შემზარავი სცენარი საქართველოსთვის: სამოქალაქო დაპირისპირების აჩრდილი - რა მოხდება, თუ ქვეყანაში მდგომარეობა არ განიმუხტა - კვირის პალიტრა

შემზარავი სცენარი საქართველოსთვის: სამოქალაქო დაპირისპირების აჩრდილი?! - რა მოხდება, თუ ქვეყანაში მდგომარეობა არ განიმუხტა

30 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ქვეყანაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. საქართველოში რეალურად გაჩნდა სამოქალაქო დაპირისპირების აჩრდილი. ისმის კითხვა, არის თუ არა გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს „კვირის პალიტრის“ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში „გამოსავალი სახიფათო პოლიტიკური კრიზისიდან - რეფერენდუმი ან პლებისციტი?! აღნიშნული იყო:„შესაძლოა, საქართველოშიც პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტავად გამოსავალი სწორედ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება იყოს.

მაგალითად, სარეფერენდუმო ან პლებისციტის კითხვა შეიძლება იყოს ასეთი: „გსურთ თუ არა, რომ 2025 წლის გაზაფხულზე(ან შემოდგომაზე) საქართველოში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?“

ან ასეთი კითხვა: „ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი?“

ჩვენი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ რეფერენდუმისას ან პლებისციტისას მოსახლეობას პოზიცია ზემოხსენებულ ორივე საკითხზე დაეფიქსირებინა. ეს დაადასტურებდა, რეალურად რა სურს ხალხს და აიძულებდა პოლიტიკურ ძალებს, დამორჩილებოდნენ ამ „ვერდიქტს“. შესაბამისად, საფუძველი გამოეცლებოდა ყოველგვარ სპეკულაციებსა და შეთქმულებების თეორიებს - პოლიტიკური პროცესი სტაბილურ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა”, - აღნიშნული იყო სტატიაში.

გარდა ამისა, აუცილებელია 30 ნოემბერს ზოგიერთი სამართალდამცავის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

რა მოხდება, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ განიმუხტება?!

თუ სიტუაცია არ განიმუხტა, ქვეყანა წავა სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულისკენ, რაც მოგვიტანს - ეკონომიკის ჩამოქცევას, განვითარების ათწლეულებით შეჩერებას, ლარის ტოტალურად გაუფასურებას, ევროინტეგრაციის დიდი ხნით „გაყინვას“, კრიმინალის აღზევებას, ინსტიტუტების მოშლას და მასობრივი ემიგრაციის ახალ ტალღას.

ქვეყანაში თუ სიტუაცია აირევა, ამით შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა და „ოსებისა და აფხაზების“ დაცვის მოტივით, განახორციელოს წერტილოვანი დივერსიები ან პირდაპირი სამხედრო აგრესია. ეს ქართულ სახელმწიფოებრიობას დასრულების საფრთხის წინაშე დააყენებს.

ამიტომ სიტუაცია დაუყოვნებლივ განსამუხტია - იქნება ეს რეფერენდუმი/პლებისციტი, ხელახალი არჩევნები თუ სხვა რამ, რაც ქვეყანას შემზარავ სცენარებს აარიდებს.