„თავისუფლება ღვთის ნების აღსრულებაა“ - კვირის პალიტრა

„თავისუფლება ღვთის ნების აღსრულებაა“

"ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, ეს არის დემოკრატიულობა. ყველა მანკიერება ურწმუნობიდან მოდის... თავისუფლებაა, როცა შენი თავის უფალი ხარ და შენი ვნებები კი არ გმართავენ, შენ მართავ მათ", - ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაზე გვესაუბრება, ერთმანეთის შეხედულებების უპატივცემულობაზე, შურზე, ბოროტებაზე, სიძულვილსა და მის გამომწვევ მიზეზშედეგობრიობაზე. იმედი აქვს, რომ სიყვარული და მეგობრობა მაინც გაიმარჯებს, ღვთის შეწევნით ქვეყანა წინ წავა და აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; მიაჩნია, რომ გმირობა თავგანწირვაა, გმირი თანამედროვეობაშიც ბევრი გვყავს და თავგანწირვის მაგალითად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მოჰყავს, რომელიც შადრევანში მეგობრების გადასარჩენად შევიდა და თავად დაიღუპა.

- როგორც ვხედავ, ადამიანები ერთმანეთის აზრს არ ითვალისწინებენ და პატივს­ არ სცემენ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ამაზე საუბრობენ, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი, როგორც მას სურს, ისე იფიქროს, ისე გადაწყვიტოს და მის აზრს პატივი უნდა სცე, რეალურად კი საპირისპიროდ იქცევიან. თუ ვინმე რამეში არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ ის ადამიანი მტერია, მისი მოსმენა არ უნდა და არ აინტერესებს, ის სხვა როგორ ფიქრობს. დემოკრატიულობა რა არის? ადამიანის არჩევანს პატივი უნდა სცე, თუნდაც არ მოგწონდეს, რადგან მას ისე სჯერა და შენ ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის.

წარმოუდგენელი რამაა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ - განსხვავებული აზრის გამო ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ. პანდემიის დროსაც კი, ვაქცინის მომხრეები და ანტივაქსერები როგორ ლანძღავდნენ ერთმანეთს. საზოგადოება მაშინაც ორად გაიყო და ეს რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის ტრენდად იქცა. თვითონ ასე ფიქრობს და დამთავრდა, არ აინტერესებს, შენ რა მოსაზრება გაქვს. ყველაზე ცუდი ის არის, ამ შეხედულებების გამო, მეგობრები და დედმამიშვილებიც კი ერთმანეთს კარგავენ, ოჯახები ინგრევა. ადრე პატრიარქი ამბობდა, რომ ყველაზე საშინელი კატეგორიული აზროვნებაა, ანუ მხოლოდ მისი შეხედულებაა მართალი და სხვისი აზრი არ აინტერესებს. ეს თვისება სექტანტებს აქვთ. პირდაპირ იარლიყს გაკრავენ - შენ რუსეთუმე ხარ, შენ ბნელი ხარ და ა.შ.

- ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ პირად წარუმატებლობაზე ან სხვა რამეზე უგროვდებათ აგრესია და მერე სხვაზე ანთხევენ?

- მიზეზი პირადი მანკიერებებია, სულიერი თუ ოჯახური პრობლემები. წარმატებულ ადამიანს რომ დაინახავენ, ვერ ეგუებიან და ლანძღავენ, შური, უსიყვარულობაა. თუ ვინმე წარმატებულს რაიმე შეეშალა, იქვე ჩაქოლავენ. თვითონ რომ ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში, სხვისი შურთ, ვერ იტანენ. ზოგი ცხოველების მიმართ სიყვარულით გამოირჩევა, ადამიანს კი მიწასთან გაასწორებს. ცხოველიც ღვთის ქმნილებაა, მაგრამ ადამიანია უპირველესი,­ ღმერთმა თავის ხატად ადამიანი შექმნა. მთავარი პრობლემაც სწორედ იქიდან მოდის, რომ აგრესიულ ადამიანებს სულიერი აღზრდა აკლიათ. ხომ უფრო მარტივია სხვას გადააბრალო ყველაფერი და შენი თავი გაიმართლო? სხვა რომ ცუდად­ მომექცა, მეც იმიტომ მოვექეცი ასეო. არა, ასეთი ხარ, შენში იყო ეს ყველაფერი და იმიტომ მოიქეცი. როგორიც ხარ, იმას ავლენ.

- ზოგჯერ ერთმანეთს უმალავენ კარგ ამბებს, წარმატებას, თვალი არ მეცესო.

- თვითონ რომ არის ეგეთი, სხვაზეც იმიტომ ფიქრობს ასე, სხვისი სიკეთე შურს და პირიქითაც იგივე ჰგონია. რა თვალი უნდა მეცეს, რის თვალი უნდა მეცეს?!

- ამ ყველაფერს მაინც იქამდე მივყავართ, რომ ადამიანი უფალს დაშორდა...

- უფალი გეუბნება, უნდა ლოცავდეთ თქვენს მაწყევრებს, მაგინებლებსო; ვინც ცუდად გექცევათ, თქვენ კარგად მოექეცითო, მტრები შეიყვარეთო. მტრები კი არა, დედმამიშვილები აღარ უყვართ, მათ წინააღმდეგ მიდიან და ეს ურწმუნობიდან მოდის. შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს, მაგრამ ურწმუნოზე უფრო ურწმუნო იყოს. სახარებაში ყველაფერი წერია, ახალი აღთქმა ის წიგნია, სადაც ყველაფერზეა პასუხი გაცემული. პავლე მოციქული­ პირდაპირ ამბობს ეპისტოლეში, ქრისტიანებს ეუბნება, თქვენგან იგმობა ღმერთი წარმართებშიო. ის პატიოსანი წარმართი რომ ხედავს ქრისტიანს, რომელიც საშინლად იქცევა, ამბობს, თუ ეგ არის ქრისტიანობა, მაშინ ასეთი ქრისტიანობა არ მინდაო.­ ამიტომ ყველა ქრისტიანი ვალდებულია საკუთარ საქციელს ჩაუღრმავდეს და მაგალითი იყოს სხვებისთვის.

- თქვენს მრევლში თუ შეგინიშნავთ ერთმანეთთან დაპირისპირება ამა თუ იმ საკითხზე?

- არც მე ვეთანხმები ბევრს და ქადაგებებშიც მითქვამს, რომ არ უნდა იდგე დედაეკლესიისა და პატრიარქის, შენი ღირებულებების მაგინებლების გვერდით. ჩემს მრევლში არიან ისეთებიც, ვინც აქციაზე დგანან, ამის გამო არ ვუპირისპირდები, მაგრამ ჩემს აზრს, ცხადია, ვეუბნები, არ მომწონს, რომ შენ მათთან ხარ, რადგან ის ადამიანი ჩემთვის არის უსამშობლო, არ უყვარს ქვეყანა, აგინებს ყველაფერს, რაც ქართულია - ღვინოს, მინერალურ წყალს, მეფეებს; ეზიზღება და სძულს ყველაფერი ქართული - არ უნდა საკუთარ შვილს საკუთარ ენაზე ესაუბროს.

- ნიკა გვარამიას გულისხმობთ? თქვენ ქადაგებაშიც აღნიშნეთ მასზე...

- მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი მრევლისთვის კი მითქვამს, ვერ წარმომიდგენია, მათთან როგორ დგახარ-მეთქი.

- როგორია მათი პასუხი?

- თავიანთი არგუმენტები აქვთ, რომ დაიღალნენ ამდენი წელი ერთი და იმავე მთავრობის ყურებით და ცვლილებები უნდათ, სხვა ალტერნატივა კი ამ ეტაპზე არ ჩანსო. გულწრფელად ჰგონიათ, რომ ახლა სწორ პოზიციაზე დგანან და მე მათ აზრს პატივს ვცემ. მე შეიძლება მეგობარი ათეისტი მყავდეს, მაგრამ ამის გამო ხომ არ მოვიძულებ? პოლიტიკური შეხედულებების გამო ბავშვობის მეგობრებთან ან ჩემს მრევლთან ურთიერთობას ხომ არ შევწყვეტ? ჩვენ ყველა ადამიანთან ურთიერთობა გვევალება, მაგრამ არც ისე ვიზამ, რომ ჩემი აზრი არ ვუთხრა, რომ მაგალითად, წმინდა­ გიორგობას მორწმუნე­ ადამიანი ტაძრის ნაცვლად ქუჩაში არ უნდა იდგე. პირველ რიგში, წირვა-ლოცვას დაესწარი, ღმერთს შესთხოვე ქვეყნის შეწევნა და მერე გადი აქციაზე.

- ჩვენს ამგვარ დაპირისპირებას ხომ მსოფლიო უყურებს, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ასევე, ჩვენი მოძმეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და როგორ უნდა გაუჩნდეთ ჩვენთან შერიგების სურვილი?

- მჯერა, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში და ჩვენ, აფხაზები და ოსები აუცილებლად ერთად შევძლებთ ცხოვრებას. ეს დღე უეჭველად დადგება. ამ ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება და ღვთის მადლით წინ წავა. ეს ქვეყანა თავის გზას აირჩევს და ღმერთთან ვიქნებით აუცილებლად. ერთადერთი რამ გვიშველის - ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი მფარველები არიან ღვთისმშობელი და წმინდანები, სხვა დამხმა­რე არავინ გვყავს. თუ ჩვენ ღვთისკენ არ ვივლით, არაფერი გვეშველება. როცა ერი ღვთისკენ მიბრუნდება, მაშინ დაბრუნდება აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.

- ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა ეპოქაში­ უამრავი გმირი ჰყავდა. დღეს ზოგისთვის გმირობა სხვაგვარად აღიქმება და ამ "რეგალიას" მარტივად აწებებს არაფრით გამორჩეულ ადამიანებს. თქვენთვის რას ნიშნავს ეს სიტყვა?

- გმირობა თავგანწირვაა. მარიტა მეფარიშვილმა, 13 წლის გოგონამ, თავგანწირვის უდიდესი მაგალითი გვაჩვენა, ისევე, როგორც მისმა მეგობრებმა - ანდრემ და ლაზარემ, რომლებიც ბურთის გამო იმ ცივ წყალში შევიდნენ და როცა საფრთხე მათ შეექმნათ, მერე მარიტა შევიდა მათ გადასარჩენად. ესაა მეგობრობა, რაც გააკეთეს ერთმანეთისთვის. ამ ბავშვების ისტორია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. როცა ადამიანს ეგოიზმს აჩვევ, მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულს, მისგან თავგანწირვას ვერ მიიღებ, ის გმირი ვერასდროს გახდება­. ადამიანმა საკუთარი თავის უარყოფა უნდა ისწავლოს, რომ გმირი გახდეს. სულ მახსენდება მარიტას ის ჩანაწერი, რომელიც იმ დილით გააკეთა, თითქოს ელოდებოდა, რომ უნდა გასულიყო ამ ქვეყნიდან: "ყველა­ წავა... უსასრულო არაფერია... იქ ძალიან ლამაზია". დიახ, ყველა უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ყველა წავალთ, უსასრულო ამქვეყნად არაფერია, იქ მართლაც ძალიან ლამაზია და იქ რომ მოხვდე, მარიტასთანა გმირი უნდა იყო, თავგანწირვა შეგეძლოს.

დღეს ზოგს თავისუფლება ჰგონია, რასაც მინდა, იმას ვაკეთებო. პავლე მოციქული ამბობს: მე ყველაფრის კეთება შემიძლია, მაგრამ რისი კეთებაც შემიძლია, ყველაფერი სასარგებლო არ არის. მე გავაკეთებ მხოლოდ იმას, რაც სწორიაო. თავისუფლება ღვთის ნების აღსრულებაა. როცა თავის უფალი ხარ, შენი ვნებები კი არ გმართავენ, არამედ შენ მართავ მათ; შენი შეხედულებები კი არ გმართავენ, შენ მართავ შენს შეხედულებებს, შენ ხარ წარმმართველი შენი ცხოვრებისა და შენი ფიქრებისა. ეს არის ნამდვილი თავისუფლება. დღეს კი ადამიანებს საკუთარი ვნებების დაკმაყოფილება ჰგონიათ თავისუფლება.