„ერთად უნდა ჩავსულიყავით აფხაზეთში, ახლა კი...“ - კვირის პალიტრა

„ერთად უნდა ჩავსულიყავით აფხაზეთში, ახლა კი...“

"ლიოვა, ჩვენო ძვირფასო მეგობარო, ვეღარ დაგეხმარებით... ნამდვილი მეომარი, ძლიერი და მამაცი, საიმედო მეგობარი იყავი... დაე, შენმა ხსოვნამ დაამარცხოს სიკვდილი, შენ მუდამ იქნები შენი ძმების გულსა და მეხსიერებაში", - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ოდესის 126-ე ბრიგადის 220-ე ბატალიონის მესამე ასეულის მეთაური იგორ ხალუსი ქართველ მებრძოლს, რომელიც უკრაინაში გმირულად დაეცა.

ლევან ლოხიშვილი კიდევ ერთი ქართველია, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ომს შეეწირა. 24 წლის ქართველი მეომარი 19 ნოემბერს ხერსონის ოლქში დავალების შესრულებისას დაიღუპა. მისი თანამებრძოლი და მეთაური ალექსანდრე როგავა გვიყვება: „"დავალებაზე ერთად ვიყავით გასული. ერთი საათი ვიმუშავეთ და მალევე დრონის ხმა გავიგეთ. ხელნაკეთი დრონი მოფრინავდა... სულ ოთხნი ვიყავით, ყველამ ვცადეთ საფრის მოძებნა. რაღაც მომენტში ლევანს შევხედე, თითქოს იღიმოდა. ზოგადად, ღიმილიანი სახე ჰქონდა... ის იყო, ლევანმაც შემომხედა და დრონი პირდაპირ მას დაეცა. მის თვალებში შიში არ დამინახავს, ყველაზე მამაცი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობ. ლევანი დაიღუპა, კიდევ ერთ მებრძოლს დრონის ნამსხვრევი მოხვდა და დაიჭრა, ერთმა კონტუზია მიიღო".

ასეულის ჯგუფი, რომელშიც ლევანი მსახურობდა, ძირითადად, მოხალისეებისგან შედგება. როგორც ასეულის მეთაური და თანამებრძოლები ამბობენ, ლევანი მათთვის უდიდესი დანაკარგია. „

"საოცრად მოქნილი იყო, სავარჯიშო პოლიგონზე ყველა დავალებას ხუთიანზე ასრულებდა. ბრძოლის ველზეც არაერთხელ გამოიჩინა თავი. იმდენჯერ ჩამოაგდო დრონი, ბოლოს ვეხუმრებოდი, ცოტა ხანში ჩიტებზე ნადირობაზე გადახვალ-მეთქი. პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი იყო, სულ პოლიგონზე სავარჯიშოდ იწევდა. ჰქონდა თუ არა დავალება, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე. საოცარი იუმორი ჰქონდა, ყველაფერს ხალისით აკეთებდა. ამბობენ, ადამიანი სიკვდილს წინასწარ გრძნობს და ამ დროს სევდიანიაო. ლევანი სევდიანი არასდროს ყოფილა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მის თვალებში სინათლის სხივი იდგა", - გვიამბობს მისი თანამებრძოლი.

ლევან ლოხიშვილი უკრაინაში 2022 წლის 29 მარტს ჩავიდა. მანამდე პროფესიონალი მზარეული იყო, თუმცა სამხედრო-სავალდებულო სამსახური გავლილი ჰქონდა. ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ ცოტა ხნით საქართველოში დაბრუნდა, 2024 წლის გაზაფხულზე კი კვლავ უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა.

"ლევანი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გავიცანი. პირველად რომ ვნახე, 30 წლის მეგონა, მაგრამ მაინც ვკითხე ასაკი. უხერხულად გაიცინა და მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ასაკსო? მერე რამდენჯერმე კიდევ ვკითხე, მაგრამ ცოცხალი თავით არ მეუბნებოდა. ერთ დღეს სალონში წავედით. დალაქს მეტისმეტად მოკლედ მოუვიდა წვერის შეჭრა. შევხედე ლევანს და ვუთხარი, 18 წლის ხარ, მეტის არ იქნები-მეთქი. მხოლოდ მაშინ მითხრა, 21 წლის ვარო. ვეუბნებოდი, უკრაინაში კარგი გოგო უნდა გაგაცნო-მეთქი. არაო, თავს იგიჟებდა, ცოლად მხოლოდ ქართველი გოგო უნდა მოვიყვანო, ჩემი შვილები ქართველმა დედამ უნდა გაზარდოსო.

ხშირად იხსენებდა 2008 წლის აგვისტოს ომს. ამბობდა, პატარა ქვეყანა დაგვჩაგრეს, მაგრამ უკრაინა დიდია და შანსი მაქვს, მტრის დამარცხებაში ჩემი წვლილი შევიტანოო. ოცნებობდა, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ ბიჭებს ერთი დანაყოფი გაგვეკეთებინა და აფხაზეთი გამოგვეხსნა რუსეთის ტყვეობიდან. არც თავად ისვენებდა და არც ჩვენ გვასვენებდა, სულ გეგმებს აწყობდა, თავადაც ხომ სულ ვარჯიშობდა და ჩვენც გვეუბნებოდა, რომ კარგად მოვმზადებულიყავით წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ერთად უნდა ჩავსულიყავით აფხაზეთში, ახლა კი.... ბრძოლის ველიდან ჩემი ხელით გამოვიყვანე, ჩემი უმცროსი ძმა", - გვიამბო ალექსანდრე როგავამ.

ხათუნა ბახტურიძე