"ახლა საჭიროა ამერიკელებმა კონკრეტულად გვითხრან, თუ რას აპირებენ..." - კვირის პალიტრა

"ახლა საჭიროა ამერიკელებმა კონკრეტულად გვითხრან, თუ რას აპირებენ..."

საქართველოში ურთულესი ვითარებაა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩეროს. თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში პროტესტი არ წყდება. მიუხედავად მანიფესტაციების სასტიკად დაშლისა, მანიფესტანტები გაჩერებას არ აპირებენ. მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის საჯარო მოხელეებმა, დიპლომატებმა, ბიზნესმენებმა ეს გადაწყვეტილება საგარეო კურსის რუსეთისკენ სვლის მტკიცებულებად მიიჩნიეს და ემიჯნებიან ხელისუფლების პოზიციას. პროტესტანტები და მათთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

1-ლ დეკემბერს ცნობილი გახდა ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეჩერდა. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებით "ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო ახლო კავშირის შესაძლებლობა და საქართველო კრემლისთვის მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ აქციებზე გადამეტებული ძალის გამოყენებას, დარბევას მომიტინგეების, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს.

"ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია ჩვენი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტიკორუფციული ძალისხმევების ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა. ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სწორედ ამ უმძიმესი გადაწყვეტილების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ გიორგი გობრონიძესთან:

giorgi-gobronidze.jpg

- 30 წელიწადია ვცდილობთ ამერიკელებთან ურთიერთობების მშენებლობას, გვახსოვს, როგორი წვალებით მიდიოდა ეს პროცესი.

ის, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები შედგა და ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაემსგავსა, ამერიკელების დამსახურებაა. სული რომ გვიდგას და შიმშილით არ ამოვწყდით 90-იან წლებში, სომალის მასშტაბის შიმშილობა რომ არ დაიწყო და რუანდას არ დავემსგავსეთ, სწორედ აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა.

"ქართულმა ოცნებამ" კი მოახერხა და უკიდურესად გააფუჭა ეს ურთიერთობა, კითხვის ქვეშ დააყენა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, უსაფრთხოება, არაღიარების პოლიტიკა, საგანმანათლებლო პროგრამები, არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ფაქტობრივად, ყველა საჯარო უწყება ამ პარტნიორობაზე იდგა და ა.შ.

ერთია პროექტები, რაც ჩანდა, მაგრამ სოფლებში წყალგაყვანილობის მოწესრიგებით, თავდაცვის გაძლიერებით, ყველგან ამერიკული და ევროპული ფული იყო... რომელმა ქვეყანამ მოგვცა ლეტალური იარაღი, ნეტავ ამერიკამ ხომ არა?!

კარგა ხანია ვამბობ, რომ რუსები გამალებით მუშაობენ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისთვის და უკვე აღწევენ მიზანს. საბოლოოდ ისეთი აცდენილი აღმოჩნდა ამ ხელისუფლების შიდა თუ გარე პოლიტიკა რეალობას, ჩვენგანვე დაგებულ საგარეო პოლიტიკურ ხაფანგში გავებით. ამათ ეგონათ, ყველაფერი გაუვიდოდათ. წლებია ვამბობ, რომ პარტნიორებთან არასწორად ვიქცევით. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პირდაპირ ეთერში ჰპირდები, რომ ანაკლიის პორტი აშენდება ამერიკული ინვესტიციით და შემდეგ შემოგყავს ჩინელები, სხვა რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა?! ამით ამერიკის ინტერესებს გლობალურად დავარტყით. თუ ჩინეთი შეძლებს მალაკის სრუტის გვერდის ავლას, რომელსაც ამერიკელები აკონტროლებენ, შეძლებს მისგან დივერსიფიცირებას, ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შეჩერება შეუძლებელი იქნება.

ჩვენ გავაკეთეთ ისეთი რამ, რასაც დიპლომატიაში არავის პატიობენ. ეს ეცოდინებოდათ ხელისუფლებაში, ვიღაცას კისინჯერი ან ბჟეზინსკი რომ ჰქონდეს წაკითხული, ელემენტარულად, საერთაშორისო ურთიერთობის თეორიას იცნობდეს, ბისმარკის მემუარები თუ არა, რამე მაინც ჰქონდეს წაკითხული პოლიტიკასა და დიპლომატიაზე. რაზე ვლაპარაკობ საერთოდ, წერა-კითხვის უცოდინარი პრეზიდენტის დასმას გვიპირებენ, ამ მართლა კალიგულას ცხენის! - სააკაშვილი არ მიყვარს, მაგრამ რა ზუსტად შეაფასა!

ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელი და არც საქართველოში მიმდინარე მიტინგებს უკავშირდება. უბრალოდ, ეს პროცესები კულმინაციად იქცა. ეს იქიდან დაიწყო, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს პირდაპირ ეთერში პირობა მივეცით და ორ კვირაში "გადავაგდეთ". როდესაც ღორებივით ვექცევით პარტნიორებს, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს ანადგურებს. 30 წლის პარტნიორი მოვატყუეთ! ვის რაში სჭირდება ჩვენნაირი არასანდო პარტნიორი ამის შემდეგ! ამ ხელისუფლებამ დაკარგა ყოველგვარი საერთაშორისო ნდობა და საერთაშორისო მასშტაბის თაღლითურ დაჯგუფებად გადაიქცა.

აღარაფერს ვამბობ, ამ ყველაფრის შედეგად რამხელა შიდაპოლიტიკურ მსხვერპლს გაიღებს სახელმწიფო. ერთია, როგორ ჩატარდა არჩევნები და ვინ მისცა ამათ ხმა, და მეორე, როგორ ექცევიან საკუთარ მოქალაქეებს, საზოგადოებას, საკუთარი ძალაუფლებისთვის ადამიანები გაიმეტეს სასტიკად ცემისთვის, უსასტიკესად დარბევებისთვის. ადამიანებს კი არ ელაპარაკებიან, ურტყამენ, ამცირებენ, სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფენ. ამათ რომ ჰკითხოთ, თურმე ზნეობის დამცველები არიან. ზნეობა უპირველესად სიტყვისკაცობაში გამოიხატება და როდესაც 30-წლიან პარტნიორობას ფეხზე იკიდებ, რომელ ზნეობაზე შეიძლება ლაპარაკი?! უზნეო ხარ!

- ქვეყანაში პროტესტი არ წყდება. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, რა ელის საქართველოს?

- ვფიქრობ, ჯერ ამერიკელებისგან უნდა მოვისმინოთ განმარტება, საერთოდ გაწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა თუ კიდევ გვიტოვებენ ხიდებს. ხელისუფლება რომ გვაბოლებს, არიქა, ტრამპი მოვა ხელისუფლებაში და ყველაფერი აღდგებაო, ბლეფია. სწორედ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას დაიწყეს აშშ-ის გადაგდება. ჩემი შეფასებით, არც ხელისუფლების შეცვლა უშველის ამ საქმის უცებ გამოსწორებას. მათ მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან კი არ გაწყვიტეს ურთიერთობა, გაწყვიტეს პარტნიორობა საქართველოს სახელმწიფოსთან. შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელთანაც შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობა. 30 წლის ნაშენები საგარეო პოლიტიკა ერთ დღეში დაინგრა. ის გველის, რომ ქვეყანა იქნება იზოლირებული. ახლა საჭიროა ამერიკელებმა მეტად კონკრეტულად გვითხრან, რას აპირებენ. ვიქნები ძალიან ოპტიმისტი და ვიტყვი, რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა, იქნებ რაიმე პოზიტიურად შეიცვალოს ჩვენს ურთიერთობაში და შორეული მომავლის პერსპექტივა გამოჩნდეს. ისე შეილახა საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით, სირცხვილიც არის ამ სახელმწიფოს წარმოადგენდე. ამიტომაც არის, რომ ელჩები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ პოსტებს.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მივიჩნევ, რომ ეს უნდა შევიდეს დიპლომატიის ისტორიაში იმის მაგალითად, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში, რა არ უნდა გააკეთოს! მე არ ვიცი, ვინ რა დაპირება მიიღო ამის ნაცვლად! რა ილუზიაც არ უნდა შეექმნა რუსეთს, ამაზე წასვლა როგორ შეიძლებოდა?! მოდი, შევიდეთ ღრმად კონსპიროლოგიურ თეორიაში და დავუშვათ, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთი დაჰპირდა ივანიშვილს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან კონფედერაციის შექმნას: პირველი - კონფედერაცია იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დასასრული. ამაზე ხელის მოწერას სჯობია საერთოდ დავივიწყოთ მაგათი არსებობა. რა დღესაც შევქმნით კონფედერაციას, იმავე დღეს დასრულდება დამოუკიდებელი საქართველო - ჩვენ არ გვექნება საგარეო პოლიტიკური ავტონომიურობა, ხმები ყოველთვის გაიყოფა ორი ერთის - თბილისის წინააღმდეგ;

მეორე - რუსეთის ნდობა როგორ შეიძლება?! აგერ გვაქვს სომხეთის მაგალითი. კარგად დავაკვირდეთ, როგორია რუსეთთან მოკავშირეობის ფასი - სომხეთი შევიდა ოდეკაბეში, არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი. რუსეთს მისი დაცვის ვალდებულება აქვს აღებული, მაგრამ დაიცვა, როდესაც სომხეთს ომმა მოუწია?

- გთხოვთ შეაფასოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომ ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე რჩება ერთადერთ ინსტიტუტად ქვეყანაში.

- გასაგებია პრეზიდენტის განცხადება. ამ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი, უმსხვერპლო და ნაკლებად ძალადობრივად განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია. იმედია, ეყოფათ ტვინი, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება, და არ წავლენ საკუთარი თავისა და ქვეყნის შუაზე გაგლეჯის გზით. ჩაატარონ არჩევნები, დაე, მათაც მიაშავონ უსაფრთხოების გარანტიები, ეყარონ მშვიდად, ოღონდ კი ქვეყნის ინტერესი არ გადააყოლონ საკუთარ ძალაუფლებას. წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვარ, დაჯერება მიჭირს - კობახიძე ისე იმუქრებოდა, თითქოს ქართული ავიამზიდები კალიფორნიის ნაპირებთან იყოს მიყენებული. ილუზიაში არიან ტიპები, რეალობას ვერ აღიქვამენ, ვერ ხვდებიან, რამხელა რისკზე მიდიან. თავში ქვა უხლიათ, საქმე მარტო მაგათ რომ ეხებოდეს, მაგრამ მთელი ქვეყანა, თითოეული ჩვენგანი ვართ საფრთხეში.

- ქვეყანაში აგორებულ საპროტესტო ტალღაზეც მინდა ვილაპარაკოთ. ვნახეთ, რა აპათია იყო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში, ოპოზიცია ცდილობდა პროტესტის მუხტის გაჩენას, მაგრამ ამაოდ. კობახიძის განცხადებას ევროინტეგრაციის შეჩერებაზე სპონტანურად მოჰყვა მრავალათასიანი აქცია...

- მართალი ბრძანდებით. ხალხი უსამართლობამ, ევროპული მომავლის დაკარგვისა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების შიშმა გაიყვანა ქუჩაში და ამ შიშს აქვს ობიექტური საფუძველი.

თუ ჩვენ ვერ მივიღებთ უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენი პარტნიორებისგან და რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება კონფლიქტის გაყინვით, მაშინ რეალურად აღმოვჩნდები იმ საფრთხის წინაშე, რომ დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე.

შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული რისკების წინაშე. საქმე შეეხება ძალიან დიდ საფრთხეებს. ბევრი ამბობს, რომ დღეს საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მე "ევროპულს" მოვაშორებდი და ვიტყოდი, რომ ამ ქვეყნის მომავალი დგას ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე. პრობლემა ის არის, ამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი უპასუხოს ამ საფრთხეებს. იმის უნარიც კი არა აქვს, აიტანოს საკუთარი მოქალაქეების პროტესტი. ჩვენ ვხედავთ მიტინგების არა უბრალოდ დარბევას, არამედ პათოლოგიურ სადიზმს - ამას სხვა სახელი არა აქვს. როდესაც წაქცეულ ადამიანს სახეში ურტყამენ, როდესაც ქალებზე ძალადობენ, როდესაც დაჩოქილი გოგო გადაჰყავთ პოლიციის მანქანით და სექსუალურ შევიწროებას აქვს ადგილი, როდესაც ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომელთაც ევალებათ მსგავსი დანაშაულების აღკვეთა, ჩანს, რომ სახელმწიფო ელემენტარულ გამოწვევასაც ვერ პასუხობს. საკუთარი საზოგადოებისგან კრიტიკის მოთმენაც კი არ შეუძლია. გადასული არიან მოსახლეობის ნების ძალით დათრგუნვაზე. ასეთ დროს ვერ ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლებას რაიმე სხვა სერიოზული გამოწვევის გამკლავება შეუძლია. ვხედავთ იმასაც, თუ კრემლი როგორ მანიპულირებს ქართული სახელმწიფოს და ქართველი პოლიტელიტის დაბალი თვითშეფასებებისა და კომპლექსების წყალობით. მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად იქცევა ასე და ხელისუფლებაში ნომრიანი აგენტები გვისხედან. ვითომ სცადეს მულტისექტორული პოლიტიკის გატარება, საბოლოოდ კი ის მოახერხეს, რომ დასავლეთთან 30-წლიანი პარტნიორობა ფეხქვეშ გათელეს.

მიტინგების სასტიკად დარბევის ბრძანება რომ გასცეს, თუ ადამიანში არ არსებობს შინაგანი სისასტიკე, რაც არ უნდა დაავალონ, ვერ გააკეთებს. ციხის ცნობილი ვიდეოჩანაწერი გავიხსენოთ - ერთი პრობლემა ის იყო, რომ სისტემა უშვებდა ასეთი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას, მაგრამ მეორე უბედურება ის იყო, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამას სიამოვნებით აკეთებდნენ. ეს სისტემური სადიზმი, რაც ჩვენს ძალოვან უწყებებში იყო, არსად წასულა. ნორმალური, ოჯახში გაზრდილი ადამიანი გოგოს ფეხით არ შედგება. როგორც აღმოჩნდა, ეს პათოლოგია ამ სისტემისთვის ნორმაა. ამ სისტემურ ძალადობას ვინც ამკვიდრებთ და ამართლებთ, დაფიქრდით, მალე შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ ამ სისტემის მარწუხებში და ასეთივე ძალადობა თავად გამოცადოთ. როდესაც მთავრობა უშვებს ასეთ საშინელებას, უშვებს იმასაც, რომ მთლიანად სპობს ძალოვანი სტრუქტურების ავტორიტეტს. საკუთარი ხელით სპობენ იმას, რასაც ეყრდნობიან - ეს ხომ პოლიციური სახელმწიფოა! თუ იმედი აქვთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, დააშინებენ ამით, ისე, როგორც რუსეთში მოხდა, ძალიან ცდებიან. ქართველი საზოგადოება არ არის კოლექტივისტური საზოგადოება. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული სოციოკულტურული რეკვიზიტი გვაქვს. აქ არ იმუშავებს რუსული მოდელი, ისევე, როგორც არ იმუშავა უკრაინაში იმ რეფორმებმა, რაც საქართველოში გატარდა. ამაზე უარესი ამბები მოუნელებია ქართველ ხალხს - ეს ავიწყდებათ ამათ. შეიძლება რაღაც ეტაპამდე ვინმე შეაშინონ, მაგრამ საბოლოოდ ასეთი მოქცევით სულ უფრო და უფრო ლეგიტიმაციის მიღმა დააყენებენ თავს. რომც დავუშვათ, რომ ეს არჩევნები მოიგეს, როდესაც ხელისუფლება შედის კონფლიქტში საზოგადოებასთან და მასზე ძალადობს, ის ლეგიტიმაციას კარგავს. რაც მეტად გაღრმავდება კონფლიქტი, მით უფრო ლეგიტიმაციის მიღმა აღმოჩნდებიან და უფრო მეტი საჯარო მოხელე, დიპლომატი, ბიზნესმენი თუ რიგითი მომხრე გაემიჯნება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას.