„კაცმა მომავლის იმედი არ უნდა დაკარგოს...“ - კვირის პალიტრა

„კაცმა მომავლის იმედი არ უნდა დაკარგოს...“

საქართველოში ყოველთვის მოიძებნება თემა, რომლის შესახებაც ერთიანი აზრი არ არსებობს და რომლის გამოც ოპონენტები ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებენ. გთავაზობთ ორ რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებას, რომელიც დღევანდელ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ასახავს:

"ჩვენ ვეუბნებით მსოფლიოს, ვინა ვართ და საით გვინდა სვლა"

ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი: - დღევანდელი საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც შეიძლება რომელიმე ორგანო დაუწყლულდეს ან გაუცივდეს, მაგრამ თუ სწორად იმკურნალებს და სწორ გზას აირჩევს, ყველა განსაცდელს მოერევა. იმ ურთულეს ვითარებაში, რომელშიც ახლა მსოფლიოა, საქართველო თავის უფლებებზე ლაპარაკობს. ჩვენ არც ერთ სახელმწიფოს არ ვუპირისპირდებით, პირიქით, მეგობრებს ვეძებთ, მაგრამ ამ მეგობრებმა ჩვენი მრწამსი და ტრადიციები არ უნდა შეურაცხყონ. ჩვენ ვეუბნებით მსოფლიოს, ვინა ვართ და საით გვინდა სვლა.

- რას იტყვით ოპოზიციის საჩივარზე, რომ ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ?

- ჩვენ არა გვყავს ოპოზიცია. ეს არის მეხუთე კოლონა, მოღალატეთა გუნდი, რომელსაც არაფერი აინტერესებს, გარდა საკუთარი თავისა. მათი იდეოლოგია განსხვავებულია, მათი ადრესატი ქართველი ხალხი კი არა, ვიღაც როთი, კუბილიუსი და ბორელია - ხალხი, რომელიც ხვალ-ზეგ პოლიტიკაში აღარ იქნება - აი, ეს არის სხვაობა ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილსა და ამ მოღალატეებს შორის.

- თუმცა ამ არჩევნებამდე ძალიან ბევრ ქართველს სურდა, რომ ქვეყანაში ცვლილებები­ ეხილა, რომ ჩვენი ქვეყნის სათავეში ახალგაზრდობა, ახალი სახეები ეხილა.

- ჯერ უნდა დავაკონკრეტოთ, ცვლილებებში რას გულისხმობთ. ახალგაზრდობა რა, პანაცეაა? - რამდენ ახალგაზრდას იცნობთ, რომელიც ამხელა ტვირთს აიღებს და სახელმწიფოს მართავს ამ ურთულეს სიტუაციაში? მთავარი ქვეყნის სიყვარული, ერთგულება და კვალიფიკაციაა, სხვა დანარჩენი გამოგონილი ფრაზებია. რა ხდება ისეთი საქართველოში, რომ აქ არ დაედგომებათ, ან რატომ გაიძახიან, დავიღუპეთ, ჩელიაბინსკში გავიღვიძეთო. მხოლოდ ერთი რამის გამო დაიღუპნენ: სექტანტები და ავადმყოფურად მოაზროვნე ადამიანები იდეოლოგიურად დამარცხდნენ და მუქთა ტახტზე ვერ დასხდნენ.

- საზოგადოების დიდი ნაწილის გულის­წყრომა გამოიწვია პოლიციელების საქციელმა,­ რომლებიც აქციაზე გამოსულ სტუდენტებს სცემდნენ და არბევდნენ.

- თქვენ ახლა ისე ლაპარაკობთ, რომ პოლიციელები მიტინგებზე პლედებით, რძით სავსე ბოთლებითა და ნამცხვრებით უნდა დადიოდნენ, რომ აქციაზე მდგომ ხალხს­ არ მოშივდეს ან არ შესცივდეს. რაც ამ პოლიციას მოუთმენია ე.წ. მომიტინგეებისგან, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის პოლიციას არ აუტანია იმდენი. თურმე­ მათ წყალი არ უნდა შეასხან და ხელკეტიც არ უნდა მოხვდეთ, თურმე გაზი არ უნდა გაუშვან. თქვენ გინდათ პოლიციელი "ვეფხის­ტყაოსნის" ენით ელაპარაკოს ხალხს, რომელიც მას ჯოხს ურტყამს? ახალგაზრდა კაცმა უახლესი ისტორია რომ არ იცი და იმათ გვერდით დგები, ვინც შენს ტოლებს მამები დაუხოცა, ვისაც ძველი, დანაშაულებრივი რეჟიმის აღდგენა უნდა, შენი "მოსაზრებები" უკვე არავის აინტერესებს.

- გამოსავალს თუ ხედავთ?

- გამოსავალი მხოლოდ ერთია: წესრიგი უნდა დაიცვა, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე და ცხოვრება გააგრძელო! ჩვენ არავის ცუდი არ გვიხარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცის უმეცრებამ უნდა გაიმარჯვოს, ქვეყანა ააყირაოს და გააპარტახოს.

"ჩვენ რუსული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ"

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი: - 30 წელიწადზე მეტია საქართველოს უკეთესი­ მომავლისთვის ვიბრძვით და სიმართლეს ხმამაღლა ვამბობთ. სწორედ ასე მოხდა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც. როდესაც ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამის საფუძველი და მტკიცებულებებიც გვაქვს. ერთ შეკითხვას დავსვამ - ოდესმე გინახავთ არჩევნები, რომელსაც თითქმის არავინ აღიარებს? ამ არჩევნებში რუსეთი რომ ჩაერია, ამის მიხვედრაც ადვილია. რუსი პირდაპირ ხომ არ გვეტყვის, უნდა დაგიპყროთო? ის შეფარულად მოქმედებს და მიზანს სხვადასხვა­ გზით აღწევს. როცა ამას ვამბობთ, ჩვენი ოპონენტები ათასგვარ შეურაცხყოფას გვაყენებენ, მაგრამ არც ეს მიკვირს: 1990-იან წლებს გაგახსენებთ - როგორ დაამხეს ეროვნული ხელისუფლება, როგორ ეძახდნენ ზვიად გამსახურდიას "დიქტატორს" და "ჩაუშესკუს", როგორ აქციეს სალანძღავ სიტყვად "ზვიადისტი", როგორ ამცირებდნენ და ებრძოდნენ ყველას, ვინც პირველ პრეზიდენტს უერთგულა! მე ეს ყველაფერი­ ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. დღეს ის პანთ­ეონში წევს, მაგრამ მისი იდეებისთვის ბრძოლა ისევ გვიწევს. ამ ბრძოლაში უკვე ახალი თაობაც ჩაერთო და ყველამ დავინახეთ, ამ თაობას პოლიციელები როგორ გაუსწორდნენ. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ჩვენ რუსული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ­ და ჩვენს ქვეყანაში სამართლის ძიებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

- დღეს ოპოზიციას თანამოაზრეებიც აკრიტიკებენ - წინასწარ უნდა გაეთვალათ, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს გააყალბებდაო...

- ჩვენც ვიცოდით, რომ "ოცნება" ხელისუფლებას არ დათმობდა, მაგრამ ოპოზიციას წინასწარ რომ ეთქვა, არჩევნები გაყალბდებაო, არჩევნებზე ვიღა მივიდოდა? 2012 წელს საქართველოში ერთადერთი­ არჩევნები ჩატარდა, როცა ხელისუფლება­ მშვიდობიანად შეიცვალა, ზოგი ამას დღემდე­ ვერ ხვდება, მაგრამ საბოლოოდ ყველამ უნდა შეძლოს და თეთრი და შავი ერთმანეთისგან გაარჩიოს.

- არსებობს რესურსი, რომ არჩევნების გაყალბება დამტკიცდეს და საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს?

- გაყალბება უკვე დამტკიცებულია: არსებობს ათასობით თვითმხილველი, რომელმაც ეს გააპროტესტა და საჩივარიც შეიტანა სასამართლოში. ყველაფერი დღესავით ნათელია: ყოველი მეორე მოქალაქე "ოცნების" მომხრე 2012 წელს არ ყოფილა და ახლა როგორ შეიძლება ყოველ მეორე ადამიანს ხმა მათთვის მიეცა? რაც შეეხება ახალ არჩევნებს - სპონტანურად მისი ჩატარება არ გამოვა, თუ რაღაც არ შეიცვალა. მომავალი არჩევნები ისევ დღევანდელმა ცესკომ, სუს-მა და შსს-მ თუ ჩაატარეს, რა აზრი აქვს? აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სალომე ზურაბიშვილის როლზეც, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია სააკაშვილი შეიწყალოს. კარგად მესმის, რომ ამ სიტუაციაში ბევრს აწუხებს შეკითხვა, გამოსავალი რაშია? - ვფიქრობ, ისევ ბრძოლასა და მოქმედებაში. კაცმა მომავლის იმედი არ უნდა დაკარგოს, რადგან ყოველი ახალი დღე ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. უბრალოდ, წარსულის შეცდომები კარგად უნდა გავიაზროთ.

ხათუნა ჩიგოგიძე