აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაინიშნა - კვირის პალიტრა

აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაინიშნა

ასლან ბჟანიას გადაყენების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება­ დაიწყო. დე ფაქტო პარლამენტმა თარიღი უკვე გამოაცხადა - 2025 წლის 15 თებერვალი. ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ადგურ არძინბაა, რომელიც ქუჩის გადატრიალების მეთაურთა სამეულიდან ერთ-ერთია და გამარჯვების დიდი შანსი აქვს. კენჭისყრას ისევ აპირებს გადაყენებული­ ბჟანიაც. ის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრ­ ალექსანდრე ანქვაბის გუნდის წევრია და კრემლის მხარდაჭერის იმედიც აქვს. მისი მომხრეები ავრცელებენ ნარატივს, რომ რუსი ოლიგარქების შესახებ საინვესტიციო შეთანხმების ჩავარდნა მოსკოვისთვის იმდენად დიდი შეურაცხყოფა იყო, კრემლი არ დაუშვებს ანტირუსი ოპოზიცია მოვიდეს სეპარატისტულ ხელისუფლებაში. მთელ ამ ორომტრიალში ჯერ ისევ ჰაერშია გამოკიდებული რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების­ ბედი. რუსულ მედიაში გაჩნდა ინფო­რ­მაცია, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. არჩევნ­ების შემდეგ მოსული "პრეზიდენტი" ხელშეკრულებას განახლებული სახით დაამტკიცებს.

რისთვის იბრძვის ე.წ. ოპოზიცია

სანამ "საარჩევნო" მარათონი ოფიციალურად გაიხსნება, აფხაზეთში დისკუსია სამ საკითხზე მიმდინარეობს. კვირის დასაწყისში ბჟანიას გუნდსა და ოპოზიციას შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდა ე.წ. გენერალური პროკურორის პოსტის გამო. მოქმედ ე.წ. გენპროკურორ ადგურ აგრბას უფლებამოსილება 12 დეკემბერს ეწურება, ის ბჟანიას გუნდის წევრია და გუნდს მისი პოსტზე დარჩენა კიდევ 5 წლით სურს, ოპოზიცია კი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ე.წ. არჩევნებამდე დანიშვნები არ მოხდეს.

ასევე დაიწყო მსჯელობა­ ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობაზე. 26 ნოემბერს აფხაზებმა დე ფაქტო კონსტიტუციის მიღების დღე აღნიშნეს. ამ დღეს შეიქმნა მანიფესტი,­ სადაც ნათქვამია, რომ ტრადიციად ქცეული ქუჩის ამბოხებისაგან­ თავის დასაზღვევად მნიშვნელოვანია "არჩე­ვნებამდე"­ "კონსტიტუციის" სასწრაფო ცვლილება, რათა შეიზღუდოს ე.წ. პრეზიდენტის ძალაუფლება. მთავარი მოთხოვნაა, არჩევნები პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს და ე.წ. სახელმწიფო მმართველობა გახდეს შერეული, სადაც ე.წ. პარლამენტს მთავარი როლი ექნება­ "მთავრობის" ფორმირებასა და კონტროლში. დე ფაქტო პარლამენტში გადაწყდა, რომ ცვლილების განხილვა გადაიდოს "არჩევნების" ჩატარების შემდეგ... გასული კვირის დიდი დისკუსიის საგანი იIყო გადატრიალების მთავარი მიზეზი­ - რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმება. ბჟანიას გადაყენების მეორე დღესვე ე.წ. ომის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაამ" მოითხოვა, პარლამენტს სწრაფად განეხილა და ხმა მიეცა­ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, ან "აღმასრულებელ ხელისუფლებას" გაეწვია დოკუმენტი. ამ მოთხოვნიდან ერთ კვირაზე მეტია გასული და ხელშეკრულების ბედი ისევ გაურკვეველია. რუსული მედიის ცნობით, ოპოზიციონერი "დეპუტატი" კან კვარჩია აცხადებს, რომ აფხაზეთს შეუძლია დადოს განახლებული საინვესტიციო შეთანხმება რუსეთთან, როცა აფხაზეთს ახალი­ "პრეზიდენტი" ეყოლება. კომპრომისი შეიძლება იყოს ინვესტიციების რამდენიმე მილიარდი რუბლით გაზრდა, მაგალითად, 2 მილიარდი რუბლის ნაცვლად შეღავათებით ისარგებლებს ის ინვესტორი, ვინც 5 ან 6 მილიარდ რუბლს ჩადებს და გადაი­ხდის მხოლოდ დღგ-ს განახევრებულ გადასახადს. კვარჩიას თქმით, აფხაზებისთვის მტკივნეული იქნება, თუ მსხვილი რუსი ინვესტორები მცირე და საშუალო ბიზნესის­ საკვანძო - ტურიზმისა და ლოჯისტიკის სფეროებში შევლენ და 8 წლის განმავლობაში არ გადაიხდიან გადასახადებს. ასევე სადავოა საკითხი, როდესაც რუსი ინვესტორისთვის ყველა რისკსა და ხარჯს, ძირითადად, აფხაზური მხარე იღებდა. კვარჩიას ამ განცხადების შემდეგ ბჟანიას მომხრე ტელეგრამარხებზე დაწერეს, რომ ოპოზიცია ცდილობს ამ მესიჯით გაანელოს მოსკოვის ბრაზი ოპოზიციაზე და მეორე - საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას თავად ოპოზიცია აპირებს, რაც ნიშნავს, რომ რატიფიკაციის წინააღმდეგ პროტესტი პუტჩისტებმა გამოიყენეს საბაბად ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

ალექსანდრე კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი: - აფხაზეთის დე ფაქტო პოლიტიკური ველი გადანაწილებულია ორი პირობითი კლანის ირგვლივ - ერთია არძინბას კლანის ირგვლივ ფორმირებული ინტერესჯგუფი, მეორე კი ალექსანდრე ანქვაბის ირგვლივ. ასლან ბჟანია ანქვაბის ჯგუფის წევრია, ის ხელისუფლებაში არძინბას ჯგუფის წევრის, რაულ ხაჯიმბას გადაყენების შემდეგ მოვიდა. წინა ორი ქუჩის პროტესტის დროს მოსკოვი არბიტრის როლში იყო, ორივე­ მხარე კონტროლირებადი და მისაღები იყო მისთვის, ამჟამად კი კრემლს ოფიციალურად თითქოს ნეიტრალური პოზიცია უჭირავს, მაგრამ რუსულ პროპაგანდისტულ არხებსა და რესურსებს განსხვავებული ნარატივი აქვთ, ხშირად ხმარობენ ტერმინს "პუტჩისტები". მიაჩნიათ, რომ ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლევან მიქაა ხელისუფლებაში უკანონო გზით მოსვლას ცდილობენ, რომ ამ ტრიუმვირატს თურქეთის სპეცსამსახურები მართავენ, ასევე დავალებებს იღებენ დასავლური ფონდებიდან და ისინი უცხოეთის აგენტები არიან. მათ აბრალებენ ანტირუსულ ისტერიკას. რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით აგრესიულია კან კვარჩიასა და ლევან მიქაას მიმართ და მათი დასჯის სხვადასხვა ზომას განიხილავს. როგორც ამბობენ, ადგურ არძინბა ცდილობს მოსკოვში გამონახოს კონტაქტები რუსეთის ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ ის რუსული ინტერესების გატარებას გააგრძელებს, თუმცა ამავე წყაროების მიხედვით, არძინბას ცდას შედეგი არ მოჰყოლია და რუსეთის ხელისუფლება ყველანაირი ხერხით შეეცდება ბჟანიას გუნდს მოაპოვებინოს გამარჯვება.

- ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლევან­ მიქაა, რა ინტერესების ხალხია.

- ადგურ არძინბა ხაჯიმბას დროს ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი იყო. მოსკოვში სწავლობდა, ბრიტანეთში ეკონომიკაში მოკლევადიანი კურსი გავლილი აქვს. დიდი ალბათობით, ის იქნება ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი. მისი მინუსია, რომ არა აქვს ფინანსური რესურსები,­ როგორც კან კვარჩიასა და ლევან მიქაას. ისინი უფრო ნაციონალისტური რიტორიკით გამოირჩევიან.

- ახალ ტრიუმვირატს ანტირუსობას აბრალებენ. რეალურად, არიან ანტირუსები?

- აფხაზ ელიტაში პატრონისა და კლიენტის ურთიერთობის პრინციპი მოქმედებს. აფხაზებს სურთ რუსეთიდან მიიღონ ბენეფიტები: მაგალითად, უსაფრთხოების, საქართველოს მიერ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისგან დაცვა, ეკონომიკური დოტაციები, პენსიები, რუსეთის მოქალაქეობა და ა.შ. თუმცა ამასთან სურთ შეინარჩუნონ დემოგრაფიული სტატუს-კვო. მათი სტატისტიკით აფხაზეთის მოსახლეობის 51% აფხაზია, რაც აშკარად გაბერილი მონაცემია, მაგრამ სურთ ეს სურათი შენარჩუნდეს და ამიტომ ეწინააღმდეგებიან რუსების დასახლებას. აპარტ-ოტელების შესაძლო მშენებლობის საკითხი სწორედ დემოგრაფიულ საკითხს მიება. გარდა ამისა, აფხაზებს სურთ არ შეექმნას საფრთხე ადგილობრივ ბიზნესს. თუკი რუსი ინვესტორი დაიწყებს ბიზნესს, რომელსაც დეველოპერული პროექტების გამოცდილება აქვს, აფხაზებთან კონკურენციას ყოველთვის მოიგებს. აფხაზები შიშობენ, რომ რუსები მთავარი ეკონომიკური აქტორები გახდებიან, აფხაზები კი - მათი მოსამსახურეები. ოპოზიციამ ეს ორი მიმართულება გამოიყენა ბჟანიას წინააღმდეგ კამპანიაში.

აფხაზეთში რუსეთის ინტერესებს ატარებს ყველა დე ფაქტო ხელისუფლება, სხვანაირად წარმოუდგენელია. აქამდე რუსე­თის ინტერესების ხისტად გამტარად ხაჯიმბა­ უფრო იყო, ვიდრე ანქვაბი ან ბაღაფში, ისინი შედარებით რბილად მოქმედებდნენ. ბჟანიას ისეთ დროს მოუწია "პრეზიდენტობამ", როცა რუსეთს გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ბრძოლა აქვს, კრემლს აფხაზეთში ნავის შერყევა არ სჭირდება და ამდენად ახლა ბჟანიაზე აქვთ აქცენტი.

- კან კვარჩიამ რუსულ მედიასთან თქვა, რომ საინვესტიციო შეთანხმების მიღება შესაძლებელია, თუკი მასში ცვლილებები შევა. გამოდის, ოპოზიციამ ეს დოკუმენტი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში საბაბად გამოიყენა?

- საინვესტიციო ხელშეკრულება და აპარტ-ოტელების კანონი რომ გასულიყო, ფულს ბჟანიას კლანი იშოვიდა და არა ოპოზიცია... კვარჩიას შერბილებული განცხადება რუსეთის კულუარული რეაქციის შედეგია. ტრიუმვირატი ცდილობს რუსი კურატორები დაარწმუნოს, რომ არ შეეწინააღმდეგებიან მათ ინტერესებს.

- როგორი იქნება სეპარატისტული პოლიტიკა, თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს?

- თუკი ოპოზიცია მოიგებს, რუსეთი თავის მოთხოვნებს ისევ დაუბრუნდება და მიზანს მიაღწევს. გარდა ამისა, ოპოზიციას დასჯის, რადგან მოსკოვისთვის საინვესტიციო ხელშეკრულების გამო ამბოხის მოწყობა ისეთი დონის შეურაცხყოფაა, როგო­რიც, მაგალითად, როსტოვის ოლქმა ადგილობრივ დონეზე რომ თქვას უარი რომელიღაც კანონის მიღებაზე. მიაჩნიათ, რომ ეს მოსკოვის რეგიონული პოლიტიკის დიდი ჩავარდნაა და სხვადასხვა სცენარს განიხილავენ: დოტაციების შეჩერება, აქტიური ოპოზიციონერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმება... რუსული პროპაგანდისტული არხები აღნიშნავენ, რომ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებაში ივანიშვილს დამატებითი კოზირი გაუჩნდება რუსეთთან სალაპარაკოდ, საქართველოს მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ.

- რეალურია რუსული პროპაგანდა, რომ რუსეთმა შეიძლება დათმოს აფხაზეთი?

- კონფედერაციის საკითხი, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი, კრემლის მაგიდაზე დევს. ზუსტად რა ფორმატის კონფედერაციაზეა საუბარი, არ ვიცით. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, უკრაინის საკითხზე, როგორი ექნება გეოპოლიტიკური პოზიციები და თბილისთან ურთიერთობა.

- ადგურ არძინბას შესაძლო გამარჯვების შემდეგ რა პოლიტიკას უნდა ველოდოთ გალელი ქართველების მიმართ?

- თუ ეს ჯგუფი მოვიდა, შოვინისტური პოლიტიკის გატარების ფუფუნება აღარ ექნებათ, რადგან მოსალოდნელია, რომ რუსეთმა მათ ეკონომიკური დახმარება შეუჩეროს, ამ სიტუაციაში კი პირველი, ვისთანაც ეს ჯგუფი მივა, ეს ოფიციალური თბილისი იქნება. არძინბას ჯგუფი იძულებული იქნება უფრო რბილი პოლიტიკა ჰქონდეს გალელ ქართველებთან.

ვინ არიან ოპოზიციის ლიდერები

საპროტესტო აქციებს ოპოზიციის სამი ლიდერი ხელმძღვანელობდა: კან კვარჩია, ლევან მიქაა (მიქავა; გვარი აფხაზურ ყაიდაზე აქვს გადაკეთებული), და ადგურ არძინბა. სამივე სხვადასხვა ფორმიით დაკავშირებულია არძინბა-ხაჯიმბას კლანთან. "დეპუტატი" კან კვარჩია რაულ ხაჯიმბას დროს სოხუმის დე ფაქტო მერი იყო, მამამისი კი დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე. ლევან მიქაა აფხაზი საბჭოთა მწერლისა და ისტორიკოს ბაგრატ შინკუბას შვილიშვილია. ის შოვინისტური მოძრაობა "ხარახ პიცუნდას" კოორდინატორია. როგორც ბჟანიას პროპაგანდა ავრცელებს ცნობებს, ის ანტირუსი და თურქეთის გავლენის აგენტია. ოპოზიციასა და არძინბა-ხაჯიმბას კლანში ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი ადგურ არძინბაა, რომელიც ხაჯიმბას დროს დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი იყო. 2020 წელს ბჟანიასთან ერთად მონაწილეობდა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში და დამარცხდა. მომავალ ვადამდელ "არჩევნებზე" მას "პრეზიდენტობას" უწინასწარმეტყველებენ.

ეკატერინე ბასილაია