვთ ტელევიზიებზე.
- "ქართულ ოცნებას" ამ თემაზე თქვენთან მოლაპარაკება არ ჰქონია?
- არა.
- გმადლობთ ინტერვიუსთვის!
- ბოლოს მინდა გითხრათ, პოლარიზაცია ისეთი რამ არის, რაც ყოველთვის აწყობდა კრემლს.
თამუნა კვინიკაძე
(სპეციალურად საიტისთვის)