"წამების დროს უღებდა ფოტოებს, ვიდეოებს მამაჩემს და გადაღებული აქვს ყველაფერი" - რას ჰყვება გურიაში სპეცრაზმელის მიერ მოკლული კაცის შვილი, რომელიც ახლა რუსთაველზე აქციაზე დგას? - კვირის პალიტრა

"წამების დროს უღებდა ფოტოებს, ვიდეოებს მამაჩემს და გადაღებული აქვს ყველაფერი" - რას ჰყვება გურიაში სპეცრაზმელის მიერ მოკლული კაცის შვილი, რომელიც ახლა რუსთაველზე აქციაზე დგას?

რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების პროტესტი გრძელდება. სოციალურ ქსელში სპეცრაზმელების ქმედებას ემოციურად გამოეხმაურა აქციის არაერთი მონაწილე და მათ შორის ანანო სარჯველაძე. მას შემდეგ, რაც მის ოჯახს თავს დაატყდა დიდი უბედურება, არ უკვირს სპეცრაზმელების ასეთი სისასტიკე. ანანოს მამა ლანჩხუთში ამ ზაფხულს სასტიკი წამებით ყოფილმა სპეცრაზმელმა მოკლა.

"მამაჩემი არ მომკვდარა, მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლეს. .... გათიშა, დააბა და წამებით მოკლა სრულიად უდანაშაულო, უჯანმრთელესი მამაჩემი ვინ? სპეცრაზმელმა, რომელსაც დაუდგინდა შიზოფრენია და 4 წლით გადაიყვანეს ფსიქიატრიულში. სასამართლოც კი არ ჩატარებულა. არ მინდა იმის წარმოდგენა, ამ 4 წლის მერე რომ გამოვა, რა თქმა უნდა ისევ შიზოიდი, მერე რას ჩაიდენს. აი ეს არის ქვეყნის სახე, ყველა იქ მდგომი პოლიციელი, სპეცრაზმელი, რობოკოპი პოტენციური მკვლელია, ყველა არის მკვლელი და ყველაფერს იზამენ ბოლომდე რომ მიუშვა, ჯალათები და ფსიქიურად მოშლილები...... დაბმული კაცის ცემით სიკვდილზე არიან წამსვლელები ეს არაკაცები... მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა მამაჩემი, ჰოდა, ახლა მე შევენაცვლები... ... აქამდე ჩუმად ვიყავი, ვგლოვობდი, არც არასოდეს ვაპირებდი ჩემი უდიდესი სევდის და ტრაგედიის გასაჯაროებას, მაგრამ მათ ყოველ დანახვაზე სხეულის ყველა უჯრედი მტკივა, როგორც მამაჩემს სტკიოდა.... დღეს ჩემი უსაყვარლესი მამის დაბადების დღეა.... გილოცავ მააა... მიყვარხარ.... გპირდები, რომ შენს ყველაზე საყვარელ საქართველოში ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება...."- დაწერა მან ფეისბუქზე.

ლანჩხუთში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალებზე "კვირის პალიტრა" წერდა. შემზარავი დანაშაული 8 აგვისტოს ლანჩხუთში, სარჯველაძეების ფერმაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს თემურ სარჯველაძეს მისი თანაკლასელის შვილი დავით ტუღუში სასტიკად გაუსწორდა და წამებით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დაკავება ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თემურ სარჯველაძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, სასტიკად აწამა და მიყენებული დაზიანების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ადგილობრივები თავიდანვე ამბობდნენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი იყო, რომელსაც მკვლელობამდე მოკლული თემურ სარჯველაძე სახლში გაუმასპინძლდა და ამის შემდეგ არაფხიზელმა ბრალდებულმა მას ჯერ ხელ-ფეხი შეუკრა, ფიზიკურად გაუსწორდა და მერე ე.წ სპიცით წამებით მოკლა. მაშინ ადგილობრივები იმასაც ამბობდნენ, რომ ბრალდებულს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და მთვრალმა სისასტიკე ჩაიდინა, შემდეგ მან სელფიც კი გადაიღო ხელ-ფეხ შეკრულ კაცთან. ჩვენ დავუკავშირდით თემურ სარჯველაძის შვილს, ანანო სარჯველაძეს და უფრო მეტი დეტალის მოყოლა ვთხოვეთ.

ანანო სარჯველაძე:

- ძალიან ვინერვიულე ეს დღეები. ღამე გავათენე და ძალიან გაბრაზებული მოვედი აქციიდან, სადაც ასე უმოწყალოდ უსწორდებიან სპეცრაზმელები ადამიანებს. ასეთმა შეურაცხადმა სპეცრაზმელმა მოკლა მამაჩემი. მას დაუდგინდა შიზოფრენია, მაგრამ ახლა ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდება, რომ ის 4 წელიწადში არ გამოვიდეს იქიდან. 4 წელი უნდა გაატაროს ფსიქიატრიულში. არადა ჩადენილია უმძიმესი დანაშაული. სპეცრაზმელმა საშინელი წამებით მოკლა მამაჩემი და იმდენად შოკში ვარ დღემდე, რომ არ შემიძლია იმ საზარელი დეტალების მოსმენაც კი. მამაჩემი აღარ არის, დიდი ტკივილია და დიდი უბედურება ჩვენთვის. ყოველ ჯერზე მკვლელი სხვადასხვა ჩვენებას აძლევდა გამოძიებას და სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ შიზოფრენია აქვს. ძალოვანი სტრუქტურებიდან წამოსული იყო, უკვე ცუდად იყო.

მეორე ძალიან დიდი უბედურება ის არის, რომ ასეთი დაავადებულების ოჯახის წევრებიც არაფერს აკეთებენ, ხმას არ იღებენ და ისინიც დაუცველები არიან. როგორც ვიცი, მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ მოძალადის მსხვერპლები. ყოველ დალევაზე ძალადობდა მათზე. აწიოკებული ჰყავდა ოჯახი, დედასაც და ცოლსაც აბამდა და სასტიკად უსწორდებოდა, წამება იყო მისი საქმე. მის ოჯახს ხმა ამაზე რომ ამოეღო, აეტეხა განგაში, გამოეძახა პოლიცია, მამაჩემი დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ეტყობა ეშინოდა ოჯახს, რადგან დაუცველია დღეს მსხვერპლი. დაიჭერენ მოძალადეს და ისევ ქუჩაში უშვებენ.

მამაჩემი მან წამებით მოკლა, ეს იყო განზრახ მკვლელობა, როგორც ვიცი, ერთ საათზე მეტხანს აწამებდა.

ბევრი პრობლემა იშლება ამ ფაქტით. მამაჩემის სასტიკ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე თურმე საშინლად სცემა სიმამრი, არც მაშინ იჩივლეს. მთელმა ლანჩხუთმა იცოდა მამაჩემი როგორი ადამიანი იყო. ჩემი ტოლია მკვლელი და მამა რას წარმოიდგენდა ასეთ რამეს. მამაჩემი უდიდესი ძალის პატრონი იყო, ამიტომ ეს საშინელი სისასტიკე რომ ნახეს, ფიქრობდნენ, რომ ერთი კაცი ვერ მოერეოდა მას და იყო ეჭვი, ხომ არ ჰყავდა მკვლელს თანამზრახველი, მაგრამ გაირკვა, რომ ეს მანიაკი მარტო მოქმედებდა. წამების დროს უღებდა ფოტოებს და ვიდეოებს მამაჩემს და გადაღებული აქვს ყველაფერი. როცა ახლა აქციაზე ამ სპეცრაზმელებს და მათ ქცევას ვუყურებ, უმძიმესია ჩემთვის ამის ყურება.

მამაჩემი გაუხედნავ ცხენს კუდით იჭერდა, საოცარი ძალის პატრონი იყო და რა უნდა გასჭირვებოდა დამნაშავისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ სპეცრაზმელებმა სხვა ტექნიკა იციან. ეტყობა რამდენიმე წამით გათიშა მამაჩემი, დააბა, ხელ- ფეხი შეუკრა და მერე წამებით მოკლა. მთელი ძვალი არ ჰქონდა დარჩენილი, ისე იყო ნაწამები. იმაზე ფიქრიც მზარავს, რომ მამაჩემმა ეს ყველაფერი გადაიტანა.

- რატომ მოკლა, ჩვენებაში რას ამბობდა?

- ერთი და იგივე ჩვენება არ ჰქონია, სულ ცვლიდა ჩვენებას. თქვა რომ თითქოს მიწაზე იყო დავა, ედავებოდა ბებიაჩემმა მამაშენს 20 წლის წინ მიყიდა 600 ლარად მიწა და ახლა მეტი ფული მინდაო, თან საუბარია სახელმწიფო მიწაზე, ჩვენს კუთვნილებაში არ არის, გლეხებისთვის მიცემულია, რომ გამოიყენონ მეურნეობისთვის. სიმართლე გითხრათ, რატომ მოკლა არ არის დადასტურებული. დადგინდა შიზოფრენია და ასეთი ადამიანის ჩადენილი ქმედებაა. რომ ჩაიდინა დანაშაული მერე დაჯდა მამაჩემის მანქანაზე და იარა ლანჩხუთში, მერე მივიდა საავადმყოფოში, აჩვენა გარდაცვლილი მამაჩემის ფოტო და უთხრა, თემურ სარჯველაძე ასეთ მდგომარეობაშია და თუ უშველითო. გამოიძახეს პატრული და იქვე დაიჭირეს. რაღაცნაირად უნდა გამოვფხიზლდეთ, რომ ასე არ უსწორდებოდეს სპეცრაზმელი ადამიანს. არ გყავს სახელმწიფო, რომელიც დაგიცავს. ეს დღეებია ვუყურებ ძალადობის უმძიმეს კადრებს და ვხედავ ანალოგიურად საშიში ადამიანები არიან დღეს უწყებებში და აქედან წასვლის შემდეგ კიდევ უფრო საშიშები ხდებიან ისინი.

"ამბობენ, მკვლელობის შემდეგ ხელ-ფეხშეკრულ კაცს ვიდეოები გადაუღო" - გურიაში მოხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები