რა მოხდება 14 დეკემბრის შემდეგ!!!
აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, რადგან "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად დებულებებს არღვევდა". მანამდე, ორი დღით ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ "ოცნება" წყვეტს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაც, ცხადია, ევროკავშირზე უარის თქმად და ევროპული კურსის ოფიციალურად შეცვლად იქნა აღქმული. ამ ყველაფერს საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ აქციებს ძალის გამოყენებით შლიან, პროტესტი ძლიერდება. მრავალრიცხოვანი აქციები იმართება რეგიონებშიც. დასავლეთიდან უკვე დაიწყო საუბარი, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტად დარჩება და სათავეში ჩაუდგება საბჭოს, ვინც ამ კრიზისის მოგვარებაზე უნდა იმუშაოს. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ვახტანგ ძაბირაძესა და ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.
"ოცნებას" ახლა ორი გზა აქვს..."
ვახტანგ ძაბირაძე: - ხელისუფლებას არჩევანიც აღარ აქვს. როდესაც "ოცნებამ" აქციების ძალით დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, მან მიზნად დაისახა, როგორმე გადაეტეხა საპროტესტო მოძრაობა და დამარცხდა, ვერ გადატეხა. ეს არ ყოფილა აქციის დაშლა, იყო პირდაპირი მითითება, ეცემათ ხალხი, დაეშინებინათ, დაესახიჩრებინათ. რაც ვნახეთ, ადამიანობის ზღვარს არის გადაცდენილი. ამ წლების განმავლობაში რა აქცია არ გვინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. იმასაც კი ვერ შეადარებ, რაც 9 აპრილის ღამეს ხდებოდა რუსთაველზე. ხელისუფლების გადაწყვეტილება პრინციპში იმეორებს 2007 წლის ნოემბერსა და 2011 წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებებს. საქართველოში ხელისუფლებები რატომღაც ყოველთვის ცდილობენ და ჰგონიათ, ასეთი მოქმედებით რაღაცას აღკვეთენ, მოსახლეობას დააშინებენ, მაგრამ სულ ტყუილად - ამას არასოდეს მოუტანია შედეგი. როგორც ჩანს, საკუთარ ხალხს არც იცნობენ, რადგან ასეთი ძალადობის დროს საზოგადოების პროტესტი კი არ სუსტდება, ძლიერდება. სწორედ ასეა ახლაც. როდესაც ამ ვიდეოჩანაწერებში უყურებ, თუ როგორ იმეტებენ ადამიანებს, ფაქტობრივად სასიკვდილოდ, "ოცნების" როგორი მხარდამჭერიც არ უნდა იყო, თუ სინდისი ოდნავ გაქვს შერჩენილი, რანაირად უნდა თქვა, რომ ხელისუფლება სწორად იქცევა? სწორედ ამან მისცა ბიძგი იმას, რომ საჯარო უწყებებში დაიწყო იმ მოხელეთა პროტესტი, ვისაც სინდისი შერჩენია. ქუჩებში დაწყებული პროტესტი საჯარო უწყებებში გადავიდა და ეს გაგრძელდება, სულ უფრო მასობრივი გახდება, ამის შეწყვეტა შეუძლებელია.
- როგორ ფიქრობთ, "ოცნება" რას იზამს? ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის და როგორ უნდა დაათმობინო?
- "ოცნებას" ახლა ორი გზა აქვს: ან პირდაპირ იარაღი უნდა გამოიყენოს, ან დათმობაზე წავიდეს. ახლა ხელისუფლება ძალიან ცუდ დღეშია, წესით, ამდენს კი უნდა ხვდებოდნენ. ამერიკამ უკვე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, ამას დაემატება ხელისუფლების პირველი პირების სანქცირება და ნელ-ნელა დაკარგავს საყრდენს - სახელმწიფო ვერტიკალს. როგორც გითხარით, ან მასშტაბური რეპრესიები უნდა დაიწყოს, რასაც ქვეყანა ვერ გაუძლებს, ამის რესურსი არ ეყოფა, მაშინ კრემლს უნდა სთხოვოს დახმარება და რუსული ჯარი შემოიყვანოს. გახსოვთ, ალბათ, ყაზახეთში სულ ცოტა ხნის წინ ზუსტად ანალოგიური რამ მოხდა. თუმცა ეს რომც გააკეთონ, არა მგონია, აქ რუსის ჯარის შემოყვანა ივანიშვილს მხარდამჭერებმაც კი აპატიონ. ამიტომ ბიძინა ახლა მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ რიგგარეშე არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი არა აქვს. აქამდე ხელისუფლებას ის პრობლემა ჰქონდა, რომ მიდიოდა აქცია და მისი ორგანიზატორი არ ჩანდა, ამიტომ ვინმესთან ლაპარაკიც კი არ შეეძლოთ. დღეს ასეთი დამლაპარაკებელი უკვე გამოიკვეთა და მოუწევს ბიძინას, პრეზიდენტს დაელაპარაკოს. როგორც ქალბატონმა სალომემ თქვა, უკვე იქმნება საბჭო, რომელიც თავის თავზე იღებს პროცესების მართვას. ამიტომ უკვე გაჩნდა ბირთვი, ვისთანაც ხელისუფლებამ უნდა დაილაპარაკოს. სალაპარაკო თემა კი ერთადერთია - წავიდეთ რიგგარეშე არჩევნებზე, ოღონდ მანამდე უნდა მოხდეს მთელი რიგი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. ეს არის გამოსავალი.
- "ოცნება" წავა ამაზე?
- სხვა გზა არა აქვს, ადრე თუ გვიან, წავლენ და მათთვისვე ჯობს, დროულად წავიდეს. თუ "ოცნება" რიგგარეშე არჩევნებზე წავა, ნამდვილად აქვს შანსი, რაღაც ფორმით დარჩეს პოლიტიკაში. ცხადია, ვეღარ იქნება ერთპიროვნული მმართველი, მაგრამ არჩევნებში ისე კატასტროფულადაც არ დამარცხდება. თუკი ამაზე არ წავა, შეიძლება მერე ისე გვიან იყოს, რომ პოლიტიკაში კი არა, ქვეყანაშიც ვეღარ დარჩნენ.
ხელისუფლება ძალადობის კურსს ჯერჯერობით გააგრძელებს, რღვევის პროცესი სულ ახლახან დაიწყო და ისევ შეეცდება, რომ პრობლემა ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას. იმედია, ბიძინა ივანიშვილი დროზე მოეგება გონს. თუ იმის იმედი აქვთ, ახლა ახალი წელი მოდის და ხალხი ქუჩაში აღარ გამოვაო, ძალიან ცდებიან. ახალ წლამდე ჯერ ერთი თვეა და ასე რომ გაგრძელდეს, რაც ახლა ხდება, რეპუტაციულ ზიანზე არაფერს ვამბობ, ეკონომიკასა და სახელისუფლებო სტრუქტურებს ძლიერ შეარყვეს. ახლა რომც შეძლონ ამ პროტესტის გადაგორება, რაც ძალიან მეეჭვება, დამერწმუნეთ, გაზაფხულზე ისეთი ძალით იფეთქებს, წარმოდგენაც შეუძლებელია.
"ლიდერი, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, ოპოზიციაში არ ჩანს. ეს პრეზიდენტმა იკისრა"
ირაკლი მელაშვილი: - იმის თქმა, თუ რა სურს ახლა ხელისუფლებას, ძნელია. ჩანს, რომ დროის გაყვანას ცდილობენ, აქციების რეპრესიებით დაშლას, რათა მოსახლეობაში ფრუსტრაციამ დაისადგუროს და 14 დეკემბერს დასვან თავისი პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი მეთოდი მათივე საწინააღმდეგოდ მოქმედებს - ბუნებრივია, ასეთ სისასტიკეს, დარბევებს უფრო მეტი ხალხი გამოჰყავს ქუჩაში და კიდევ მეტი გამოვა. ამიტომ ლოგიკას ვერ ვხედავ ხელისუფლების მოქმედებაში, თანაც კარგა ხანია. ახლა განსაკუთრებით საშიში გახდა ეს ყველაფერი, რადგან ეს არაადეკვატურობა ათასობით ახალგაზრდის კისერზე, მათ ჯანმრთელობაზე გადადის. ძალიან მწვავე და უმართავი პროცესია. აქციებს არა ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხალხი იკრიბება სპონტანურად. ამ 30-35 წლის განმავლობაში, როდესაც დიდ აქციებზე ვითარება ძალიან მწვავდებოდა, აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცავებს შორის რაღაც შეთანხმება ხდებოდა ხოლმე სიტუაციის განსამუხტად, რომ პროცესები უბედურებამდე არ მისულიყო. დღეს ესეც კი შეუძლებელია, რადგან აქეთა მხარეს ვის უნდა დაელაპარაკონ ძალოვნები, რომც მოინდომონ? ამიტომ ვითარება ძალიან საშიშ ფორმას იღებს. საშიშია, როდესაც ათიათასობით ადამიანია შეკრებილი. ამ დროს შეიძლება სპონტანურად გავრცელდეს პანიკა და ერთმანეთი გადაჯეგონ. ჩემი თვალით ვნახე, რომ ეს საშიშროება ბოლო დღეებში რამდენჯერმე ძალიან რეალური იყო. ჯერჯერობით, უფლის იმედზე ვართ, რომ მსხვერპლი არ იქნება. "ოცნებას" აღარ აქვს პოტენციალი, რომ ხალხს დაელაპარაკოს.
- ოფიციალურმა ვაშინგტონმა გაწყვიტა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, ანუ, ექსპერტთა შეფასებით, სრულიად მარტონი დავრჩით, "ოცნება" კი არაფრის დათმობას არ აპირებს. რა ბერკეტები რჩება, რომ მმართველმა ძალამ თუნდაც ბელორუსის სცენარი არ გაიმეოროს?
- არ დავმალავ, მწარედ ვცდებოდი, როდესაც სერიოზულად არ მიმაჩნდა, რომ "ოცნება" ასეთ გამწვავებაზე წავიდოდა, რადგან ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა, მაგრამ წავიდა. ერთადერთი ბერკეტი, ალბათ, მაინც ეკონომიკაა. ხელისუფლება ახლა იმაზე დგას, რომ ქვეყანაში სოციალურ პაკეტებს აკმაყოფილებს, დახმარებების სისტემა მუშაობს, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური ზრდა იყო და ეს აძლევს საშუალებას, სოციალური საკითხები მოსახლეობისთვის, რომელსაც დიდი პრეტენზიები არა აქვს და იმითიც ბედნიერია, თუ საჭმელი აქვს, კმაყოფილი ჰყავდეს. ერთ დღეში ლარი 20 თეთრით გაუფასურდა და აშკარაა, რომ ეკონომიკაში ძალიან რთული პროცესები დაიწყება. აი, ეს არის ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რადგან რაც უფრო გამწვავდება დასავლეთთან ურთიერთობა, მით უფრო გაუარესდება ეკონომიკა. ხელისუფლებას ეს ბერკეტიც გამოეცლება ხელიდან და დარჩება მხოლოდ რეპრესიების ბერკეტი, მაგრამ საქართველოში საყოველთაო რეპრესიები შეუძლებელია, ჩვენ არა ვართ არც ჩრდილოეთი კორეა და არც რუსეთი. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, ვინც არ უნდა ყოფილიყო, დიქტატურით დაემყარებინა თავისი ძალაუფლება. ფეოდალიზმის პერიოდშიც კი, მეფის ხელისუფლებაც, თუ შეიძლება ითქვას, ლიბერალური იყო, ჩვენს ბატონყმობასაც კი ვერ შეადარებ რუსულ ბატონყმობას. ერთადერთი დიქტატურა მხოლოდ და მხოლოდ ისევ რუსული დიქტატურაა. ამიტომ შიდა რესურსებზე დიქტატურის დამყარების ცდა მარცხისთვის არის განწირული - ბოლოს 200 ათასი კაცი კი არა, მილიონი გამოვა.
- სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ოცნება" ახლა პრეზიდენტს ვერ "აირჩევს", რადგან ის ყველა შემთხვევაში უკანონო იქნება და ამიტომ რჩება პრეზიდენტად, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება. ამის პარალელურად დასავლეთიდან გაჟღერდა ამ მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოწოდება. რა შანსია, რომ "ოცნება" ამაზე წავიდეს?
- დასავლეთის მოთხოვნა, არ გადაედგათ არადემოკრატიული ნაბიჯები, არ მოეწონათ და ქვეყნის სუვერენიტეტი თავიანთი საჯდომების რბილ სავარძელში დადებასთან გააიგივეს. ნათქვამია, ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარი სუვერენიტეტიაო, და დაახლოებით ასე მოსდით. ცხადია, სავარძლებს არიან ჩაბღაუჭებული, მაგრამ მოუწევთ დათმობა და რა ფორმით, უკვე მათ არჩევანზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან ახლა ის არის ამ ქუჩის პროტესტის ერთადერთი პოლიტიკური მდგენელი. დღეს პოლიტიკური მხარე, ვისაც ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს, მხოლოდ ზურაბიშვილია. მოლაპარაკებას არ ვგულისხმობ, დალაპარაკება აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ა.შ. ამისთვის მხარე ხომ უნდა არსებობდეს? ოპოზიცია საპროტესტო აქციებისგან გათიშულია. კი, დგანან იქ, ძალიან ბევრი წინა ხაზზეც და ამის გამო ჩემი პატივისცემა მათ, მაგრამ პოლიტიკური ლიდერების დანიშნულება ცოტა სხვა რამაა. ისინი უნდა შეადგენდნენ ამ პროცესის მხარეს, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ, როგორც ჩანს, ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან. ამიტომაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ის, როგორც ამ ეტაპზე ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, ხდება პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელი. ამით გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად მასთან უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები, თუ როგორ განიმუხტოს სიტუაცია. ეს, ჩემი აზრით, სწორი და მამაცური ნაბიჯია, რადგან სხვა გამოსავალი ახლა არ ჩანს. ლიდერი, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებზე, ოპოზიციაში არ ჩანს. ეს პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა იკისრა.
რუსა მაჩაიძე